აფხაზეთის მოსახლეობას იარაღის ფლობის უფლება მისცეს

ვერსია
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთში მოქალაქეებს იარაღის ფლობის უფლება მისცეს. 1 მარტს ძალაში შევიდა კანონი იარაღის შესახებ. ახლა ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს მისი შეძენა, გაფორმება და კანონიერად ფლობა შეუძლია.

აფხაზეთში იარაღი თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ფორმალურად, რიგით მოქალაქეებს ეს ეკრძალებოდათ. ამიერიდან ვითარება იცვლება.

სამოქალაქო იარაღის (სანადირო და სპორტული) ოფიციალური ფლობა 18 წლიდან შეიძლება, გრძელლულიანის – 21 წლიდან, ხოლო პისტოლეტების და რევოლვერების – 27 წლიდან.

რა ვითარებაა აფხაზეთში იარაღთან დაკავშირებით, რატომ გახდა საჭირო ახალი კანონის მიღება და რას შეიცვლის ის – ამის შესახებ JAMnews– ს კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი და მთავარი ინიციატორი, პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ილია გუნია ესაუბრა.

რატომ გახდა საჭირო ახალი კანონი
როდესაც აქ (პარლამენტში) მოვედი, უკვე არსებობდა ასეთი კანონპროექტი, რომელიც უკვე იყო პირველი მოსმენით მიღებული.

მაგრამ ის არათუ არეგულირებდა არსებულ ვითარებას, არამედ უბრალოდ აკრძალვებს აწესებდა. ანუ ვის შეუძლია, ვის არ შეუძლია. იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონოდათ სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, პროკურორებს, დეპუტატებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას – ანუ ჩინოვნიკებს.

ეს იმ დროს, როცა ომისშემდგომი პერიოდის 30 წლის განმავლობაში მთელი აფხაზეთი შეიარაღებულია. ჩვენთან იარაღი ყველას აქვს სახლში და ეს ყველამ მშვენივრად იცის. პრობლემა ისაა, რომ კანონის თანახმად, ეს იარაღი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ გვაქვს.