60 ახალი სტატია

სკანდალური საიდუმლო სქემა, რომლითაც „ფილიპ მორისი“ ექიმების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მოსყიდვას ცდილობს!

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ ჩაშალა „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული ღონისძიება წინანდალში, რატომაა IQOS-ი ჩვეულებრივ სიგარეტზე საშიში და რას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გახურებადი თამბაქოს, იგივე „აიქოსის“ პოპულარიზაციის მიზნით, თამბაქოს ინდუსტრია ახალ, მარკეტინგულ ხრიკს მიმართავს. მეტიც, ახალი პროდუქტის რეკლამირების მიზნით, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს საზოგადოება და ექიმებიც კი, შეცდომაში შეჰყავს. სამიოდე კვირის წინ, „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, „ფილიპ მორისის“ საქართველოში წარმომადგენლობის დიდი ღონისძიება ჩაშალა წინანდალში, სადაც თამბაქოს კომპანიამ ექიმები, პოლიტიკოსები, იურისტები და ჟურნალისტები დაპატიჟა. ამ ტრენინგებზე, „ფილიპ მორისის“ საქართველოში წარმომადგენლობა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ გახურებადი თამბაქო სიგარეტის ალტერნატივაა და ვისაც თამბაქოს მოწევა აღარ სურს, შეუძლია, „აიქოსზე“ გადავიდეს, რაც სრული სიცრუე და აბსურდია! „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე „ვერსიასთან“ ინტერვიუში იმ სქემას შიფრავს, რომლითაც თამბაქოს ინდუსტრია ექიმების მოსყიდვას ცდილობს.

 

- ბატონო გიორგი, როგორ და რა სქემით ცდილობს „ფილიპ მორისი“ ქართველი ექიმების მოსყიდვას?

- აქ მთავარი ამბავი, მათ მიერ შემუშავებული ახალი პროდუქტის პოპულარიზაციაა და ამ მიზნით, ჯერ კიდევ 2017 წელს, შექმნეს სპეციალური ფონდი, რომელსაც „თამბაქოსგან თავისუფალი მსოფლიოს“ ნაცვლად, „მოწევისგან თავისუფალი მსოფლიო“ უწოდეს. ეს იმიტომ, თითქოს მოწევის ერა დასრულდა, რაც ძალიან კარგად შეეტყო თამბაქოს მოხმარების დრამატულად შემცირებას მთელ მსოფლიოში. ახლა მეორე სუნთქვის შესაძლებლობა გაეხსნათ - ახალი ტიპის გახურებადი თამბაქოს სახით. საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებიც ამერიკის სასამართლომ გახსნა და ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, პირდაპირ აღწერილია სქემა, თუ როგორ უნდა მოისყიდონ პოლიტიკოსები, ექიმები, საზოგადოების ცნობადი სახეები, რათა ახალი პროდუქტის პოპულარიზაცია განახორციელონ. ამ მიზნით, 2017 წელს, შექმნეს „მოწევისგან თავისუფალი ფონდი“, რომლის ბიუჯეტიც, 12 წლის მანძილზე, 1 მილიარდი აშშ დოლარით განსაზღვრეს. ცხადია, ამ სქემაში სხვადასხვა ქვეყნები იყვნენ ჩართულნი და ახლა საქართველოც ჩართეს.

ფაქტობრივად, თამბაქოს ინდუსტრია ხელისუფლებას საბოტაჟს უწყობდა - აცხადებდნენ, რომ გახურებადი თამბაქო განსხვავებული ტიპის, თითქოს ნაკლებმავნე პროდუქტია, რის გამოც მისთვის დაბეგვრის განსხვავებულ რეჟიმს და გადასახადის დაკლებას ითხოვდნენ. რა თქმა უნდა, მთავრობამ ეს არ გაითვალისწინა და სწორადაც მოიქცა. საერთაშორისო კონვენციიდან და ადგილობრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, ერთი და იგივე თამბაქოს ნაწარმი უნდა იბეგრებოდეს შესაბამისად, ამიტომ სააქციზო განაკვეთიც ერთი და იგივე უნდა იყოს. ამის შემდეგ, აჟიოტაჟი შექმნეს, სხვათა შორის, კონტრაბანდასაც კი უწყობდნენ ხელს, რათა საბოტაჟი გაეგრძელებინათ - მთავრობას ეუბნებოდნენ, ნახეთ, გახურებადი თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდა გაიზარდა და აქედან გამომდინარე, გადასახადი უნდა შემცირდეს და ბაზარზე შემოვიდესო. მთავრობამ ამჯერადაც უარი განუცხადა, თან პანდემიის პერიოდში, არ შემოდიოდა თამბაქოს ნაწარმი ქვეყანაში, კონტრაბანდულადაც კი.

