„ბადაგონის“ საქმის დეტალები

გართობა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავა პარტნიორებს შორის თუ ბრძოლა კომპანიის ხელში ჩასაგდებად?

შპს ,,ბადაგონის'' ფინანსურ დოკუმენტაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო, რაც შპს ,,ბადაგონის'' მიერ, დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს ეხება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება: ,,საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1 თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებით ხელი არ შეეშლება კომპანია ,,ბადაგონის“ საქმიანობას''.
პარალელურად, შპს ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელმა, გიორგი სალაყაიამ და მისმა ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და კომპანიის მითვისებაში ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი დაადანაშაულეს. მეტიც, სალაყაიამ განმარტა, რომ ,,ბადაგონის'' წილის დაბრუნების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს განცხადებით მიმართა ვლადიმერ ჯანჯღავამ, რომელსაც კომპანიასთან არავითარი შეხება არ აქვს. თავის მხრივ, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატმა, იმედა დვალიძემ და ,,ბადაგონის'' სხვა მეწილეებმა საპასუხო პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის'' 81%-იან წილს ჯანჯღავას სიმამრი გივი ეზუგბაია ფლობს. სალაყაიას ბრალდებებს დავით ბეჟუაშვილის ადვოკატი, ზვიად კორძაძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, რადგან სალაყაიამ ბეჟუაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა.
დავა ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის
გიორგი სალაყაიას თქმით, ,,ბადაგონის'' ხელში ჩაგდება ყოფილ პარლამენტარს, დავით ბეჟუაშვილს სურს. ამ მიზნით, მოქმედებები 2006 წელს დაიწყო, როდესაც ,,ბადაგონში'' მაშინდელი ფინანსური პოლიცია შევიდა და ქარხნის ეზოში, დიდი რაოდენობით ღვინო დაღვარა. სალაყაია იმასაც ამბობს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, კომპანიას კიდევ ერთხელ შეუტიეს:
,,2012 წლის თებერვალში, ჩვენთან საგადასახადო ინსპექცია შემოვიდა. პარალელურად, ჩვენი კონკურენტი, ვითომ კომპანიაც შექმნეს, პირდაპირი მითითება იყო, რომ გარკვეული წილი დაგვეთმო. ჩემი შეფასებით, მთელ ამ პროცესს დავით ბეჟუაშვილი და სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი მოადგილე, კახა დამენია ხელმძღვანელობდნენ. თუმცა რეალურად, იმ პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო გადავრჩით, ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და კომპანიის მითვისება ვეღარ მოასწრეს. დღეს, როდესაც ,,ბადაგონი'' აღმავლობის გზაზეა, ვფიქრობ, ბატონ ბეჟუაშვილს მისი ხელში ჩაგდება ისევ მოუნდა. ამ მიზნით, თაღლითობისთვის საერთაშორისო ძებნილს, რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ჯანჯღავას დაუკავშირდა, რომელსაც განცხადება დააწერინეს. არადა, ჯანჯღავას ,,ბადაგონთან'' არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია''.
სამეწარმეო რეესტრის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შპს ,,ბადაგონის'' მფლობელებს შორის პირველი ცვლილება 2010 წლის 1 თებერვლით თარიღდება. იმ პერიოდში, კომპანიის 79%-იან წილს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობდა, ხოლო მიხეილ სვიმონიშვილი, ნატო ზაალიშვილი და შოთა გვარაძე _ თითოეული 7%-იან წილს განკარგავდა. მოგვიანებით, სამივე მათგანმა წილები ,,გრაკოროს'' სასარგებლოდ დათმეს და შედეგად, ოფშორულ ზონაში, კერძოდ, კვიპროსში რეგისტრირებული ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი'', შპს ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელი გახდა.
2013 წლის ივლისიდან, „ბადაგონის“ 40%-იან წილს გიორგი სალაყაია განკარგავს, ხოლო 60% ისევ „გრაკოროს“ საკუთრებაშია. 2015 წლის 6 იანვარს, „გრაკოროს“ წილი 10%-ით შემცირდა, სალაყაია კი 50%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა, იანვრის ბოლოდან ვითარება რადიკალურად იცვლება _ გიორგი სალაყაია შპს „ბადაგონის“ 100%-იანი წილის მფლობელია.
