დარღვევები ძიუდოს ეროვნულ ფედერაციაში და პრეზიდენტის თანაშემწის მიერ დაფუძნებული შპს-დან შეძენილი ავიაბილეთები

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კონტროლის რა მექანიზმების დანერგვის რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფო აუდიტი ფედერაციას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ძიუდოს ეროვნული ფედერაცია შეამოწმა. აუდიტის დასკვნა, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის - ააიპ „საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის“ 2018-2020 წლების საქმიანობას ეხება. სახელმწიფო აუდიტის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა, როგორც სახელმწიფო შესყიდვებში, ასევე შრომის ანაზღაურებაში და შიდა კონტროლში.

 

ხარვეზები შესყიდვებ

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ, სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, რიგ შემთხვევებში, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა ბაზრის კვლევის და ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა-შეფასების გარეშე ხდებოდა. კერძოდ, სპორტსმენთა შეკრებებზე, სასტუმრო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით, გათვალისწინებული არ ყოფილა მოწოდებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმები,  შეთანხმებული და განსაზღვრული არ იყო სპორტსმენთა კვებისთვის საჭირო მენიუ და მისი ღირებულება. მეტიც, სასტუმრო მომსახურების ერთეულის ღირებულებები გაურკვეველი იყო.

სატრანსპორტო მომსახურების 70%, რისთვისაც 204 147 ლარი დაიხარჯა, ბაზრის კვლევის გარეშე, მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან იყო შესყიდული. მომსახურების დამადასტურებელ დოკუმენტებში არ მიუთითებიათ სატრანსპორტო საშუალებები და არც გადასაზიდი საქონლის დასახელებები. შესაბამისად, გაურკვეველია, რა პარამეტრებსა და ტარიფებზე დაყრდნობით ადგენდნენ სატრანსპორტო მომსახურების თანხებ. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე მომსახურე ორგანიზაციის პირობებშიც კი, საწვრთნელ შეკრებებზე გადასაზიდი ინვენტარის მოცულობისა და მარშრუტის უცვლელობის დროს, ტრანსპორტირების ხარჯი არსებითად განსხვავდებოდა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ, საერთაშორისო ტურნირებსა და შეკრებებზე სპორტსმენთა გამგზავრების მიზნით, ბაზრის კვლევისა და ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე, 967 583 ლარის ღირებულების ავიაბილეთები შესყიდულია შუამავალი კომპანიის, ძიუდოს ფედერაციის კონტროლს დაქვემდებარებული ააიპ „ძიუდოს განვითარების ხელშეწყობის ფონდის“ მიერ 2014 წელს, 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ჯ.ფ. თრეველისგან“. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ამ კომპანიისგან შესყიდული ბილეთის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა სპორტული ფედერაციების მიერ, ანალოგიურ პერიოდში, ამავე მიმართულებით შესყიდული ავიაბილეთების ღირებულებისგან.

გარდა ამისა, „თბილისის გრან-პრი 2018-ის“ ტურნირის ორგანიზების მიზნით, 24 355 ლარის სარეკლამო მომსახურება ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ ხელშეკრულების გაფორმებამდე 20 დღით ადრე, ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის მიერ დაფუძნებული შპს „მიქსიდან“ შეისყიდა!

 

ხარვეზები „თბილისის გრან-პრიზე

სახელმწიფო აუდიტორებმა მთელი რიგი დარღვევები, სწორედ „თბილისის გრან-პრის საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში გამოავლინეს. კერძოდ, გაირკვა, რომ 2018-2019 წლებში, „თბილისის გრან-პრის“ საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსული ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის - IJF-ის დელეგატების, სპორტსმენების, ძიუდოს გუნდებისა და თანამშრომლების შიდა სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები - 76 370 ლარის ოდენობით, ანაზღაურებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არადა, როგორც აუდიტორებმა გამოიკვლიეს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასა და ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას შორის შეთანხმებული პირობებით, ეს ხარჯები შედიოდა სასტუმროს მომსახურების ტარიფებში, რომლის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ტურნირში მონაწილე საერთაშორისო დელეგატების გადახდილი თანხებიდან.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ „ძიუდოს ეროვნულ ფედერაციაში“ დანერგილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე უცხოელ სტუმართა რეგისტრაციისა და მათ მიერ გადახდილი სასტუმრო მომსახურების ღირებულების, მისაღები შემოსავლის (სარგებლის სახით) სისრულის შესახებ სარწმუნოობას. სათანადო დასაბუთების, აღმასკომის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და საშემოსავლო გადასახადის დაკავების გარეშე, 125 800 ლარი, სტიპენდიების სახით, გაცემულია ფედერაციის მწვრთნელებსა და მსაჯებზე.

