რა ხარვეზები გამოვლინდა კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაავადებების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესდა

არც ისე დიდი ხანია, რაც 40-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიან და უფასო სკრინინგ-კვლევაზე იწვევენ. თუ თქვენი ასაკით ამ სამიზნე ჯგუფში ხართ, მსგავსი შინაარსის მესიჯს აუცილებლად მიიღებდით. ჰოდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად პროდუქტიული და საკმარისია კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები 2018-დან 2021 წლამდე პერიოდში. საქართველოში სკრინინგ-პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის რეკომენდებულ მაჩვენებელთან მნიშვნელოვნად ჩამორჩენის მიზეზები იდენტიფიცირებული აქვთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კიბოს სკრინინგის პროგრამის განმახორციელებლებს. მათ მიერ არსებულ გამოწვევებზე საპასუხო ღონისძიებები ხორციელდება, თუმცა აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეს ღონისძიებები არ არის სისტემური, რეგულარული, კომპლექსური და სათანადოდ კოორდინირებული.

 

ხარვეზები ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის შეცვლაში

ვიდრე სახელმწიფო აუდიტორების დასკვნას გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნების უმრავლესობაში და მათ შორის, საქართველოშიც, კიბოს დროული გამოვლენისა და მკურნალობის ადრეულ სტადიაში დაწყების მიზნით, დანერგილია კიბოს ადრეული გამოვლენის - სკრინინგ-პროგრამები. საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამები დედაქალაქში - 2008 წლიდან, ხოლო რეგიონებში - 2011 წლიდან ხორციელდება და მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და კოლორექტული (მსხვილი ნაწლავის) კიბოს სკრინინგს. დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ანუ 60%-70%.

სამწუხაროდ, საქართველოში, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის ხუთჯერ ჩამოუვარდება რეკომენდებულს და არცერთი კიბოს სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს.

ახლა ვნახოთ, რა ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა. ცნობიერების ამაღლების მიზანია, უზრუნველჰყოს სამიზნე მოსახლეობის დიდი ნაწილის პროგრამაში მონაწილეობა. იქიდან გამომდინარე, რომ სკრინინგის პროგრამები განკუთვნილია ადამიანთა დიდი რაოდენობისათვის, მათში ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციების გათვალისწინება.

„აუცილებელია მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევა გარკვეული შიშებისა და ბუნდოვანების გასაქარწყლებლად, რაც თან ახლავს კიბოსთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვას. მოსახლეობის განათლება ჯანდაცვის სფეროში გულისხმობს უახლესი ზოგადი ინფორმაციის მიწოდებას ინდივიდებისთვის, ან ჯგუფებისთვის, მათი ქცევის შეცვლის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ სამიზნე მოსახლეობასთან გასავრცელებელი ინფორმაცია, თუ გზავნილები უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ გაიდლაინებს, საჭიროა მათი ადაპტირება ადგილობრივი სოციალური ნორმების გათვალისწინებით. გზავნილები უნდა შედგეს საზოგადოებასთან თანამშრომლობით - მარტივი და გასაგები ენის გამოყენებით“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ირკვევა, რომ საქართველოში, სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამები 15 წელია, არსებობს. პროგრამის 15-წლიანი ოპერირების მიუხედავად, მოსახლეობის არასაკმარისი ცნობიერება კვლავ რჩება მოცვის დაბალი მაჩვენებლის ძირეულ მიზეზად. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამაზე საპასუხოდ არ არის შემუშავებული ერთიანი საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გააერთიანებს ცნობიერების ამაღლებისა და ქცევის შეცვლის მიზნით განსახორციელებელ აქტივობებს, საჭირო რესურსებსა და დაინტერესებული მხარეების როლს.

