რა ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა აუდიტმა იუსტიციის სამინისტროში

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით მომზადებული ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო შეამოწმა. ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. სახელმწიფო აუდიტორებმა უარყოფითი დასკვნა მოამზადეს და საკუთარი გადაწყვეტილება ასე ახსნეს: „ჩვენი აზრით, იუსტიციის სამინისტროს თანდართული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, მომზადებული არ არის „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად“.

შეუძლებელია, ერთ საგაზეთო სტატიაში ყველა იმ დარღვევის დეტალურად აღწერა, რაც აუდიტორებმა იუსტიციის სამინისტროში აღმოაჩინეს. ამიტომ, შედარებით მნიშვნელოვან და სერიოზულ დარღვევებს გაგაცნობთ. თუმცა, ერთი რამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო - იუსტიციის სამინისტროს ფინანსური სამსახურის თანამშრომლები მარტივ ბუღალტერიაშიც კი ვერ ერკვევიან და საბუღალტრო წესებს რომ არღვევენ, ეს სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს.

 

ხარვეზები ინვენტარიზაციაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოში, 2020 წელს დაწყებული ქონების ინვენტარიზაცია ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1 491 823 ლარის აქტივების დანაკლისი გამოვლინდა, მათ შორის, 491 184 ლარის მარაგების დანაკლისთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, შემდგომი რეაგირების მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს პროკურატურას გაუგზავნა.

„დარჩენილი დანაკლისის რეალური მიზეზების დადგენისა და შემდგომი მოკვლევის მიზნით, საქმე გადაეცა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელმაც საკითხის განხილვის შემდგომ, შემდგომი გამოკვლევისა და სრულყოფის მიზნით, საქმე დაუბრუნა პენიტენციურ სამსახურს. ამ დარღვევის მიზეზია აქტივების არასათანადო კონტროლი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა, იუსტიციის სახლში არაფინანსური აქტივების აღრიცხვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები გამოავლინეს, კერძოდ: არაფინანსური აქტივების უარყოფითი ნაშთები სააღრიცხვო პროგრამაში; არაფინანსურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციები ანალიზური აღრიცხვის გარეშე (საწყისი ნაშთების, დასახელებების, რაოდენობის, დოკუმენტაციის, შინაარსის მითითების გარეშე). გარდა ამ დარღვევებისა, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მოძრავ ძირითად საშუალებებზე, მატერიალურად პასუხისმგებელი პირები განსაზღვრულნი არ იყვნენ, რის გამოც, ფაქტობრივად, ექსპლუატაციაში არსებული მოძრავი ძირითადი საშუალებები კვლავ ცენტრალურ საწყობზე ირიცხება.

„2020 წელს, იუსტიციის სახლს გადაეცა 80-მდე საზოგადოებრივი ცენტრი სერვისების სააგენტოდან, თუმცა ფასეულობების აღრიცხვა პროგრამულად ხდება ერთიანად და არ წარმოებს ანალიზური აღრიცხვა თითოეული ქვეერთეულის მიხედვით. ამ დარღვევის მიზეზია, აღრიცხვა/კონტროლთან დაკავშირებული ნაკლოვანებებია“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, იმ დავების ჯამური მოცულობა, რომლებზეც მიმდინარეობს სასამართლო წარმოება და შესაძლოა, წარმოიქმნას ვალდებულება, 31 685 465 ლარია, ხოლო ისეთი დავების მოცულობა, სადაც უწყებები წარმოადგენენ მხარეს, 527 287 ლარია. აუდიტორების მტკიცებით, იუსტიციის სამინისტროში არ არის შემუშავებული პოლიტიკა სასამართლო დავებთან დაკავშირებით და შესაბამისად, არც სასამართლო დავების მოსალოდნელ შედეგებს აფასებს ვინმე.

 

ხარვეზები სამშენებლო სამუშაოების დოკუმენტებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სერვისების სააგენტოს 10 საზოგადოებრივი ცენტრისა (აბაშის, ასპინძის, ბაღდათის, დედოფლისწყაროს, ვანის, ნინოწმინდის, ჩოხატაურის, ჭიათურის, ხარაგაულის, ხობის საზოგადოებრივი ცენტრები) და იუსტიციის სახლის 3 ფილიალის (ქარელის, წყალტუბოსა და გარდაბნის იუსტიციის სახლები) მშენებლობაზე, 2019-2020 წლებში ჩატარებული ელექტრონული ტენდერების საფუძველზე გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიებთან, ჯამურად გაფორმებულია 13 580 101 ლარის ხელშეკრულება, რის ფარგლებშიც, 2020 წელს გადახდილმა ანაზღაურებამ 8 306 562 ლარი შეადგინა.

