„მშვიდობით, ჩემპიონო!“ - ვაკის პარკის ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა შეძრა

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა ვიცით „გრინსერვის პლუსზე“ და რის გამო იყვნენ დაკავებულები რამდენიმე წლის წინ კომპანიის დამფუძნებლები

ავტორი: მაკა რუხაძე

 

13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში, სამ მოზარდს დენმა დაარტყა. ორი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მესამე - 13 წლის გოგონა, მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა... 13 წლის მოზარდების ერთი უწყინარი და მხიარული „შატალო“ უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა, ტრაგედიით, რომელმაც ქალაქი შეძრა და თითოეულ ჩვენგანს ძარღვებში სისხლი გაგვიყინა... მოზარდებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ და როდესაც მის ამოსაღებად ჩავიდნენ, დენმა დაარტყა, კლასელების გადასარჩენად მარიტაც წყალში შევიდა, მაგრამ... მოზარდებს ვაკის პარკის მებაღე, დევი მეზურნიშვილი მიეშველა, რომელმაც ბიჭების გადარჩენა შეძლო, წყლიდან მარიტაც ამოიყვანა, მაგრამ გოგონას გადარჩენა ვეღარ შეძლეს... 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ჩოგბურთში საქართველოს 2021 წლის ჩემპიონი იყო, ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ვაკის პარკის რეაბილიტაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და პატარა კასკადის განახლებას ითვალისწინებდა. ამ სამუშაოებზე, თბილისის მერიამ 6 500 000 ლარი დახარჯა. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიის მთავარი კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვის პლუსი“ იყო და შადრევნის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე, ის შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს.

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში, მერიამ ცალკე - შადრევანი, ცალკე - ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი კი არა, სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი შეისყიდა, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს მოიცავდა. მისივე თქმით, როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები დედაქალაქს ჩაბარდა. ყველა ასეთი ეტაპი დაექსპერტებული და ჩაბარებულია, მათ შორის, შადრევნის ნაწილი. თვითონ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა არის ხუთას გვერდზე მეტი. ეს დასკვნა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დევს და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

„რაც შეეხება ჩვენს სამსახურებს, ჩვენ ვამოწმებთ, აკრედიტირებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და იმასაც ამოწმებს, არის თუ არა დასკვნა დადებითი. დასკვნა, ცალსახად, ყველა ეტაპზე დადებითი იყო. თითოეულ ეტაპზე, დასკვნაში ნახსენები იყო, რომ შესრულებული სამუშაო პროექტს შეესაბამება და ეს პროექტი ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვითაა შესრულებული. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაო შესრულებული იყო პროექტის შესაბამისად.

„სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ, ამ ეტაპზე, უკვე მივაწოდთ. თუ რამე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ, ამაზე პასუხი ვაგო“, - განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

თბილისის მერიამ ვაკის პარკის აღდგენის პროექტი შარშან დაიწყო. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეკრეაციული სივრცე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის, მთლიანად უნდა მოწესრიგებულიყო. პირველ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო დასასვენებელი სივრცეები და საბავშვო ატრაქციონები. სამუშაოების მეორე ეტაპი მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა. ვაკის პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია, მოეწყო განათების სისტემა.

როგორც აღვნიშნეთ, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას 6 500 000 ლარი დაუჯდა, თუმცა ვაკის პარკის განახლების პროექტის ჯამური ღირებულება, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაობის ჩათვლით, 33 000 000 ლარია.

 

შპს „გრინსერვის პლუსი“

ვაკის პარკის რეაბილიტაცია შპს „გრინ სერვის პლუსმა“ განახორციელა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კობა ხარშილაძე გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვა გახლდათ. მეორე დამფუძნებელი, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში დაიკითხა და ჟურნალისტებთანაც გამოჩნდა, ლაშა ფურცხვანიძე გახლავთ.