როგორ აღმოჩნდა სალაყაიას ხელში ,,ბადაგონის'' აქციების სრული პაკეტი, კომპანიის ყოფილმა პრეზიდენტმა თემურ უბილავამ და ვლადიმერ ჯანჯღავამ ჟურნალისტებისთვის დეტალურად განმარტეს და სალაყაია კომპანიის წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში დაადანაშაულეს. კერძოდ, თემურ უბილავა 2001 წელს თავის მეგობარს -ვლადიმერ ჯანჯღავას დაუკავშირდა და სთხოვა, ,,ბადაგონში'' ინვესტიცია ჩაედო. უბილავას მტკიცებით, ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელი ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი'' გახდა, რომელიც ვლადიმერ ჯანჯღავას ოჯახის წევრებზე _ სიმამრზე, გივი ეზუგბაიასა და მეუღლეზე, ეკატერინე ეზუგბაიაზე იყო გაფორებული. ,,გრაკოროს'' უკან კი ყოველთვის ვლადიმერ ჯანჯღავა მოიაზრებოდა. მთლიანობაში, ჯანჯღავამ ,,ბადაგონში'', დაახლოებით, 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
უბილავამ აღნიშნა, რომ ,,ბადაგონში'' მმართველ მენეჯერად გიორგი სალაყაია სწორედ მან და ვლადიმერ ჯანჯღავამ მიიწვიეს. იმის გამო, რომ სალაყაია, როგორც მენეჯერი, კომპანიის ორივე მფლობელს მოსწონდა, 2006 წლის თებერვალში, ,,გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის'' 19%-იანი წილი აჩუქეს, ხოლო 81%-იანი წილი ისევ გივი ეზუგბაიას საკუთრებაში დარჩა. გარდა ამისა, უბილავამ აღნიშნა, რომ ბიზნესში ქართველი პარტნიორის მონაწილეობა ოფიციალურად, რეესტრის მონაცემებით უნდა დადასტურებულიყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკები კრედიტს არ იძლეოდნენ. უბილავა იხსენებს, რომ 2014-2015 წლებში, ფინანსური რესურსები საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ შიდადაფინანსების მოზიდვის მიზნით, გიორგი სალაყაიას სახელზე ჯერ ,,ბადაგონის'' 10%-იანი, შემდეგ კი 50%-იანი წილი გადააფორმეს.
თემურ უბილავას მტკიცებით, სალაყაიაზე წილების გადაფორმებას, ზეპირი შეთანხმება უსწრებდა წინ იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც კრედიტი გამოიყოფოდა და ფინანსური სირთულეები გადაილახებოდა, კომპანიაში ძველი სტატუს-კვო აღდგებოდა. 2016 წელს, ,,გრაკოროს'' წარმომადგენლებმა სალაყაიას წილის დაბრუნების მოთხოვნით მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ, ,,გრაკოროს'' წარმომადგენლები სალაყაიას 2017 წელსაც დაუკავშირდნენ, მაგრამ უშედეგოდ...