„აუდიტის ჯგუფმა, აღნიშნულ სამუშაოებზე, 2020 წელს გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა N2) შეისწავლა. შედეგად, გამოვლინდა პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესასრულებლად საჭირო მასალების დანახარჯების არასწორი დაანგარიშება, რის გამოც, გადასახდელი თანხა ჯამურად გაზრდილია 54 498 ლარით. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სერვისების სააგენტოს ანგარიშზე, კონტრაქტორ კომპანიებს სრულად აქვთ დაბრუნებული ზედმეტად გადახდილი თანხა - 43 683 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის - 10 815 ლარის დაბრუნებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის მიერ სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებთან უკვე დაწყებულია აქტიური კომუნიკაცია“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამ დარღვევის მიზეზია სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის არასწორი გაანგარიშება, რის გამოც, საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად დაიხარჯა.

გარდა ამისა, აუდიტორებმა ისეთი ფინანსური დარღვევებიც გამოავლინეს, რაც დამწყებ ბუღალტრებსაც კი არ უნდა შეეშალოთ. ირკვვევა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ძირითადი აქტივების ანგარიშზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, მშენებარე პენიტენციურ დაწესებულებაზე გაწეული სამუშაოების ღირებულება - 3 145 418 ლარია აღრიცხული. არადა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ეს შენობა ექსპლუატაციაში არაა შესული და ამიტომ, ძირითადი აქტივის ნაცვლად, ეს თანხა კლასიფიცირებული უნდა იყოს, როგორც სხვა, არაფინანსური აქტივი.

„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს, სხვა არაფინანსური აქტივების (დაუმთავრებელი მშენებლობის) ანგარიშზე, ფინანსურ ანგარიშგებში, 2020 წლის ბოლოს ერიცხებათ, შესაბამისად - 1 547 200 ლარისა და 1 368 198 ლარის ფაქტობრივ ექსპლუატაციაში არსებული შენობები. ძირითადი აქტივების ნაცვლად, ეს შენობები არასწორადაა კლასიფიცირებული სხვა, არაფინანსური აქტივების ანგარიშზე“.

 

დარღვევები სსიპ-ების საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო საწარმოებში

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ, 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, უწყების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ-ები) მფლობელობაში არსებული სახელმწიფო საწარმოები არ არის კონსოლიდირებული კაპიტალ-მეთოდით, სააღრიცხვო ინსტრუქციის შესაბამისად.

„2020 წელს, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს არ განუხორციელებია მის მიერ დაფუძნებულ შპს „პერსპექტივაში“ არსებული 825 000 ლარის გრძელვადიანი ფინანსური აქტივის კორექტირება შპს-ის აკუმულირებული ზარალით, რაც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 229 656 ლარია. შესაბამისად, გრძელვადიანი ფინანსური აქტივების ანგარიში გაზრდილია 229 656 ლარით“.

მსჯავრდებულთა მომზადების ცენტრის მიერ, 2020 წელს დაფუძნებული შპს „თოლია-2020“-ის გასული წლის აკუმულირებული ზარალი 15 687 ლარია. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ თანხით, ფინანსური ანგარიშგების მუხლი - „ვალდებულებები აქციებითა და კაპიტალით“, კორექტირებული არ არის.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, ყოველი კვარტლის ბოლოს, კანონმდებლობით ნებადართული საკუთარი შემოსავლების 10% უნდა მიმართონ სახელმწიფო ბიუჯეტში.

აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ- ების 2020 წელს მიღებული ჯამურმა შემოსავალი 114 694 287 ლარი იყო. შესაბამისად, წლის განმავლობაში, ბიუჯეტში უნდა მიემართათ 11 469 429 ლარი, რაც 2020 წელს არ განხორციელებულა! სხვათა შორის, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ეს ხარვეზი 2020 წლის პანდემიით აუხსნეს:

„ამ ხარვეზის მიზეზი 2020 წელს არსებული საგანგებო მდგომარეობა იყო, რის გამოც სახელმწიფო სერვისების გაცემა შეჩერდა. თავის მხრივ, ამან სსიპ-ების შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა და არ არსებობდა საკმარისი რესურსი მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ბოლოს, სსიპ-ების ფულადი სახსრების ანგარიშზე არსებული ნაშთი 2 876 220 ლარით შემცირდა (?!) და მხოლოდ 8 593 209 ლარი იყო“.