„საქართველოში არ ხორციელდება მიზანმიმართული რეგულარული კამპანია, რომელიც დაფარავს ქვეყნის ყველა რეგიონს. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ (NCDC) მიერ, 2019 წელს განხორციელებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავდა ორ რეგიონს და მომდევნო წლებში აღარ გაგრძელებულა. კამპანია არ ეფუძნებოდა სამიზნე მოსახლეობის კვლევას, რომელიც შეაფასებდა მათ ცოდნასა და დამოკიდებულებას კიბოს სკრინინგის შესახებ და გამოავლენდა სკრინინგ-პროგრამებში მათი დაბალი ჩართულობის მიზეზებს. შედეგად, კამპანიის ძირითადი გზავნილები იყო ზოგადი ხასიათის და ნაკლებად უწყობდა ხელს საზოგადოებაში კიბოს სკრინინგთან დაკავშირებით არსებული მცდარი წარმოდგენების დაძლევას.

ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, არ შეფასებულა მათი გავლენა და ეფექტიანობა. ამ კამპანიას სამიზნე ჯგუფის მოცვის მაჩვენებლების არსებითი ზრდა არ მოჰყოლია. აღსანიშნავია ისიც, რომ არ არის გამართული კიბოს სკრინინგზე სამიზნე მოსახლეობის მოწვევის სისტემა, რაც მოსახლეობის ქცევის შესაცვლელად ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კერძოდ, NCDC-ისა და სკრინინგ-ცენტრის მიერ, სამიზნე მოსახლეობის მოწვევის მიზნით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის პერსონალიზებული, იგზავნება არასისტემატურად და შაბლონური ტექსტის სახით, რაც სკრინინგის მოცვის მაჩვენებლის გაზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს“.

კიბოს სკრინინგის სამიზნე მოსახლეობის უმეტესობა პროგრამაში მონაწილეობაზე უარს ამბობს ინფორმაციის არქონით გამოწვეული შიშის (კიბოს დიაგნოზის. ან სკრინინგის პროცედურის შიში, სკრინინგის შესახებ ზოგადი ინფორმაციის არქონა), ან არასწორი დამოკიდებულების გამო (ელოდება ჩივილს, არ მიდის ექიმთან, თუ ძლიერ არ შეაწუხა ჩივილმა, არ აქვს დრო პროცედურების ჩასატარებლად). აქედან გამომდინარე, სამიზნე მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლის გასაზრდელად პირველი, ძირითადი ნაბიჯი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის შეცვლაზე მუშაობაა.

 

ხარვეზები დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციაში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კიბოს სკრინინგის პროგრამა იზოლირებულია სხვა სახელმწიფო პროგრამებისგან და არ არის განსაზღვრული სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ფუნქცია-მოვალეობები, სკრინინგის პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის მიმართულებით. შედეგად, პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად ოპტიმალურად არ გამოიყენება დაინტერესებული მხარეებისა და სხვა პროგრამების რესურსები.

„პირველადი ჯანდაცვის სექტორი არ ახორციელებს პროაქტიურ ღონისძიებებს სამიზნე მოსახლეობის კიბოს სკრინინგის პროგრამებში ჩასართავად. კერძოდ, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ღონისძიებები უმეტესად ვიზიტზე მისული პაციენტების ინფორმირებით შემოიფარგლება მაშინ, როდესაც კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს პაციენტის რეფერირებას სკრინინგის განმახორციელებელ დაწესებულებაში, პაციენტის სკრინინგ-პროცედურაზე მოწვევის პროცესში ჩართულობასა და სხვა. საქართველოში სოფლის ან ოჯახის ექიმების დაახლოებით მესამედი ახორციელებს პაციენტების რეფერალს სკრინინგ-პროგრამებში. ოჯახის ან სოფლის ექიმების ნაკლებჩართულობას ადასტურებს აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული სამიზნე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც კიბოს სკრინინგის პროგრამების შესახებ გამოკითხულთა 6%-ს სმენია ოჯახის ექიმებისგან“.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ აუდიტის ობიექტების მხრიდან არ განხორციელებულა სკრინინგ-პროგრამებში პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლის გააქტიურებისკენ მიმართული სისტემური ღონისძიებები. მათთვის არ არის გაწერილი სკრინინგ-პროგრამებთან დაკავშირებული შესაბამისი ფუნქციები და არ ხორციელდება ამ მიმართულებით მათი საქმიანობის მონიტორინგი. პირველადი ჯანდაცვის ექიმების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ნახევარზე მეტს არ გაუვლია კიბოს სკრინინგის პროგრამებთან დაკავშირებული ტრენინგები და არ მიუღიათ მითითებები პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარებთან კომუნიკაციისთვის საჭირო გზავნილების შესახებ.

