ხანძარი გალში - დივერსია თუ სტიქია

ვერსია
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფლებში ტყის მასივებიდან გავრცელებული ხანძარი თითქმის სრულად ლიკვიდირებულია. „რადიო თავისუფლების“ წყარო ოკუპირებული გალიდან იუწყება, რომ წუხელ ხანძრის კერები ჩააქრეს სოფელ სიდასთან და ქვემო ბარღებში, სადაც საცხოვრებელი სახლები დაწვას გადაურჩა. სამი სახლი დაიწვა სოფელ ზემო ბარღებში. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილობრივების თქმით, ხანძარმა გაანადგურა თხილის ბაღები, ყანები. ამასთან, ხანძრის გარდა, გალის რაიონის სოფლები დააზარალა ძლიერმა ქარმაც, სახლებს სახურავები გადახადა. ოკუპირებული გალის რაიონის ტყეებში ხანძრები 4 იანვარს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად მოედო ათამდე სოფლის დასახლებულ ტერიტორიებსაც. ადგილობრივ მეხანძრეებთან ერთად სოფლების მცხოვრებნი ცეცხლს საკუთარი ძალებით აქრობდნენ.

ხანძრის გამო, საქართველოს მთავრობამ დე ფაქტო ხელისუფლებას დახმარება შესთავაზა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ე.წ. ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების შესახებ.

გალის რაიონში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით „ვერსია“ კონფლიქტოლოგსა და ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი წყარო გალიდან დივერსიულ აქტს გამორიცხავს:

„ვინც მე მესაუბრება, ისინი დივერსიულ აქტს გამორიცხავენ. სოფლის მეურნეობის ამუშავება ხომ თებერვალში იწყება და საერთოდ, არსებობს პრაქტიკა, რომ მინდვრებს წვავენ მიწის დამუშავების წინ, რომ მიწა მომზადებული იყოს და ამბობენ, რომ ქარის გამო გავრცელდა ცეცხლი, თუმცა სრული ინფორმაცია არ მაქვს, ეს მაქვს ერთი წყაროსგან. საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო შეთავაზება დახმარების, სახანძრო მანქანების სახით და არ მიიღეს ეს დახმარება“,- აცხადებს არეშიძე.

თათია გოჩაძე