,,ბადაგონის'' დავალიანება ,,გრაკოროს'' მიმართ
ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი, იმედა დვალიძე ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ შპს ,,ბადაგონს'' კომპანია ,,გრაკოროს'' მიმართ, დაახლოებით, 5 მილიონი აშშ დოლარის დავალიანება დღესაც აქვს:
_ 2003 წელს, როდესაც ,,გრაკორომ'' დაიწყო ინვესტირება ,,ბადაგონში'', საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა ანუ თავიდან ეს იყო კრედიტი. წლების მანძილზე, ძირითად საკრედიტო ხელშეკრულებას ახალ-ახალი დავალიანება ემატებოდა, რასაც შესაბამისი ხელშეკრულებებიც ახლდა. რამდენიმე ასეთი ხელშეკრულება არსებობს, რაც მთლიანობაში, 14 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ბუნებრივია, კრედიტს პროცენტიც ერიცხებოდა, მაგრამ ,,გრაკორომ'', როგორც შპს ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელმა, გადაწყვიტა, რომ კრედიტი კომპანიას არ დასწოლოდა და საწესდებო კაპიტალში შეიტანა ანუ თანხის კაპიტალიზაცია განახორციელა. კრედიტზე დარიცხულმა პროცენტმა კი დაახლოებით, 7 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ეს ვალდებულება ,,ბადაგონმა'' თავისი პარტნიორის _ ,,გრაკოროს'' მიმართ, დაიტოვა და აღიარა კიდეც. მას შემდეგ, რაც გიორგი სალაყაიაზე ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილი გაფორმდა, ვლადიმერ ჯანჯღავამ დაურეკა და უთხრა, რომ გარკვეული თანხა სჭირდებოდა. შესაბამისად, გიორგი სალაყაიამ შპს ,,ბადაგონის'' სახელით, საკრედიტო რესურსი ჯანჯღავასთვისაც და სხვა მიზნებისთვისაც მოიძია. 2015 წელს, სალაყაიამ ჯანჯღავას მთლიანობაში, 1 200 000 აშშ დოლარი ოთხ ტრანშად გადაურიცხა. სწორედ ამ თანხით შემცირდა ის პროცენტი, რაც კომპანია ,,ბადაგონს'' დარიცხული ჰქონდა. ახლა დარჩენილია 5 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება, რომელიც ,,ბადაგონს'' ,,გრაკოროს'' მიმართ აქვს. ახლა სალაყაია ამბობს, რომ როდესაც 1 200 000 აშშ დოლარი გადაიხადა, ეს წილის ნასყიდობა იყოო. არადა, საკმაოდ მარტივად შეიძლება იმის დადასტურება, რომ რეალურად, ეს კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტის გარკვეული ნაწილი იყო.
ვლადიმერ ჯანჯღავა და თემურ უბილავა ჩემთან, პირად საუბრებში ამბობენ, რომ სალაყაია უნარიანი და კარგი მენეჯერი იყო, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა, იშრომა. სწორედ ამიტომ ვენდეთ და იმასაც კი ვფიქრობდით, ,,გრაკოროში'' მისთვის წილი გაგვეზარდა კიდეც, რადგან 19%-ზე მეტს იმსახურებდაო. ახლა სალაყაია გამოდის და ჯანჯღავას თაღლითს უწოდებს, მაგრამ თუ ეს ასეა, თაღლითს შვილი რატომ მოანათვლინა? ისეთი ვითარებაა, თითქოს ჯანჯღავას ,,ბადაგონთან'' შეხება არ ჰქონია და ციდან ჩამოვარდა!
მე ვნახე ჯანჯღავა პირველად სამი თვის წინ, თორემ ესენი 20 წელზე მეტია, ერთმანეთს სოხუმიდან იცნობენ. იცით, როგორი ვითარებაა, ბადრი პატარკაციშვილი რომ ენდო ჯაოშვილს (ჯოზეფ ქეის), წილები გადაუფორმა და მერე მთელი ოჯახი კომბლებით რომ დასდევდა.
_ თავად ახსენეთ პატარკაციშვილის ქეისი, ამ და სხვა გახმაურებული საქმეების მიხედვით, აშკარაა, რომ ,,თრასთის'' ანუ ნდობაზე დაფუძნებული სამართალი და საქმიანი ურთიერთობები საქართველოში არ ჭრის, პრობლემები იქმნება. იმის გამო, რომ ჯანჯღავასა და სალაყაიას შორის არავითარი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, სასამართლოში პრობლემებს არ შეგიქმნით?
_ არა და ეს გადაუჭრელი პრობლემა სულაც არ მგონია. ზოგადად, საქართველოს სასამართლო სისტემაში ,,თრასთის'' სამართალზე დაფუძნებული საქმეების განხილვის პრაქტიკას არ ვიცნობ, მაგრამ ჩემი შინაგანი რწმენით და მოცემულობიდან გამომდინარე, რაც ,,ბადაგონთან'' დაკავშირებით არსებობს, უპერსპექტივოდ სამოქალაქო დავასაც კი არ განვიხილავ. მიმაჩნია, რომ შედეგი დადგება. ვნახოთ, როგორ წავა პროცესი ამ კუთხით, თუ არადა, საერთაშორისო სასამართლოებში გადავინაცვლებთ.
