ერევანში პოლიციამ დააკავა საპროტესტო აქციის 280-ზე მეტი მონაწილე

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერევანში დილიდან გაგრძელდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული „დაუმორჩილებლობის აქცია“ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ერევნის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს და სავტომობილო მოძრაობა შეაფერხეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა გზის ძალით გახსნა და აქციის მონაწილეთა დაკავება. ერევნის პოლიციის ცნობით, 11:00 საათისთვის დაკავებული იყო 286 პირი.

სომხეთში აპრილიდან მიმდინარეობს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლები, "დაუმორჩილებლობის აქციები" კი, 2 მაისიდან დაიწყო.

ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობასა და განზრახვაში, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც აპრილში, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთისგან ელოდება მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ მოთხოვნების თამასის დაწევას.

ოპოზიციისთვის მიუღებელია აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის ნებისმიერი პოლიტიკური სტატუსი. ფაშინიანის ოპონენტები აცხადებენ, რომ სომხეთში დაწყებული საპროტესტო მოძრაობა მთავრობის დამხობას გამოიწვევს. თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვს.

რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 2020 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა ყარაბაღის არაერთ რაიონზე.