ყველაფერ ამის შემდეგ დაფიქრდნენ და ახალი სტრატეგია მოიფიქრეს - გასულ წელს, ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტომ გახურებადი თამბაქოს პროდუქტს ამერიკის ბაზარზე დროებით, ორი წლის მანძილზე, მოდერირებული რისკის პროდუქტის სტატუსი მიანიჭა და შესაბამისად, მისი რეალიზაცია დაუშვა. თუმცა სააგენტომ მაშინვე განაცხადა, რომ ეს ამ პროდუქტის აღიარებასა და რეგისტრაციას არ ნიშნავდა, რაც მთავარია, იქვე დააზუსტა, რომ ეს პროდუქტი ნაკლებმავნე არაა ჯანმრთელობისთვის. ისიც აღნიშნეს, რომ სააგენტო დაეყრდნო თამბაქოს ინდუსტრიის მიერ წარდგენილ კვლევის შედეგებს და სტატუსიც ამის მიხედვით მიანიჭეს. შედეგად, ეს პროდუქტი ამერიკის სავაჭრო ობიექტებში დაუშვეს. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება თამბაქოს ინდუსტრიამ გამოიყენა საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვის და ბევრ ქვეყანაში არასწორად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, პროდუქტის პოპულარიზება დაიწყო, ახლა საქართველოშიც იგივეს ცდილობს. ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს იმ გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე, „ფილიპ მორისმა“ განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე ზარ-ზეიმით შემოდიოდა. ამას მოჰყვა მათი მარკეტინგული საქმიანობაც.

- დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

- როგორც იცით, 2018 წლიდან, საქართველოში, თამბაქოს პროდუქტებთან დაკავშირებული მარკეტინგული საქმიანობა აიკრძალა, მათ შორის, რეკლამა, პოპულარიზაცია, სპონსორობა. მართალია, მარკეტინგული საქმიანობის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა გახურებადი პროდუქტის შესახებ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც, საზოგადოებას გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა. მეტიც, ამ პროდუქტს საკუთარი მომხმარებლებიც ჰყავდა, მაგრამ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მხოლოდ ამერიკის ბაზარს ეხებოდა, თამბაქოს იდუსტრიის წარმომადგენლებმა აქტიური მარკეტინგული ღონისძიებები დაიწყეს, მათ შორის, ოპოზიციურ პარტიებთანაც. სხვათა შორის, კომუნიკაცია ისედაც ჰქონდათ ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიასთან - „ევროპულ საქართველოსთან“.

- რის საფუძველზე აცხადებთ ამას, ბატონო გიორგი, რა ინფორმაციას ფლობთ, როდესაც „ევროპულ საქართველოს“ თამბაქოს ინდუსტრიასთან კავშირში ამხელთ?

- ახლავე აგიხსნით, წინა მოწვევის პარლამენტში, ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა „ფილიპ მორისის“ მიერ შექმნილი კანონპროექტი და სწორედ ეს ფრაქცია ლობირებდა ამ საკითხს. სხვათა შორის, კანონპროექტი სერგი კაპანაძემ გაიტანა პარლამენტში.

- რომელ კანონპროექტს გულისხმობთ?

- მოწევის აკრძალვის კანონპროექტი რომ შევიტანეთ ჩვენ და მიდიოდა განხილვა პარლამენტში, პარალელურად, „ევროპულმა საქართველომ“ დაარეგისტრირა ახალი, ალტერნატიული კანონპროექტი. სწორედ აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ „ფილიპ მორისი“ ამ ოპოზიციურ ჯგუფთან კარგად თანამშრომლობს და მათ შორის, ფინანსურ ვალდებულებებსაც არ გამოვრიცხავ.