_ ჯანჯღავას განცხადება დავით ბეჟუაშვილმა დააწერინა?
_ თემურ უბილავა და ვლადიმერ ჯანჯღავა აცხადებენ, რომ ბეჟუაშვილი ერთხელ ნახეს, 2006 წელს, ქარხნის გახსნაზე, რომელსაც სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ. ,,ბადაგონთან'' ბეჟუაშვილს არაფერი აკავშირებს, მაგრამ ვინაიდან ქარხნის გახსნას ესწრებოდა, მისი გვარის ხსნება კიდევ გავიგე, დიმიტრი ქუმსიშვილი რა შუაშია ამ კომპანიასთან, ეს საერთოდ არ მესმის! ზოგადად, ქარხნის გაჩერება არ იყო გადაუდებელი და უპირობო აუცილებლობა, თუმცა ქარხანა მაინც გააჩერეს. ქუმსიშვილისა და ბეჟუაშვილის დასახელება კი უბრალოდ, მეტი აჟიოტაჟისთვის დასჭირდათ. ასეთი თემები კარგად ,,იყიდება'', რადგან ,,ბიზნესი წამართვეს'', ჩვენს ქვეყანაში ყურს კარგად ხვდება.
მიზანმიმართული ბრძოლა ,,ბადაგონის'' ხელში ჩასაგდებად?
შპს ,,ბადაგონის'' 100%-იანი წილის მფლობელის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ სალაყაია დავით ბეჟუაშვილს ბოდიშს არ მოუხდის. რაც შეეხება შეეხება სარჩელს, რომელსაც ბეჟუაშვილის ადვოკატი სალაყაიას წინააღმდეგ, სასამართლოში შეიტანს, ხატიაშვილი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს:
_ შეიტანს სარჩელს და ამაზე სალაყაიას სამართლებრივი რეაგირება ექნება. ეს დროის საკითხია და მეტი არაფერი.
_ ზაზა, რა არგუმენტი აქვს სალაყაიას, როდესაც აცხადებს, რომ ბეჟუაშვილს კომპანიის ხელში ჩაგდება სურს?
_ რამდენიმე წლის განმავლობაში, ბეჟუაშვილი დაინტერესებული იყო, რომ კომპანია ხელში ჩაიგდო. იმ შემოვარდნებს, რაც ამ ქარხანაში იყო, სალაყაია სწორედ, ბეჟუაშვილის ინტერესებს უკავშირებს.
_ ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი რა შუაშია ,,ბადაგონთან''?
_ ეს ჩემი ინფორმაცია იყო და მე გავაჟღერე. 2005 წლიდან, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოს მოსახლეობა გააკულაკა, ჩვენ ვიცით იმ პროკურორებისა და ნოტარიუსების სახელები და გვარები, რომლებიც ხალხს აკულაკებდა. უამრავი საჩივარია ფინანსურ პოლიციაში შესული, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. ეს პროკურორები და მურუსიძეები, ივანიშვილმა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებად გამოაცხადა, ამიტომ დრევანდელი ხელისუფლება თავს იწონებს და აცხადებს, ეგზეკუციას არ მივმართავთო. ამ ვითარებაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჯანჯღავა წერს განცხადებას, საგამოძიებო სამსახური კი ,,ბადაგონში'' შემოდის. რაც მთავარია, ამოწმებენ 2015, 2016, 2017 წლების ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯანჯღავა ხომ 2013-2015 წლებში არსებულ წილებზე დაობს, 2015 წლის იანვრის შემდეგ, ,,ბადაგონმა'' რა ფინანსური ვალდებულებები შეასრულა, რამდენი ბოთლი ღვინო გაყიდა ჩინეთში, რა ურთიერთობა და ხელშეკრულებები აქვს იტალიელ და ფრანგ პარტნიორებთან, ვინ ეკითხება ფინანსურ პოლიციას, თუ პოლიტიკური დაინტერესება და მითითება არ არის? მხოლოდ ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან დაინტერესებულნი ,,ბადაგონის'' გაკოტრებით! ეს სამოქალაქო დავაა, ვინ ეკითხებოდა, რა უნდოდა და რატომ შემოვარდა ფინანსური პოლიცია კომპანიაში?!