სხვათა შორის, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, ლაშა ფურხვანიძე ძველი თბილისის გამგებელი გახლდათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, სწორედ უგულავას მმართველობისას, მერიის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა სახის სახელმწიფო ტენდერებში დაფიქსირებული მაქინაციების გამო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლაშა ფურცხვანიძე დააპატიმრა. უფრო ზუსტად, 2012 წელს, შპს „გრინსერვისი“, ეგრეთ წოდებულ, შავ სიაში შეიყვანეს, თუმცა ხარშილაძე-ფურცხვანიძემ ახალი კომპანია „გრინსერვის პლუსი“ დაარეგისტრირეს და ტენდერებში მონაწილეობა გააგრძელეს. მართალია, ახლა „შავი სია“ გაუქმებულია, თუმცა შეგახსენებთ, რომ კომპანიას, რომელიც „შავ სიაში“ ირიცხებოდა, ტენდერში მონაწილეობა ეკრძალებოდა.

2013 წელს, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები დააპატიმრეს, მაგრამ საკმაოდ სოლიდური გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს.  

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, შპს „გრინსერვისი პლუსი“ სახელმწიფოს შესყიდვებში 2013 წლიდან მონაწილეობს და დღემდე, 73 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

„ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თბილისის მერიამ 2020 წელს დაიწყო და თავად მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევისა და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. თავად მერის, კახა კალაძის თქმით, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე განხორციელდა. პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის განხორციელებაზე - 17 600 000 ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით - 3 500 000 ლარი დაიხარჯა“, - აცხადებენ „ფლანგვის დეტექტორის“ მკვლევარები.

პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „დაგი“ ახორციელებდა, რომლის ვალდებულებაშიც ვაკის პარკში, ზედაპირის მოპირკეთება, მათ შორის, მიწის სამუშაოების, ასევე, დემონტაჟისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების შესრულება შედიოდა. კომპანია ვალდებული იყო, ჩაეტარებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, გაეყვანა კომუნიკაციები, დაეყენებინა განათებები, უზრუნველეყო სხვადასხვა ტიპის ბორდიურებისა და ფილების მოპირკეთება და მონტაჟი. კომპანიას უნდა მოეწყო საბავშვო მოედნები, აღედგინა შადრევნები, მოეწყო ძაღლების სავარჯიშო მოედანი და ველოსიპედების გასაჩერებელი კარკასი. დოკუმენტაციის თანახმად, ვაკის პარკში უნდა მოწყობილიყო სატრენაჟორო სივრცეც, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა ინკლუზიური ფიტნეს აღჭურვილობითაც.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს, თბილისის მერიამ ელექტრონული ტენდერი 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რათა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშოები შეესყიდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 13 000 000 ლარი იყო. ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა საბოლოოდ, შპს „გრინსერვის პლუსმა“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, შპს „გრინსერვის პლუსი“ თბილისის მერიისგან 12 979 867 ლარს მიიღებდა. შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა, დღევანდელი მონაცემებით, კომპანიას აღნიშნული თანხის თითქმის ნახევარი ანუ 6 324 286 ლარი აქვს მიღებული.

 

რა მოხდა ვაკის პარკში?

ფურცხვანიძის თქმით, საქართველოში ჩამოტანამდე აპარატურამ ტესტირება გაიარა და შესაბამისი რეპორტებიც არსებობს. ამასთან, ფურცხვანიძის თქმით, მომხდარი შემთხვევა წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს.

„პასუხისმგებლები ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით ჩატარდა, ყველა საბუთი არსებობს და ეს ნახეს უკვე პოლიციაში, გამოძიება დაადგენს. სანამ ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, შემოწმებული იყო და ამის ტესტირება-რეპორტები არსებობს. ძალიან არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, სამი საათი მუშაობდნენ, აუზში ჩართულში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში გვქონდა ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, მე ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულ ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.