- ბრძანეთ, რომ თამბაქოს ინდუსტრია სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც თანამშრომლობსო, დააკონკრეტეთ, ვისთან?

- ყოფილ მინისტრებთან და მინისტრის მოადგილეებთან, რომლებიც, ფაქტობრივად, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. მოკლედ, თამბაქოს ინდუსტრიამ მარკეტინგული კამპანია ყოფილი პოლიტიკოსებისა და ექიმების ჩათრევით დაიწყო. მაგალითად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, სანდრო ურუშაძე „ფილიპ მორისის“ მიერ ორგანიზებული სემინარის ერთ-ერთი მომხსენებელი გახლდათ. ამ ღონისძიებას ესწრებოდა მისი ყოფილი მოადგილე, კოკა ფრუიძე...

- ექიმები როგორ აღმოჩნდნენ „ფილიპ მორისის“ ამ სქემაში?

- თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ექიმებზე ნადირობა დაიწყეს, არ მინდა გვარებისა და სახელების დასახელება, რადგან ბევრი მათგანი გამოეთიშა ამ სამარცხვინო მარათონს. ყველაფერი ასე დაიწყო: წარჩინებულ ექიმებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი სამ სემინარს უნდა დასწრებოდნენ, რათა საკუთარი მარკეტინგული იდეოლოგია განეხორციელებინათ. ახლა აგიხსნით, როგორ შეფუთეს საკუთარი მარკეტინგული კამპანია - ესაა ზიანის შემცირება, თითქოს გახურებადი თამბაქო ნაკლებად ზიანის მომტანია. არადა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ გახურებადი თამბაქო იგივე თამბაქოს პროდუქტია, რომელშიც იმ ტოქსინების გარდა, რაც ჩვეულებრივ თამბაქოშია, სხვა, განსხვავებული ტოქსინებიც გვხვდება, რომლებიც არანაკლებად აზიანებს ადამიანს, ვიდრე თამბაქო.

მთავარი ამბავი ისაა, რომ გახურებადი თამბაქოს პროდუქტს ქიმიურად ამუშავებენ, რათა ისე არ დაიწვას, როგორც თამბაქო, მაგრამ ქიმიური დამუშავების შედეგად, მასში სპეციალურ, ქიმიურ დანამატებს ურევენ, რაც უფრო მეტად ტოქსიკურს ხდის ამ პროდუქტს. ახალი ტიპის ტოქსინების კონცენტრაციაში უფრო მეტი ნიტროზამინები და ფორმალდეჰიდი, ასევე, აკროლეინია, რომლებიც უფრო მეტი კონცენტრაციით შედის კვამლში, ვიდრე ჩვეულებრივ თამბაქოში. ნიტროზამინები კიბოს წარმომქმნელი ნივთიერებებია. მეტიც, ჯანმო-ს განცხადებით, გახურებადი თამბაქოს პროდუქტიც ზუსტად ისევე უნდა რეგულირდებოდეს, როგორც ჩვეულებრივი თამბაქო, იგივეს ამბობს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით, მხარეთა კონფერენციაც, რომელიც 2019 წელს გაიმართა და ამ კონფერენციას მეც ვესწრებოდი. მხარეებმა აღიარეს მაშინ, რომ ელექტრონული სიგარეტი, გახურებადი თამბაქო და ახალი ტიპის პროდუქტი, რომელიც ჯერ არ შექმნილა, მაგრამ შესაძლოა, შექმნას თამბაქოს ინდუსტრიამ, მინიმუმ ისე უნდა რეგულირდებოდეს, როგორც თამბაქოს პროდუქტი. ამერიკის შეერთებული შტატები ამ კონვენციის წევრი არ არის და შესაბამისად, ის თავისუფალია ამ ვალდებულებებისგან. სხვათა შორის, ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს იმ გადაწყვეტილებამ, რომელზეც ინტერვიუს დასაწყისში გიამბეთ, დისონანსი შეიტანა ამერიკაშიც, რადგან ზოგიერთ შტატში აკრძალულია გახურებადი თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია, ზოგან - დაშვებულია.

- გასაგებია. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაშიც ადანაშაულებთ, დაგვიკონკრეტეთ, რატომ?

