სანდრო ბრეგაძე: „ქართული პოლიტიკა გოიმებითაა სავსე... კრიტიკა სულ ფეხებზე მკიდია!“

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართული მარში“ 15 ივლისიდან საპროტესტო აქციებს გეგმავს

წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ ბაზარზე ახალი პარტია გამოჩნდა _ სანდრო ბრეგაძემ, ირაკლი შიხიაშვილსა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული მარში“ პოლიტიკურ მოძრაობად გადააკეთა, რასაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა. „მარშელები“ კი, მათ მიმართ კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, აქტიურ პოლიტიკაში ყოფნასა და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. „ვერსია“ პარტიის ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს ესაუბრა, რომელიც 15 ივლისის შემდეგ, საპროტესტო აქციებს აანონსებს და აცხადებს, რომ საქართველოდან სოროსის ფონდს აუცილებლად გააძევებენ.

_ ბატონო სანდრო, თქვენი პარტიის დაფუძნებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მაინც, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? 

_ იძულებული გავხდით, პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდავქმნილიყავით და მიგვეღო არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჭეშმარიტი კონსერვატიული ტრადიციონალისტური იდეოლოგიის მქონე ძალა არ არსებობს და იმ საკმაოდ დიდი ელექტორატისთვის, რომელიც კონსერვატიულად აზროვნებს, მიგვეცა შანსი, ხმა მისცეს სასურველ პოლიტიკურ ძალას. 

რაც შეეხება აჟიოტაჟს, ჩვენი საქართველოს მტრებს ეშინიათ და სწორადაც ეშინიათ, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც დაასამარებს ამ ლიბერასტულ ჭუჭყს, რომელიც მოდებულია მთელ საქართველოზე. ამ უკიდეგანო ლანძღვა-გინებას ლიბერასტული ტელევიზიებიდან სიმშვიდით აღვიქვამთ, რადგანაც ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 40-მდე პარტია შეიქმნა, რომელსაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ამ პარტიების შექმნა არავის გაუგია. ამ ფონზე, ლამის საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია „ქართული მარშის“ შექმნამ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ საკმაოდ ძლიერები ვართ, რათა საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მივაღწიოთ. 

_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ამა თუ იმ ძალას „დაასამარებთ“, ან პარლამენტში რის გაკეთებას გეგმავთ? 

_ ჩვენს ქვეყანაში ლიბერასტული ტირანიაა! ვხედავთ, აშშ-ში ტრამპს მხოლოდ იმის გამო როგორ ებრძვიან, რომ ის კონსერვატორია. ასე რომ, არ გვიკვირს ლიბერასტული ძალების გაშმაგება და გავეშება. არ ვგულისხმობთ, რომ მარტო ჩვენ დავრჩეთ პოლიტიკურ ასპარეზზე, მრავალფეროვანი უნდა იყოს სპექტრი, უნდა იყვნენ მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ეროვნულებიც და ლიბერალებიც, მაგრამ არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური იდეოლოგიის დომინაცია, რომელიც ტირანიაშია გადაზრდილი. დავანგრევთ ამ ერთი პოლიტიკური იდეოლოგიის დომინაციას. საქართველოს ტელეარხების 99%, მხოლოდ ლიბერასტულ იდეოლოგიაზეა დამყარებული. თუ ხარ ლიბერასტი, შენთვის გახსნილია მასმედია, თუ ხარ კონსერვატორი, დაკეტილია და ამ ტირანიას აუცილებლად დავამთავრებთ. 

_ ტირანიისა რა გითხრათ, მაგრამ ბევრი იმის გამო გაკრიტიკებთ, რომ პროტესტს ცივილურად არ გამოხატავთ. ამ ფონზე, პარლამენტში მოხვედრის შანსი გაქვთ? 

_ საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენ ფორმების გამო გვაკრიტიკებენ, იმედია, ფართოდ გახელილი თვალებით კარგად ხედავენ, რა ხდება აშშ-ში და ერთი საპროტესტო სიტყვაც კი არ გამიგია იმ ფორმების შესახებ, რითაც პენსილვანიაში, კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს. ჩვენი ფორმები იმასთან მიმართებაში, რაც აშშ-შია, ნაზი მუსიკის ჰანგია, რადგან ჩვენ არც არაფერი დაგვიწვია, არც ძეგლი ჩამოგვიგდია და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ქართული პოლიტიკის გოიმიზმია, რადგან ქართული პოლიტიკა სავსეა გოიმებით, გაუნათლებელი, ტლუ ადამიანებით, რომლებმაც სხვა სფეროში ვერ იპოვეს გასაქანი და თავშესაფრად აქციეს პოლიტიკა. შემდეგ, ასეთ ადამიანებს ხელისუფლება უვარდებათ ხელში და ამყარებენ დიქტატურას. ამის ნათელი მაგალითია მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავისი არასრულყოფილების კომპლექსის რეალიზაციას ახდენდა ერთ ხელში კონცენტრირებული ხელისუფლებით და სწორედ ამის შედეგი იყო პატიმართა წამება და ათასი სისაძაგლე, რასაც ის აკეთებდა. „ქართული მარშის“ რომელ მეთოდებზეა საუბარი?! ნარკობარიგები რომ გამოვიდნენ „ბასიანის“ გამო ქუჩაში, პოლიციას შეურაცხყოფდნენ და კინაღამ, 9 აპრილის მემორიალი დაანგრიეს, როცა ერთი დაუბანელი, უშნო, გონჯი არსება აიჭრა მემორიალზე და ცეკვა დაიწყო თავის თანატოლი, დაღუპული ერის გმირების მემორიალზე და ამაზე ხმა არავინ ამოიღო, პირში წყალი ჩაიგუბა ყველა ტელევიზიამ?! წარმოიდგინეთ, „ქართული მარშის“ რომელიმე წევრს რომ ჩაედინა ანალოგიური ქმედება, აპოკალიფსი დაიწყებოდა! ნიკა გვარამია ტანზე შემოიხევდა ყველაფერს, გიორგი გაბუნია კი თავის გაკეთებულ წარბებს დაიპუტავდა... 

_ მემორიალზე, ალბათ, სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის ცეკვას გულისხმობთ, თუმცა მახსოვს, მისი ეს ქცევა ბევრმა გააკრიტიკა. 

_ ტელევიზიების რეაქციებს ვგულისხობ, ლიბერასტულმა ტელეარხებმა, პირიქით, შეაქეს მისი ველური როკვა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ლიბერასტული ტირანია უნდა დაინგრეს. 

_ ისე, რა ამის პასუხია და, წეღან პოლიტიკოსებს გოიმები რომ უწოდეთ, ირაკლი კობახიძე, ამის გამო, პოლიტიკოსებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს... 

_ ირაკლი კობახიძე მთავარი გოიმია და ეს ცალკე კომპლექსია, როცა საკუთარი გოიმიზმის გადაფარვას, სხვისთვის გოიმის ძახილით ცდილობ. არა, რატომ უნდა მეშინოდეს, ეს ხომ ჭუჭყი და ტალახია? საერთოდ, ქართული პოლიტიკური სპექტრი ჭაობია, სადაც გომბეშოები ბინადრობენ! ამ პოლიტიკურ სპექტრში პარტია, რომელსაც იდეოლოგია აქვს, არის „გირჩი“. ხომ აბსულუტურად სხვადასხვა პოზიციაზე ვართ, მაგრამ ამ პარტიას გააჩნია იდეილოგია, ჩემთვის მიუღებელი, მაგრამ მაინც აქვს. „ლელოს“ გააჩნია ხაზარაძის ფული, ეს ხომ პოლიტიკური პარტია არაა, ეს არის ჩვეულებრივი, ფულიანის კაცის გარშემო შემოკრებილი მათხოვრების ჯოგი. ეს ხომ ეწყინებათ? _ ჰოდა, შეუძლიათ, ცივი წყალი დალიონ. ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გარშემო შემოკრებილი სადისტებისა და მანიაკების ჯოგია, რომელსაც სურს ხელისუფლებაში დაბრუნება, რათა სადისტური მისწრაფებები კვლავ განახორციელოს. „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეკრებილი კარიერისტების ჯგუფია, რომელიც პირველივე შესაფერის მომენტში გაიქცევა და მარტო დატოვებს თავის პოლიტიკურ ლიდერს. ბოკერიას პარტია ფულზე გაყიდული და უცხოური დონორი ორგანიზაციების გრანტებზე მაცხოვრებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი საშინელებაა, რომელსაც პოლიტიკურ გუნდს ვერ ვუწოდებ და რომელსაც მართავს პოლიტიკური ლიდერის, ბოკერიას ცოლი, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი. 

_ ბატონო სანდრო, იმ კრიტიკისთვის, რასაც ასეთი სიძულვილის ენით საუბრის გამო მიიღებთ, მზად ხართ? აქტიურ პოლიტიკაში ერთვებით და ამას ამიტომ გეკითხებით... 

_ აქტიურ პოლიტიკაში კი არ ვერთვები, არამედ, ვბრუნდები. როცა პარლამენტში, ფრაქციის თავმჯდომარე ვიყავი, ეს ადამიანები ჰოლანდიისა და გერმანიის საროსკიპოებში გეი-მიმტანებად მუშაობდნენ და საქართველოს ამით არცხვენდნენ. თქვენთან ბოდიში, არ გეხებათ, ქალბატონი ბრძანდებით, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა _ კრიტიკა სულ ფეხებზე მკიდია, რადგან მე ხომ ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და კარგად ვიცი, რომ ესენი არიან ჭუჭყი, რომელიც უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას! აქ ჩემი სამშობლოს გადარჩენაზეა საუბარი, სადაც ლოიალური ვერ ვიქნები. 