„მუნიციპალიტეტების მიერ, კიბოს სკრინინგის პროგრამების მხარდაჭერა სუსტია, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების რესურსი აუთვისებელია კიბოს სკრინინგის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მოსახლეობის ქცევის შეცვლის მიმართულებით. აუდიტის ჯგუფის მიერ, ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ 13 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ხუთმა განახორციელა ღონისძიებები სამიზნე მოსახლეობის სკრინინგის პროგრამებში ჩასართავად, ხოლო 11 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან ხუთს - 2018-2021 წლებში, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მხარდამჭერი არცერთი ღონისძიება არ განუხორციელებია. მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისთვის არ არის გაწერილი კონკრეტული ვალდებულებები, მათი ფუნქციები და როლი კიბოს სკრინინგის ხელშეწყობის მიმართულებით. ამის გამო, მათი ჩართულობის მასშტაბი და ხარისხი კონკრეტული მუნიციპალიტეტის ინიციატივაზეა დამოკიდებული და ვერ უზრუნველჰყოფს კოორდინირებულ მუშაობას კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უკეთესი შედეგების მისაღწევად“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სკრინინგის მომსახურებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად გამოიყენება მამომობილები, თუმცა მამომობილების რესურსი აუთვისებელია პროგრამის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ბარიერის შესამსუბუქებლად. დაინტერესებულ მხარეებს შორის სათანადო კოორდინაციის შედეგად, მოსახლეობის მობილიზების ღონისძიებების გააქტიურებით, მამომობილებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი ვიზიტის ფარგლებში მოემსახურონ მეტ ბენეფიციარს, ასევე ვიზიტები განახორციელონ უფრო მეტ მუნიციპალიტეტში. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების გასაუმჯობესებლად.

 

სახელმწიფო აუდიტორების რეკომენდაციები

მას შემდეგ, რაც კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებში ქვეყნის მთავარმა მაკონტროლებლებმა ხარვეზები გამოავლინეს, მათ აღმოსაფხვრელად და გამოსასწორებლად, გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროსთან ერთად, სკრინინგ-პროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, განახორციელოს სისტემური და რეგულარული ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებები.

იმისთვის, რომ ღონისძიებები იყოს ქმედითი, მნიშვნელოვანია: შემუშავდეს საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გააერთიანებს განსახორციელებელ აქტივობებს, საჭირო რესურსებსა და დაინტერესებული მხარეების როლს; ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული კამპანიები და მის ფარგლებში გამოყენებული გზავნილები დაიგეგმოს მოსახლეობის დაბალი ჩართულობის რეალური მიზეზების შესაბამისად; უზრუნველყოფილ იქნეს დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაცია და მათი ჩართვა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში; გაანალიზდეს და შეფასდეს ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შედეგები, სამომავლოდ უფრო ქმედითი ღონისძიებების შერჩევის მიზნით; სკრინინგ-პროგრამების სამიზნე მოსახლეობის ქცევის შეცვლის მიზნით, რეგულარულად დააგზავნოს პერსონალიზებული მოწვევები საქართველოს მასშტაბით, რისთვისაც აუცილებელია სამიზნე მოსახლეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება.

სამინისტრომ NCDC-სთან ერთად, კიბოს სკრინინგ-პროგრამის სხვა პროგრამებთან ინტეგრაციისა და დაინტერესებული მხარეების რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, ხელი შეუწყოს კოორდინაციის პროცესის გაუმჯობესებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია: შეიმუშაოს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების პოტენციური როლებისა და ფუნქციების ამსახველი სქემა-გზამკვლევი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება მათთან სამომავლო კოორდინაციისათვის; გაწეროს მათთან კოორდინაციის ფორმა, პერიოდულობა, მიზანი და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირები; შეიმუშაოს დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და შესაბამისი უკუკავშირის-რეაგირების მექანიზმი“.

 

მაკა რუხაძე