უარგუმენტო არგუმენტი, რომლის გამოც სასტუმროები და რესტორნები არ იხსნება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შესაძლოა, წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას. ამ დასკვნამდე მივიდნენ სასტუმროებისა და სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც 26 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შეხვდნენ. სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ შეზღუდვები 1 თებერვლიდან მოიხსნას, თუმცა უშედეგოდ - მთავრობის წევრებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. სამაგიეროდ, უკვე გადაწყვეტილია, რომ 1 თებერვლიდან საქართველოში საერთაშორისო ფრენები აღდგება, ოღონდ გაუგებარია, დაკეტილი სასტუმროების, კაფე-ბარებისა და რესტორნების ფონზე, რა აზრი აქვს საერთაშორისო ფრენების აღდგენას?  მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან შეხვედრის დეტალებზე „ვერსიას“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ესაუბრა.  

 

- შალვა, როგორ დასრულდა ტურიზმისა და სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენელთა შეხვედრა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან?

- კრება დარჩა მხიარული.

- რას გულისხმობთ?

- „რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა...“ არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ძველებურად რჩება.

- დააკონკრეტეთ, რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა?

- მთავარი მოთხოვნა იყო იმის ცოდნა, რას ვაპირებთ, რათა სწორი მოლოდინი გვქონდეს - რა იქნება და რა გველოდება ხვალ. ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გვჭირდება, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა იქნება ხვალ, ზეგ, მაზეგ. პასუხი მივიღეთ ერთი - ზუსტად ვიცით, რომ 1 თებერვალს მთის კურორტები არ გაიხსნება. მეტიც, წელს გაიხსნება თუ არა საერთოდ, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

- მთავრობის არგუმენტი რა არის ასეთ მკაცრ შეზღუდვაზე?

- ერთადერთი არგუმენტია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

- მართალია, ხელისუფლება მთის კურორტებს არ ხსნის, მაგრამ გულწრფელად ვაღიაროთ, რომ ამ პირობებშიც კი, ხალხი მაინც ისვენებს ბორჯომში. ვერ ვხვდები, ჩაკეტვას რა აზრი აქვს, ან ვის რას ვუკეტავთ?

- აგიხსნით. იცით, როგორი მდგომარეობა გვაქვს? ბორჯომი ღიაა, ბაკურიანი - დაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ ბორჯომში შეიძლება დასვენება, ბაკურიანში - არა, კახეთში შეიძლება, გუდაურში - არა, საირმეში შეიძლება, მესტიაში - არა. ასეთი გადანაწილება გვაქვს ქვეყანაში.

- მართლა ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს, ეს კურორტები 1 მარტს გაიხსნება თუ არა?

- რომც მითხრან, 1 მარტს გახსენი სასტუმროო, არ გავხსნი, რას ამბობთ?! რა აზრი აქვს 1 მარტს გახსნას? სასტუმროს თავისი პერსონალი ჰყავს, თავისი პროდუქტები და სერვისები გააჩნია, სასტუმრო მთელი ორგანიზმია, საკუთარი სამყარო აქვს, ასე მარტივი არ არის. ორი კვირის გამო, სასტუმროს გახსნა წარმოუდგენელია! გარდა ამისა, სუპერმარკეტისა და მოლებისგან განსხვავებით, სასტუმროს წინ დამსვენებელთა რიგები არ დგას, რომ გახსნისთანავე, ხალხი შემოცვივდეს. თუ წინასწარ მარკეტინგული კამპანია არ ვაწარმოეთ, რომ ვიხსნებით, ხალხმა თუ თავისი დასვენება არ დაგეგმა და ჯავშნები არ მივიღეთ, რა მნიშვნელობა აქვს გახსნას?

- შალვა, ის მაინც ამიხსენით, 1 თებერვალს საერთაშორისო ფრენებს ვის ვუხსნით, ან ტურისტები რომ ჩამოვლენ, მერე სად მიგვყავს?

- ზუსტად ეგ იყო ჩვენი კითხვაც - 1 თებერვალს რომ ტურისტი ჩამოფრინდება, მაგრამ თბილისში არცერთი რესტორანი არ იმუშავებს, სად მიგვყავს? უკაცრავად, მაგრამ „ნიკორაში“ ან „ორ ნაბიჯში“ წავიყვანთ, რომ ძეხვი და პური მაინც მიირთვას.

- სასტუმრო და რესტორანი თუ არ იხსნება, ფრენები გინდა აღდგეს, გინდა - არა... ლოგიკურად გვიჩნდება ეს კითხვა ყველას.

- ეპიდემიოლოგიურ რუკაზე საქართველოს წითელი ფერი აქვს, ანუ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, არასტაბილური და მაღალი რისკის შემცველი ქვეყანა ვართ. ამ მდგომარეობაში ტურისტი რომ ჩამოვიყვანოთ ტუროპერატორებმა და იმ ხალხმა, რომლებსაც ტურისტების ჩამოყვანა შეგვიძლია, ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ერთმა ტუროპერატორმაც რომ თქვას ახლა, 30-კაციანი ჯგუფი მომყავსო, საკოორდინაციო საბჭომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს ხალხი მართლა ჩამოვიდეს და რეგულაციებიც ამას უნდა მოარგონ. ჩვენ ვეხვეწებით, ჩამოგვაყვანინეთ ტურისტები და გვეუბნებიან, არ ჩამოიყვანოთო!

- დავუშვათ, მთავრობის დარწმუნება შეძელით და კი ბატონო, ვხსნით სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესსო, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, მაინტერესებს, მზად ხართ ამისთვის? ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ხომ არ გაუარესდება?

- ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: რა არის ვაქცინა, ორგანიზმში ანტისხეულების შეყვანა, ხომ მართალია. შესაბამისად, იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ანტისხეულებია. მოდით, ვიყოთ ნოვატორები და გამოვაცხადოთ, რომ ქვეყანას ვხსნით მათთვის, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, მოვიწვიოთ ისინი საქართველოს ბალნეოლოგიურ კურორტებზე, სადაც დაისვენებენ და გამოჯანმრთელდებიან კიდეც. ამ ხალხისთვის გავაკეთოთ ანტისხეულების ტესტი, რომელიც 8 აშშ დოლარი ღირს და ამ ხარჯსაც ჩვენ, სასტუმროები ავიღებთ ჩვენს თავზე. ამ ტესტის შედეგად, თუ ადამიანს ანტისხეულები აქვს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

რატომ არ შეიძლება, ასეთი ხალხი ჩამოვიყვანოთ, აგერ, 350 000 სომეხია, 400 000-მდე აზერბაიჯანელია, რატომ არ შეიძლება, ამ ხალხს გავუხსნათ საზღვრები და ჩამოვიყვანოთ. ნუ ვუყურებთ სხვა ქვეყნებს, ვიყოთ ნოვატორები და ჩვენ გავაკეთოთ პირველად. მოვინდომოთ, რომ რაღაც ჩვენითაც გავაკეთოთ.

- ძალიან კარგი იდეაა, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს თუ გააცანით?

- რა თქმა უნდა, გავაცანი, მაგრამ ამის პრეცენდენტი არ არსებობს მსოფლიოში და ჩვენ როგორ გავაკეთოთო, მიპასუხეს.

- 2020 წლის გაზაფხულზე, პირველი „ლოქდაუნის“ დროს, როდესაც სასტუმროები კოვიდსასტუმროებად გადაკეთდა, ამ ინდუსტრიაში დასაქმებულებს უსაფრთხოების წესების დაცვის უნარ-ჩვევები ხომ გამოუმუშავდათ?

- რა თქმა უნდა. სასტუმროების სექტორის წარმომადგენლებმა ზედმიწევნით კარგად შევისწავლეთ, როგორ უნდა გვემართა კოვიდსასტუმროები. მეტიც, ეს უნარები და ჩვევები მათაც გავუზიარეთ, რომლებსაც კოვიდსასტუმრო არ ჰქონდათ. შესაბამისად, საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა ჩვენს სექტორში, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პანდემიის დროს. არცერთი ჩვენგანი არ ვამბობთ იმას, რომ არ დავიცავთ რეგულაციებს, პირიქით, კოვიდთან ერთად ცხოვრება ვისწავლეთ და ახლა, კოვიდთან ერთად, ბიზნესის კეთებაც უნდა ვისწავლოთ, ესაა ჩვენი მთავარი მესიჯი, რომელიც ვერ გავაგებინეთ.

- შესაძლოა, ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ რა ოდენობის ზარალი მიადგა ტურიზმის სექტორს „ლოქდაუნის“ გამო?

- 2020 წელს, მხოლოდ ტურიზმის სექტორით, ქვეყანამ 8  მილიარდი აშშ დოლარის ზარალი ნახა, რა იქნება 2021 წელს, არ ვიცი...

მაია მიშელაძე