 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები გამოავლინეს შრომის ანაზღაურების ნაწილშიც. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საშტატო განრიგით გათვალისწინებული ადმინისტრაციასა და მომსახურე პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებითა და ფედერაციის სხვა ოფიციალური დოკუმენტებით, რიგ შემთხვევებში, სამუშაოს აღწერილობები არ განუსაზღვრავთ.

„შრომის დროითი სისტემით ანაზღაურების შემთხვევებში, ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის მექანიზმები ძიუდოს ეროვნულ ფედერაციაში არ დაუნერგავთ. რიგ შემთხვევებში, პრემიების, ფულადი ჯილდოებსა და სტიპენდიების სახით გამოყოფილი თანხები ფედერაციის თანამშრომლებზე განაწილებულია სათანადო დასაბუთებისა და მიმღები პირების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასების გარეშე.

ხარვეზები გამოვლინდა შიდა კონტროლშიც. მაალითად, აღმასკომის მხრიდან, ფედერაციის საქმიანობაზე წესდებით გათვალისწინებული კონტროლი სათანადოდ არ ხორციელდება, კერძოდ, ფედერაციის ბიუჯეტის პროექტი აღმასკომისა და ყრილობის მიერ, არ დამტკიცებულა.

საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის თანამდებობის პირთა და დამხმარე პერსონალის საშტატო ერთეულები და სახელფასო ფონდი, აღმასკომის ნაცვლად, დამტკიცებულია ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. თუმცა ფედერაციას დამოუკიდებელი აუდიტორი მოწვევა და ფედერაციის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმება არ განხორციელებულა. გარდა ამისა, არ წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. არ არის აღრიცხული ფედერაციაში არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. აუდიტის პერიოდში ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერით გამოვლინდა 33 სხვადასხვა დასახელების, 1 199 ერთეული ბუღალტრულად აღურიცხავი მატერიალური ფასეულობა. არ ჩატარებულა აქტივებისა და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია“.

არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქონების ეფექტიანად გამოყენებას.

 

რეკომენდაციები ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას:

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა მთელი რიგი დარღვევები გამოავლინეს, გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რომელთა გათვალისწინებაც ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას აუცილებლად მოუწევს.

„საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ეკონომიურობის პრინციპის დაცვის მიზნით, ფედერაციამ კონტროლის ისეთი მექანიზმები უნდა შეიმუშაოს, რომლებიც ალტერნატიული შეთავაზებების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, უზრუნველყოფენ საბაზრო პირობების შესაბამისი საკონტრაქტო ფასების ჩამოყალიბებას. შემუშავდეს და დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებას სახლის პირობებში − უცხოელი სტუმრების რეგისტრაციასა და სარგებლის სახით მიღებული შემოსავლების სისრულეს.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, დასაქმებული პირის მიერ გაწეული საქმიანობის შეფასების მიზნით, შრომითი ხელშეკრულებით კონკრეტულად განისაზღვროს დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოები ან კონკრეტული თანამდებობრივი პოზიციის მიხედვით, შემუშავდეს სამუშაო აღწერილობები. შრომის ანაზღაურების პროცესში თანაბარი მიდგომის უზრუნველსაყოფად, დადგინდეს ფულადი ჯილდოსა და პრემიის გაცემის წესი, სადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული პერსონალის შეფასების კრიტერიუმები ამ მიზნებისთვის.

„დაინერგოს სააღრიცხვო სისტემა და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ არსებული საფუძვლების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და დამტკიცებას. კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით განხორციელდეს მატერიალურ ფასეულობათა და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვაზე, არსებობასა და ეფექტიან გამოყენებაზე კონტროლს“.