ამბობს, რომ გამოძიებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და მომავალშიც ასე გააგრძელებს. თუმცა გულისტკივილით დასძენს, იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც მთელი სიცოცხლის ბოლომდე, ღმერთმა უკვე მომისაჯაო:

„თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად. მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ ასე არ ხდება. გვქონდა დაყენებული, ტესტირების რეპორტი არსებობს, მე გეტყვით, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი პირადად გაჟონვის ღელე ასე ჰქვია, რომელიც თანხაში გეტყვით და მიხვდებით ღირს 300 ლარი, და არცერთი თავმოყვარე კომპანია კი არა, ბოლო კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც დენია, არ დააყენოს გაჟონვის ღელე. ძალიან მაინტერესებს ექსპერტიზამ დაადგინოს, რა მოხდა, ისეთი რამ მანამდე არ მომხდარა, ბოლო, რა ვიცი, რამდენი წლის განმავლობაში. ნუ, ჩემი გადმოსახედიდან, 25 წლის განმავლობაში, არასოდეს მომხდარა“, – განაცხადა ფურცხვანიძემ.

პრევენციული ზომები

წლების მანძილზე, „ვერსიაში“ არაერთი სტატია თუ ჟურნალისტური გამოძიება გამოვაქვეყნეთ, რომელთა მთავარი თემა, სწორედ სახელმწიფო შესყიდვებში არსებული დარღვევები იყო. დღემდე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებში ასახული დარღვევების უდიდესი ნაწილი, სწორედ არასწორად ჩატარებულ ტენდერებს ეხება, თანაც არც მეტი, არც ნაკლები - საჯარო უწყებებში. ცხადია, ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს და საზოგადოება აუცილებლად გაიგებს, რა მოხდა სინამდვილეში, ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები, თუ - არა. აქედან გამომდინარე, დამნაშავეებიც აუცილებლად დაისჯებიან და კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს, თუმცა მანამდე, სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ორი რამ:

პირველი - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში არსებული ხარვეზების დაუყოვნებლივ გამოსწორება, რასაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება ან ცვლილებათა პაკეტი სჭირდება. ეს ხარვეზები და კანონში არსებული ხვრელები იმდენად ვრცელი თემაა, რომ არაერთ სტატიაში განგვიხილავს, ამიტომ ხარვეზებზე დეტალურად აღარ შევჩერდები. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის კომპანია, რომელიც ამა თუ იმ სამუშაოს სხვა პრეტენდენტზე ნაკლებ ფასად შეასრულებს და ხშირად, სწორედ ეს იქცევს სახელმწიფო აუდიტორების ყურადღებას, განსაკუთრებით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში;

მეორე - სასწრაფოდ უნდა აღდგეს ეგრეთ წოდებული შავი სია. 2018 წელს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გადაწყვეტილებით, „შავი სია“ გაუქმდა, მთავარ არგუმენტად მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დასახელდა. უფრო ზუსტად, საქართველოს მოქალაქეებს სესხები და საბანკო კრედიტები უპრობლემოდ რომ აეღოთ, „შავი სიები“ გააუქმეს. ნაწილობრივ, ეს გასაგებიცაა, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, სწორედ პრობლემური სესხების გამო იყო „შავი სიის“ კანდიდატი. თუმცა, როგორც წესი, მედალს მეორე მხარეც აქვს - სამაგიეროდ, „შავი სია“ რომ გაუქმდა, სხვადასხვა სახის ტენდერებში, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებშიც უპრობლემოდ მონაწილეობენ პირები, რომლებიც მანამდე, სხვადასხვა სახის დარღვევების გამო, „შავ სიაში“ იყვნენ. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ თუ დისკრიმინაციის შიშით, „შავი სია“ აღარ უნდა არსებობდეს, კანონქვემდებარე აქტით, ან ბრძანებით, გნებავთ, განკარგულებით მაინც დაარეგულირეთ ეს საკითხი და სახელმწიფო ტენდერებში მაინც აუკრძალეთ მონაწილეობა იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს, რომლებიც ადრე „შავი სიის“ წევრები იყვნენ.

 

P.S. 18 ოქტომბერს, საღამოს, გაზეთი უკვე აწყობილი გვქონდა, როდესაც შსს-ს საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა და ცნობილი გახდა, რომ 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ცხრა პირი დააპატიმრეს, მათ შორის, „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებელი, ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე და „გრინსერვის პლუსის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები.