რა უკანონო საქმიანობას ეწევა და როგორ დახარჯა უყაირათოდ საბიუჯეტო სახსრები აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ

ჟურნალისტური გამოძიება
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი სკანდალური დასკვნა

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის მკვიდრი, საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურში დაიხრჩო. ისინი ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუსი ოკუპანტებისგან მალულად, ექიმთან და საყიდლებზე მოდიოდნენ. გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები მდინარე ენგურმა სოფელ შამგონაში გამორიყა... სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედია თითქმის ყოველ წელს ხდება - გალის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეები აფთიაქში - მედიკამენტებისთვის თუ მარკეტში - პროდუქტებისთვის ზუგდიდში მოდიან, სამედიცინო სერვისებსაც ზუგდიდში იღებენ, ოღონდ ოკუპანტების გვერდის ავლით, მდინარე ენგურის გავლით, რაც სამწუხაროდ, ტრაგედიით სრულდება ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა - დილის 4-5 საათზე, კაშხლიდან წყალი გაუშვეს, მდინარე ადიდდა და...

ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ სრულდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა და შესაბამისი ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს. სამწუხაროდ, აუდიტორებმა სხვადასხვა სახის დარღვევები, სწორედ იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში აღმოაჩინეს. 

 

ხარვეზები პროგრამების დაგეგმვა-შესრულებაში

ვიდრე იმ დარღვევებსა და ხარვეზებს გაგაცნობთ, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს განეკუთვნება: აფხაზეთის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორცილება და საქმიანობის კოორდინაცია; იგპ-თა (აგრეთვე, აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა) ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის მიმართული საქმიანობის წარმართვა; სამინისტროს მმართველობაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობებით, მედიკამენტებით, ინვენტარითა და სხვა საშუალებებით მომარაგების ხელშეწყობა; ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; დაქვემდებარებული სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფო (ცენტრალური) და სხვა ჯანდაცვის პროგრამების კოორდინირებაში მონაწილეობა. სამინისტროს დაფინანსების წყაროა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი.

ვნახოთ, რა დარღვევებია საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვასა და შესრულებაში. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში პროგრამების მიმართულებები არასათანადოდაა ასახული.

„სამინისტრომ პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიით დადგენილი წესების გვერდის ავლით, პროგრამების მიმართულებებისთვის კომპონენტების დარქმევით, არ განახორციელა პროგრამების ქვეპროგრამებად დაყოფა და მათი 2018-2019 წლების აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში ასახვა. შესაბამისად, რესპუბლიკური ბიუჯეტით ვერ ხერხდება სამინისტროს ოთხი პროგრამის 20-ზე მეტ კონკრეტულ მიმართულებაზე ანუ ქვეპროგრამაზე, თითოეული წლისათვის დაგეგმილი დაფინანსების მოცულობის, ასევე, მისი ცვლილებების ან/და შესრულების მდგომარეობის იდენტიფიცირება. აღნიშნული მიუთითებს სამინისტროს მხრიდან პროგრამების კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით, არაეფექტურ დაგეგმვაზე“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვის საფუძვლების ნაკლოვანებებიც გამოავლინეს. მეტიც, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმის შესახებ, რომ სამინისტროს პროგრამების დაგეგმვა ხორციელდებოდა დევნილთა საჭიროებების შესაბამისად, ხოლო პროგრამების ანალიზით გამოვლინდა, რომ 2019 წელს დამტკიცებულ პროგრამებში განსაზღვრული რვა კომპონენტი ანუ ქვეპროგრამა არ შესრულდა. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან დაგეგმვის ეტაპზე არასაკმარისი კვლევისა და ანალიზის შედეგად, პროგრამების/ქვეპროგრამების არაეფექტურმა დაგეგმვამ, საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი განკარგვის რისკები შექმნა.

რაც შეეხება დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების შინაარსის ხარვეზებს, სახელმწიფო აუდიტის მიხედვით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ, 2018-2019 წლებში დამტკიცებული პროგრამებითა და ქვეპროგრამებით, ვერ ხერხდება იმ დეტალური ღონისძიებებისა და მათი განხორციელების დროის იდენტიფიცირება, რომელთა მიხედვითაც ქვეპროგრამების შუალედური და პროგრამების საბოლოო შედეგები უნდა მიღწეულიყო.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საბიუჯეტო პროგრამების შესრულების შეფასების ინდიკატორები არ განუსაზღვრავთ. კერძოდ, 2018-2019 წლებში, პროგრამებისა და კომპონენტებისთვის (ქვეპროგრამებისთვის) სამინისტროს არ განუსაზღვრავს შეფასების ინდიკატორები, რომლებიც წარმოადგენს მიღწეული შედეგების შეფასების საშუალებას.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენად აღწევს პროგრამა/ქვეპროგრამა დასახულ მიზნებს, ხოლო მთავრობისთვის წარდგენილ ანგარიშებში ფიქსირდება მხოლოდ განხორციელებულ კომპონენტებში დაფინანსებული განცხადებების რაოდენობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია და არ ხდება ინფორმაციის მიწოდება დაუკმაყოფილებელ განცხადებებზე, განუხორციელებელ კომპონენტებზე (ქვეპროგრამებზე) ან/და განსხვავებული მომსახურების მოთხოვნის მიზნით შემოსულ მოქალაქეთა მოთხოვნებზე.