- იმიტომ, რომ ამ მარკეტინგული ხრიკის საშუალებით, თამბაქოს ინდუსტრია ორი პროდუქტის პოპულარიზაციას ახორციელებს - ელექტრონული სიგარეტისა და გახურებადი თამბაქოსი. გახურებად თამბაქოზე უკვე მოგიყევით, ელექტრონული სიგარეტი შედარებით განსხვავებული პროდუქტია. შესაძლოა, მასში ბევრი დენამატი არ იყოს და ამის დასტურად ინგლისში ჩატარებული კვლევა მოაქვთ, რომელიც „ბრიტიშ-ამერიქან თობაქომ“ დაუკვეთა. ამ კვლევის მიხედვით, თითქოს ელექტრონული სიგარეტიდან 95%-ით ნაკლები რაოდენობით გამოიყოფა ქიმიური ნივთიერებები, რაც ჩვეულებრივ თამბაქოშია. ახლა ეს ორი თემა გააერთიანეს და ამბობენ, რომ გახურებადი თამბაქო ელექტრონული სიგარეტის მაგვარიაო. შესაბამისად, შეცდომაში შეჰყავთ, როგორც პროფესიონალი ექიმები, ასევე, საზოგადოებაც. იმასაც ამბობენ, თითქოს მავნე ნივთიერებები ამ პროდუქტებში 60%-ით ნაკლებია, შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრია მაინც ცრუობს - იმას არ ამბობენ, რაც უკვე გითხარით, არ ასახელებენ იმ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, რასაც დიდი რაოდენობით შეიცავს გახურებადი თამბაქოს პროდუქტი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათ გარდა, ამ პროდუქტში დამატებით, სხვა ქიმიური ნივთიერებებიცაა! ამაზე არავინ საუბრობს! მეტსაც გეტყვით, ჯანმო-ს განცხადებით, არ არსებობს ტოქსინებისა და კანცეროგენების ის მინიმალური რაოდენობა, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება! შესაბამისად, ნებისმიერი ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიშია!

- ბატონო გიორგი, პირადად თუ შეხვდით და თუ ესაუბრეთ ექიმებს, რომლებიც „ფილიპ მორისის“ ორგანიზებულ სემინარებში მონაწილეობდნენ?

- რა თქმა უნდა, შევხვდით და ვესაუბრეთ. სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ვამბობ, რომ ამ სემინარებზე ექიმებთან იდეოლოგიური მუშაობა მიმდინარეობდა. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რატომ არ შეიძლება გახურებადი თამბაქოს გამოყენება ზიანის შემცირების პროდუქტადო. არადა, ზიანის შემცირების პროდუქტებს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებენ. აბსურდია მათი ერთმანეთთან შედარება და აგიხსნით, რატომ. როდესაც დასავლეთმა ზიანის შემცირების პოლიტიკა დაიწყო, არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება იყო გავრცელებული, ამ არალეგალური ნარკოტიკების მოსაპოვებლად, ადამიანები კრიმინალურ დანაშაულსაც სჩადიოდნენ - იმდენად ძვირადღირებული იყო, რომ ყაჩაღობდნენ და ქურდობდნენ კიდეც. მეორე საშიშროება არალეგალური ნარკოტიკების მოხმარების კუთხით იყო ის, რომ მოიხმარებოდა ინტრავენურად, ჯგუფურად, ერთი შპრიცის საშუალებით. შესაბამისად, ძალიან დიდი იყო ისეთი მომაკვდინებელი დაავადებების გავრცელების რისკი, როგორებიცაა შიდსი და სხვადასხვა ტიპის ჰეპატიტები. სწორედ ეს ორი, უდიდესი ზიანი უნდა შემცირებულიყო, რის გამოც განხორციელდა ზიანის შემცირების პოლიტიკა და ასე გამოჩნდა ნარკოტიკების ჩასანაცვლებელი საშუალებები სხვადასხვა აბებისა და ტაბლეტების სახით. ამიტომ შეუწყო დასავლეთმა ხელი ამ პროგრამებს, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია მეტადონის პროგრამა. აი, ეს იდეა დააკოპირეს თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ელექტრონულ სიგარეტთან და გახურებად თამბაქოსთან მიმართებაში და ურცხვად აცხადებენ, რომ მათი გამოყენებით, ზიანი შემცირდება, რაც სრული აბსურდია!