_ იმ კრედიტზე რას იტყვით, რომლის საპროცენტო დავალიანება დაახლოებით, 7 მილიონი აშშ დოლარია და რომელიც სალაყაიამ ჯანჯღავას ვალის გასასტუმრებლად აიღო?
_ გასაგებია, მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე, ჯანჯღავა სახელმწიფო მოხელე იყო, რა მილიონებზეა საუბარი, ან რა მილიონები შეიძლებოდა ჰქონოდა? ვთქვათ, რასაც ჯანჯღავა ამბობს, სიმართლეა, ეს იყო ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მან გასწია რისკი, რაც სამოქალაქო სამართლის სფეროა. 2015 წლის იანვარში, ჯანჯღავამ დაამთავრა ურთიერთობა ,,ბადაგონთან'', მაგრამ ახლა ისევ საკუთარ წილზე დაობს. მე გეკითხებით, ფინანსური პოლიცია რატომ შემოვარდა 2018 წელს ,,ბადაგონში'' და რატომ დაინტერესდა 2015 წლის შემდეგ დადებული კონტრაქტებით? ,,ბადაგონი'' სულს ღაფავდა, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, სამ წელიწადში, სალაყაიამ სასწაული გააკეთა, კომპანია ფეხზე დააყენა და ჩინეთის ბაზარზეც შევიდა. საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებულმა ჩინოვნიკებმა ეს ფაქტი ხელიდან არ გაუშვეს და როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა, ფინანსური პოლიცია მოგვიქსიეს.
_ 2017 წელს, ,,გრაკოროს'' წარმომადგენლებმა ძველი სტატუს-კვოს აღდგენა და წილების დაბრუნება მოსთხოვეს სალაყაიას, რაზეც უარი მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა ჯანჯღავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს განცხადებით.
_ გასაგებია, მაგრამ წილების დაბრუნება სამოქალაქო სამართლის საქმეა, ვინ ეკითხება ფინანსურ პოლიციას? ეგენი რომ მართლები იყვნენ, ფინანსურ პოლიციას არ მოგვიქსევდნენ! მომავალ კვირას ,,ბადაგონში'' ჩინელი და იტალიელი პარტნიორები ჩამოვლენ, ეს ხალხი ფეხზე დგას. აღმოსავლეთის ბაზარი სალაყაიამ გახსნა, საქართველო ჩინეთის ბაზარზე გაიყვანა და ეგრევე შემოვარდა ფინანსური პოლიცია. ეკონომიკის მინისტრი იქნება, თუ ფინანსთა მინისტრი, ბიზნესის აღორძინებით უნდა იყოს დაინტერესებული და არა კომპანიის გაკოტრებით. ეს კომპანიის გაკოტრების მცდელობაა, მათ მხოლოდ სალაყაიას ბიზნეს-კავშირების ხელში ჩაგდება სურთ.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ,,ბადაგონი'' წელს გახდა ძლიერი და ფინანსურად მომგებიანი ქართული კომპანია, რომელმაც 250 კომპანიას შორის, ყველაზე მეტი ღვინო გაყიდა უცხოეთში. ,,ბადაგონში'' დასაქმებულია 600 ადამიანი და კომპანიის სახელფასო ფონდი 4 მილიონი ლარია. ფაქტობრივად, თავისი არსებობის მანძილზე, ,,ბადაგონი'' 2017 წელს, პირველად გავიდა საგადასახადო მოგებაზე.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით ,,ბადაგონის'' საქმე ბიზნესომბუდსმენმა კონტროლზე აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, შპს ,,ბადაგონის'' საქმეზე ირაკლი ლექვინაძე გიორგი სალაყაიასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ლევან გამყრელიძეს შეხვდა.
პარალელურად საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „ბადაგონის“ დირექტორის, გიორგი სალაყაიას ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა:
,,ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული. მისი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება, რაც არის აბსოლუტურად არასერიოზული და მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც ეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც ეხება დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენისთვის ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის''.
დავით ბეჟუაშვილის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ,,ვერსიასთან'' საუბრისას აღნიშნა, რომ ბეჟუაშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, გიორგი სალაყაიას წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 12 თებერვალს შეიტანეს.
მაია მიშელაძე