_ სხვათა შორის, „ქართულ მარშს“ მუდმივად თან სდევს რუსეთის თემა. ზოგი აცხადებს, რომ რუსეთისგან ფინანსდებით და პრორუსული ძალა ხართ. პირდაპირ გკითხავთ, რა კავშირი გაქვთ რუსეთთან? 

_ ფაქტი უნდა დაიდოს, რომ რაიმე კავშირი გვაქვს რუსეთთან. მოდით, პირდაპირ ვთქვათ _ ეს არის ერთადერთი მოგონილი ჭორი,რომლითაც ცდილობენ ჩვენთვის ლაფის მოსხმას. როგორ შეიძლება, რაიმე კავშირი გვქონდეს რუსეთთან, როდესაც რუსეთს ვუწოდებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტს; როდესაც ჩვენი ორგანიზაცია სავსეა ადამიანებით, რომლებიც იარაღით ხელში ებრძოდნენ რუსულ საოკუპაციო ძალას აფხაზეთისა და 2008 წლის ომში?! იმ დროს, როცა ჩვენ იარაღით ხელში ვიცავდით საქართველოს, გიგა ბოკერია უცხოეთში იყო წამოწოლილი და სოროსის ფონდისგან დაფინანსებულ პროექტში მონაწილეობდა, სწავლობდა, როგორ უნდა ეღალატა საქართველოსთვის. თუ ერთ ფაქტს მაინც მოიტანენ ჩვენი რუსეთთან თანამშრომლობისა, საერთოდ დავტოვებ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მაგრამ ასეთი ფაქტი ვერ მოაქვთ და იძახონ, ბოლოს, მობეზრდებათ და ხალხიც გაიცინებს, რადგან არაფერი არსებობს. თუ მამათმავლობასთან, ეკლესიის მტრებთან ბრძოლა რუსეთია, მაშინ არ ვიცი! გამოვდივარ ინიციატივით, რომ სიცრუის დეტექტორზე შევამოწმოთ ყველა პოლიტიკოსი და დაისვას ერთადერთი კითხვა _ ვართ თუ არა რუსეთთან რამენაირად დაკავშირებული და პირობას გაძლევთ, რომ პირველი მე გავალ მთელი საქართველოს წინაშე, მაგრამ მერე მოვითხოვ, ნათელაშვილის ოფისში რომ გოიმკლასტერი იკრიბება, მივიდნენ და იმათაც გაიარონ ანალოგიური შემოწმება სიცრუის დეტექტორზე და გარანტიას გაძლევთ, 80% რუსეთის „ფსბ“-ს აგენტურული ქსელის წარმომადგენელი აღმოჩნდება. 

_ საერთოდ, როცა ახალი პარტია იქმნება, ჩნდება კითხვა _ ვინ აფინანსებს ამ პოლიტიკურ მოძრაობას. ამ თემაზე ღიად სასაუბროდ, მზად ხართ? 

_ ვინმემ, ოდესმე, დასვა კითხვა, ვინ აფინანსებს ნაციონალურ მოძრაობას ან ბოკერიას პარტიას? ან საიდან აქვს მილიონები გიგი უგულავას?! ცოტა მეცინება ხოლმე, რომ ამ ბიუჯეტის ქურდებსა და სახელმწიფოს ვირთხებს აინტერესებთ, ჩვენ საიდან ვფინანასდებით. წარმოიდგინეთ, კეზერაშვილი, რომელიც როცა პარლამენტის დეპუტატი ვიყავი, მიხეილ სააკაშვილს დასდევდა დახეული ფეხსაცმელებით, მისი ერთ-ერთი ხელის ბიჭი იყო და მთელ პარლამენტს გვეცოდებოდა, რომ ზაფხულში დახეული, ე.წ. ბასანოჩკებით დადიოდა, დახეული პიჯაკი ეცვა, ერთ-ერთმა დეპუტატმა მეორადების მაღაზიაში უყიდა ახალი „ბასანოჩკები“, უცებ, ორ წელიწადში, მილიონები გაუჩნდა და დღეს ტელევიზია გააკეთა. ეს ტელევიზია მე მეკითხება, საიდან ფინანსდება თქვენი პარტიაო! 

ერთი ოფისი გვაქვს, რომელშიც ვიხდით 300 დოლარს. ჩვენი ყრილობა დაჯდა 700 დოლარი და სამოძრაო ფული, ძალიან მცირე თანხაა. ეს არის კოლოსალურად მცირე თანხა. სხვა პარტიები ყრილობებში 20-30 ათასს, საარჩევნო კამპანიაში კი რამდენიმე მილიონ დოლარს ხარჯავენ. ჩვენ საკმაოდ მწირი ფინანსები გვაქვს, ყველაფერს ვაფინანსებთ მე, ირაკლი შიხიაშვილი და ორი-სამი ჩვენი მეგობარი, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ 400-500 ლარი შემოსწირონ პოლიტიკურ პარტიას.

თათია გოჩაძე