- ეს ყველაფერი ექიმებს არ აუხსენით?

- დიახ და ზოგმა გაიგო, ზოგმა - არა. ეს იმიტომ, რომ ამ სემინარებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა გამოყოფილი და მათი მარკეტინგული ხრიკის ანუ ზიანის შემცირების პოპულარიზაციის მიზნით, ლოიალურად განწყობილი ექიმები მიიზიდეს. საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით აწვდიან ინფორმაციას, რომ ეს პროდუქტები - ელექტრონული სიგარეტი და გახურებადი თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლებად ზიანის შემცველია. სხვათა შორის, ჩვენ მივმართეთ ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, რათა მოიკვლიონ, რატომ მოხდა ამ ლეტალური პროდუქციის ანუ ელექტრონული სიგარეტებისა და გახურებადი თამბაქოს უკანონო რეკლამა-პოპულარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, ახლა გამოძიება მიმდინარეობს. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებმა მედიასაშუალებებსაც დაუკვეთეს სტატიები და ამ დაკვეთილი სტატიების საშუალებით, სიცრუის ტირაჟირებას ახორციელებენ საკმაოდ დიდი აუდიტორიის მქონე ონლაინ-გამოცემებში. თქვენი გაზეთის საშუალებით, მოვუწოდებ რედაქტორებს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ამ ცრუ ანკესს არ წამოეგონ და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ! მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოში, თამბაქოს პროდუქციის რეკლამა აკრძალულია!

ამ სემინარებში მონაწილეობდნენ ონკოლოგები, ფთიზიატრები, კარდიოლოგები, გულ-სისხლძარღვთა სპეციალისტები და ბოლოს, სტომატოლოგებიც ჩაითრიეს ანუ ჩვენი ექიმების საკმაოდ ფართო სპექტრი. ვისაც ეს საკითხი კარგად ესმოდა, მწვავე დისკუსიაში შედიოდნენ თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან. ამ სამ სემინარს არ დავსწრებივარ, მაგრამ დასკვნითი ღონისძიება დაიგეგმა წინანდალში, 24-25 ივნისს, რომლის შესახებაც ორი კვირით ადრე შევიტყვე. იმ პერიოდში პარლამენტში გახლდით, არაგადამდებ დაავადებათა სტრატეგია იხილებოდა და როგორც კი მივიღე ინფორმაცია, სწორედ ამ განხილვის დროს, საჯაროდ განვაცხადე, რომ რამდენიმე ჩვენი კოლეგა აპირებს პრეზენტაციის გაკეთებას თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე და გთხოვთ, მოუწოდოთ ამ ხალხს, არ წამოეგონ ანკესს და არ მიიღონ მონაწილეობა.

როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე ექიმს პირადად შევხვდი და მართალია, თავიდან ბევრი ვერ მიხვდა, თუმცა მოგვიანებით, უმრავლესობამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა გადაიფიქრა. სხვათა შორის, მათ არც კი იცოდნენ, ვინ იყო ამ ღონისძიების ორგანიზატორი, რადგან ისინი ამ სემინარებზე „სოციალური კვლევების ინსტიტუტმა“ მიიწვია. უფრო ზუსტად, „ფილიპ მორისმა“ ექიმების მოწვევა „სოციალური კვლევების ინსტიტუტს“ დაუკვეთა, რომელიც უკავშირდებოდა ექიმებს და მოსაწვევს უგზავნიდა. მოსაწვევზე უკვე „ფილიპ მორისის“ სახელიც ფიქსირდებოდა, მაგრამ ყველაფერი ეს, უკანონო სპონსორობის ფაქტი გახლდათ.

- ბატონო გიორგი, თქვენ როგორ მოხვდით წინანდალში, ამ ღონისძიებაზე?