 

დარღვევები ბენეფიციართა შერჩევა-დაფინანსებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2018 წელს, კოორდინატორთა საქმიანობის წესი დადგენილი არ ყოფილა, ხოლო 2019 წელს, მინისტრის ბრძანებით, ეს წესი მხოლოდ სამი კომპონენტისათვის იყო დამტკიცებული. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ დაადგინა, როგორ რეგულირდებოდა და რას ითვალისწინებდა მათი საქმიანობა. მეტიც, კოორდინატორები სათანადო კონტროლს არ ახორციელებდნენ, რაც საშუალებას მისცემდა, რომ მოქალაქეების განცხადებები შეესწავლათ და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, შესაბამისი პროგრამა შეერჩიათ.  

სახელმწიფო აუდიტორებმა პროგრამის/ქვეპროგრამის დაფინანსების კომისიის საქმიანობის ნაკლოვანებებიც გამოავლინეს. კერძოდ, სამინისტროში დაფინანსების კომისიებისთვის, სხდომების ჩატარების პერიოდულობა არ განუსაზღვრავთ, ხოლო აუდიტორული პროცედურებით, კომისიების სხდომების არასისტემური და არარეგულარული ჩატარების ფაქტები გამოვლინდა, რაც იწვევდა ბენეფიციართა განცხადებების არადროულ განხილვებსა და დაგვიანებულ გადაწყვეტილებებს.

„ჰოსპიტალური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობის კომისიის საქმიანობაში დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც კომისიამ დაარღვია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების ვადები. განცხადებების განხილვის არადროულობამ, ბენეფიციართა მიმართ უსამართლო და სხვა ბენეფიციარებთან შედარებით, არათანაბარი მიდგომა გამოიწვია. მეტიც, ვერ ხერხდება ბენეფიციარების საჭიროებებისა და მოთხოვნების იდენტიფიცირება და ხშირ შემთხვევაში, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოკლებულია შესაბამის დასაბუთებას“.

 

ხარვეზები პროგრამულ შესყიდვებში

რა თქმა უნდა, დარღვევები აღმოჩნდა სახელმწიფო შესყიდვებშიც. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018-2019 წლებში, სამინისტრომ ჯამში, შვიდი სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა, ოღონდ ისე, რომ გეგმაში ცვლილებები არ შეუტანია. შედეგად, არაეფექტიანი დაგეგმვის ფაქტები დაფიქსირდა და გაირკვა, რომ სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებდა კანონმდებლობის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, შესყიდვების გეგმის შეუსაბამოდ, რაც მიუთითებს შესყიდვების სამსახურის მიერ საქმისადმი არაჯეროვან დამოკიდებულებაზე და სახელმწიფო სახსრების არაეფექტიანი მართვის რისკებს ქმნის.

„რაც შეეხება სამკურნალო რეაბილიტაციის შესყიდვის ხარვეზებს, 2018 წელს, სამინისტროს მიერ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა (იგპ) ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. ამ ტენდერების შესწავლით გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა მაღალი ფასი წარადგინა და შემდგომში, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, უარი განაცხადა თავდაპირველ ტენდერში დაფიქსირებულ დაბალ ფასზე. ნაცვლად იმისა, რომ სამინისტროს სატენდერო კომისიას აღნიშნული ქმედების არაკეთლსინდისიერება განეხილა და მიმწოდებლისთვის მიეცა დისკვალიფიკაცია ან/და დაერეგისტრირებინა შავ სიაში, პირიქით, ხელშეკრულება სწორედ ამ მიმწოდებელთან გააფორმა, თანაც გაზრდილი ფასით! ეს ნიშნავს, რომ სამინისტროს სატენდერო კომისია, მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებს, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად, არაეფექტიანად განკარგვის რისკებს ქმნის“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2018-2019 წლებში, აფხაზეთიდან იგპ-თა ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებული ოთხი ტენდერიდან, სამში გაიმარჯვა პრეტენდენტმა, რომელიც ამავე კომპანიაში დასაქმებულ პირს ჰქონდა ნაქირავები მფლობელისგან.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული კონტროლის მექანიზმები გამოირჩევა ნაკლოვანებებით და მათი ფუნქციონირების ეფექტიანობა ვერ დასტურდება. შესაბამისად, სამინისტროში არსებული კონტროლის გარემო არადამაკმაყოფილებელია, რის გამოც იქმნება სამინისტროს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ საქმიანობისა და საჯარო რესურსების არაეფექტიანად მართვის რისკები.