- როგორც გითხარით, ღონისძიების შესახებ ორი კვირით ადრე შევიტყვეთ და შემოსავლების სამსახური თავიდანვე გავაფრთხილეთ, რომ უკანონო აქტი იგეგმებოდა. სხვათა შორის, ექიმებიც გავაფრთხილეთ და მოვუწოდეთ, არ მიეღოთ მონაწილეობა ამ უკანონობაში. შემოსავლების სამსახურთან ერთად, ერთობლივი ღონისძიება დავგეგმეთ და წინანდალში ჩავედით. სასტუმროს დარბაზის კარი, სადაც შეხვედრა ტარდებოდა, ჩაკეტილი იყო, მაგრამ გავაღებინეთ და დავესწარით. პრეზენტაცია წარადგინა სანდრო ურუშაძემ, ამის შემდეგ გამოვიდა ბატონი ნიკა ნანუაშვილი, რომელიც ბიზნესასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი გახლავთ. ბიზნესასოციაციამ, რომლის წევრიცაა „ფილიპ მორისი“, სამჯერ შეიტანა კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად, თამბაქოს ინდუსტრიის სასარგებლოდ, მაგრამ სამივეჯერ უშედეგოდ.

ამ ღონისძიებაზე ღიად თქვეს, რომ გახურებადი თამბაქო ნაკლები ზიანის მომტანი პროდუქტია, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს ლიბერალური მიდგომები. ამის შემდეგ დაიწყო დისკუსია, სადაც სიტყვით გამოვედი და მივმართე ჩემს კოლეგებს - ექიმებს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს და მის ყოფილ მოადგილეებს, ასევე, სოციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, დაავადებათა კონტროლის სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებს იცავდნენ და არა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის. ვთხოვე, რომ არ წამოგებოდნენ თამბაქოს ინდუსტრიის ანკესს, მაგრამ შეურაცხყოფა მომაყენეს, დაცვას გამოუძახეს და მომთხოვეს, დარბაზი დამეტოვებინა. ამასობაში, შემოსავლების სამსახური მობილიზებული იყო და როგორც კი დარბაზი დავტოვე, უკვე შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ფაქტის მოკვლევა. გამოკითხეს „ფილიპ მორისის“, ასევე, „სოციალური კვლევების ინსტიტუტის“ წარმომადგენლები და სასტუმროს მენეჯმენტი.

- ფაქტობრივად, ეს ღონისძიება ჩაშალეთ, მაგრამ რა ბედი ეწია კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში შეიტანეს განსახილველად, რათა გახურებადი თამბაქოს პროდუქციის გადასახადი შემცირებულიყო?

- როგორც ვიცი, ამ კანონპროექტს პარლამენტი არ განიხილავს! კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პუნქტისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და დანერგვის პროცესში! აქედან გამომდინარე, პარლამენტი არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს იმ ინიციატივებს, რაც თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან მოდის!

 

***

„ვერსიას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ლელა სტურუა ესაუბრება.

 

- ქალბატონო ლელა, იცოდით, რომ წინანდალში, „ფილიპ მორისის“ ორგანიზებით, სემინარი გაიმართა, რომელშიც ექიმებიც მონაწილეობდნენ?

- ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსისგან“ შევიტყვე. ამის შემდეგ, დავიწყეთ მოძიება, პირველ რიგში, გავარკვიეთ, რომ ორგანიზატორი გახლდათ „სოციალური კვლევების ინსტიტუტი“, პირადად დავუკავშირდი ამ ორგანიზაციას და ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი მომცეს, თუმცა მან ჩემს ზარებს არ უპასუხა. შემდეგ, პირადად ბატონი ამირან გამყრელიძე ესაუბრა ხელმძღვანელს და გარდა ამისა, მივმართეთ წერილობითაც, რომლითაც მოვთხოვეთ, არ ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება. წერილში დეტალურად ავხსენით, თუ რატომ არ უნდა ჩაეტარებინათ და რატომ არ უნდა აეღო არცერთ ორგანიზაციას თამბაქოს ინდუსტრიისგან გარკვეული თანხა, მით უმეტეს, როდესაც თამბაქოს მოხმარების პრევენციაზე ვსაუბრობთ, სადაც ექიმებიც მონაწილეობენ. ეს კატეგორიულად დაუშვებელი და აბსურდია! სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს და ღონისძიება მაინც ჩატარდა.

გარდა ამისა, პირადი კომუნიკაცია გვქონდა სხვადასხვა ექიმებთან, ბევრი მათგანის გადარწმუნება შევძელით. ეს ინფორმაცია სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმაც შეიტყო და თავის მხრივ, გააფრთხილა პროფესორები, რათა ამ ღონისძიებას არ დასწრებოდნენ. რაც მთავარია, თითოეული ექიმი გავაფრთხილეთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც რაიმე ტიპის სარგებელს იღებენ თამბაქოს ინდუსტრიისგან, იქნება ეს ჰონორარი, დაფინანსება, სადმე ერთი ღამის გათევა, თუ ჭიქა ყავის მირთმევა! შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ფილიპ მორისთან“ და „სოციალური კვლევების ცენტრთან“, ჩვენთან ვეღარ ითანამშრომლებენ! მეტიც, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ჩატარებას იმ სასტუმროებში, სადაც თამბაქოს ინდუსტრიის დაფინანსებით, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. ამ მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, როგორც სამთავრობო კომისიის სამდივნო და ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მიმართულებით, ცალსახად ძალიან მკაცრია.

- გასაგებია. რას აკეთებს სახელმწიფო თამბაქოს კონტროლის გასაძლიერებლად?

- ძალიან ბევრ რამეს: ვატარებთ კვლევებს, ვმუშაობთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე, მათ შორის, არის ერთი, რომელიც არასწორად გააშუქა მედიამ. ეს გახლავთ ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება, თამბაქოს მოხმარების აკრძალვა. ხაზს ვუსვამ, სადაც არასწრულწლოვანი იმყოფება! ტაქსებში - ნებისმიერ შემთხვევაში, ხოლო მსუბუქ ავტომობილში - მხოლოდ მაშინ, თუ იქ არასრულწლოვანია. გარდა ამისა, გვაქვს საკომუნიკაციო აქტივობები და ზოგადად, ცენტრი თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, ძალიან აქტიურია.

რაც მთავარია, 15 ქვეყანას შორის, საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც FCDC-2030-ის პროექტის მონაწილეა. საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კარგი შედეგებიც გვაქვს თამბაქოს ახალი კანონმდებლობის მიღებიდან ანუ 2017 წლიდან, დღემდე. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ თამბაქოს გავრცელება და მოხმარება საგრძნობლად შემცირდა ქვეყანაში. შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიამ ნახა რა, რომ საქართველო აღარ გამოადგებოდა გასამდიდრებლად, დაიწყო ელექტრონული სიგარეტისა და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის პოპულარიზაცია. ამიტომ ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და ეს პროდუქცია შეასაღოს, როგორც თამბაქოზე თავის დანებების საშუალება, რაც სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს.

- მაპატიეთ დილეტანტური კითხვისთვის, მაგრამ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რომლებსაც მოწევა აღარ სურთ, ვის უნდა მიმართონ?

- ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური გზა აქვს, მაგრამ მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომია თამბაქოზე თავის დანებების ცხელი ხაზი, რომელიც კვირაში 7 დღის მანძილზე, 10.00 საათიდან, 19.00 საათამდე მუშაობს. ადამიანს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე და მისი ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დატრენინგებული ფსიქოლოგები გაუწევენ რეკომენდაციას. გარდა ამისა, გვაქვს მობილური აპლიკაცია - „თავს ვანებებ“, რომელიც უფასოა და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენს ტელეფონში. ადაპტირებული გვაქვს ამერიკის კიბოს ინსტიტუტის მიერ შექმნილი აპლიკაციაც, რომელიც საჩუქრად გადმოგვცეს და ეს აპლიკაცია, როგორც თამბაქოზე თავის დანებების საშუალება, აღიარებულია მსოფლიოში.

პირველადი ჯანდაცვის ექიმები გადამზადებულები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, არ ხდება მათი გამოყენება ამ მიზნით. ვისაც თამბაქოსთვის თავის დანებება სურს, პირველადი ჯანდაცვის ექიმს ნაკლებად აკითხავს ხოლმე. ახლა გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი, ფსიქოლოგიური მეთოდით თანამშრომლობს და სრულ თანხვედრაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციფიკასთან.