ეს ყველა მეწარმემ უნდა იცოდეს! - ვის შეეხება ახალი საგადასახადო შეღავათები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ახალი ცვლილებების ავტორები და ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი არიან. დაჩქარებული წესით ამ კანონოროექტის განხილვას დეპუტატები იმიტომ ითხოვენ, რომ პანდემიისა და ნახევრად „ლოქდაუნის“ გამო გაჩერებული ბიზნესი ცვლილებების დამტკიცებისთანავე ამოქმედდეს. 4 და 5 იანვარს, საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პლენარულ სხდომაზე, დაჩქარებული წესით, ცვლილებების პროექტს პირველი და მეორე მოსმენით კენჭი უყარეს.

კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტული სახის საგადასახადო შეღავათი დაწესდება ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის; დავის განმხილველ შესაბამის ორგანოებს უფლება ექნებათ, რომ საჩივარი დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით განიხილონ; საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება ექნებათ, 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის გადასახდელი, საშემოსავლო გადასახადის გადახდისათვის განსაზღვრული ვადა, არაუგვიანეს 2021 წლის 1 ივლისისა გაუგრძელონ გადასახადის იმ გადამხდელებს, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის საქმიანობას კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელს საურავი არ დაერიცხება; პროექტის შესაბამისად, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება 2020 და 2021 წელსაა გათვალისწინებული, გათავისუფლებულია შესაბამისი სახის ქონება.

ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ, რას ნიშნავს ეს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და კონკრეტულად რა სახის შეღავათები ამოქმედდება კანონის მიღებისთანავე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის მასობრივი გავრცელების, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა, თუმცა დღის წესრიგში დადგა გადასახადის გადამხდელებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების აუცილებლობა. მათ შორის, საგადასახადო შეღავათის დაწესება, ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის გადასახადების გადახდის გადავადების შესაძლებლობა, დავის განმხილველი ორგანოებისთვის საჩივრების დისტანციურად განხილვის შესაძლებლობის დაშვება, ასევე, საბაჟო პროცედურების გამარტივება.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, ცალკეული გადასახადის გადამხდელებს შეუმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი. კერძოდ, დაწესდება ახალი საგადასახადო შეღავათები, შეიქმნება გადახდის გადავადების შესაძლებლობა, გამარტივდება დავის წარმოებისა და საბაჟო პროცედურები. ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გამო, გამოიკვეთა საჩივრების დისტანციურად განხილვის მიზანშეწონილობა, ვინაიდან აუცილებელია სოციალური დისტანცირება და ადამიანთა შეკრების მაქსიმალური აღკვეთა. მეორე მხრივ, გადამხდელთა ინტერესია, დროულად შეძლონ დარღვეული ან/და სადავოდ ქცეული უფლებების რეალიზება, დავის განმხილველი ორგანოების ინტერესს კი წარმოადგენს, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელთა საჩივრების განხილვა. ამდენად, კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება, რომ გადასახადის გადამხდელებმა დისტანციურად, დავის განმხილველ ორგანოში მისვლის გარეშე მიიღონ მონაწილეობა საჩივრის განხილვის პროცესში“, _ ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე კანონპროექტის თანახმად, ექვსი თვით, ანუ 2020 წლის 1 დეკემბრიდან ექვსი თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება. ეს ნიშნავს, რომ დამქირავებელი უფლებამოსილია, ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული, 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ, ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება.

ეს არ ნიშნავს, რომ დაქირავებულის ხელფასი მაინცდამაინც 750 ლარი იყოს, რადგან თქვენი დამქირავებელი 750 ლარამდე საშემოსავლოს არ გადაიხდის იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ყოველთვიურად 800, 900, 1000, 1200 ლარს იღებთ. მთავარია, თქვენი ხელფასი 1500 ლარს არ გადასცდეს. ეს საგადასახადო შეღავათი 42 000-ზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 000-ზე მეტ პირს ეხება. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში 270 მილიონი ლარია.

„2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო ექვსი კალენდარული თვის განმავლობაში, გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა, შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს კომპანიებს, თავიდან აირიდონ დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა, რაც მძიმე ტვირთად დააწვება მათ ფინანსურ მდგომარეობას. 2021 წლის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, სასტუმროებსა და რესტორნებში. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30 000-ზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში 45 მილიონი ლარია. გარდა ამისა, ამავე საქმიანობის განმახორციელებელ პირებს (ტურისტული სექტორი, სასტუმროები, რესტორნები), ეძლევათ უფლება, ბიუჯეტში არ გადაიხადონ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 114-ე ნაწილის შესაბამისად გადავადებული საშემოსავლო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ეს საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-მდე კომპანიას, სადაც დასაქმებულია 40 000-მდე პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში 20 მილიონი ლარია“.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტით, შესაძლებლობა იქმნება, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებულ სასტუმროებს, საურავის დარიცხვის გარეშე, 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდებათ. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ №322 დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პრიმა პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში არსებული სასტუმროების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით.

კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენენ, რომ გადასახადის გადავადება დადგენილ საგადასახადო შეღავათთან ერთად, ექვსი თვის მანძილზე, დაეხმარება კომპანიებს შეინარჩუნონ თანამშრომლები. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას, ხოლო გადავადებული გადასახადის ოდენობა 500 000 ლარია.

„კანონპროექტის მიღების შედეგად, 2023 წლამდე, იმპორტის შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხის (საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის) გაანგარიშება განხორციელდება მასში დამატებით კომპონენტების (იმპორტთან დაკავშირებული საფასურები, თანმდევი ხარჯები და სხვა) შეტანის გარეშე. აღნიშნული მიზნად ისახავს საბაჟო პროცედურების გამარტივებას. კერძოდ, ამ საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს შესაბამის ტექნიკურ/პროგრამულ აღჭურვილობას, მისი აღსრულება 2021 წლის 1 იანვრიდან, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პირობებში თითქმის შეუძლებელია, ხოლო ამ დროის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორცილებით, საგადასახადო ორგანოს მიერ ადეკვატური მექანიზმების დანერგვა“.

მართალია, კანონპროექტის მიღებას დამატებითი საბიუჯეტო სახსრები არ დასჭირდება, მაგრამ კანონპროექტი აისახება, როგორც სახელმწიფო, ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ეს იმიტომ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათების გამო, 2020 წლის დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 45 მილიონი ლარით შემცირდება, რომელიც 2021 წლის იანვარში უნდა დადეკლარირდეს, ხოლო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, საშემოსავლო ნაწილი 290 მილიონი ლარით შემცირდება.

„ასე მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის შეღავათი 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირებზე _ ეს საგადასახადო შეღავათი შეეხება 42 000-ზე მეტ კომპანიაში დასაქმებულ 550 000-ზე მეტ პირს. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში 225 მილიონ ლარია; ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადის შეღავათი _ ეს საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-ზე მეტ კომპანიას, სადაც დასაქმებულია 30 000-ზე მეტი პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა ქონების გადასახადში 45 მილიონი ლარია. ქონების გადასახადი ირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში; ტურიზმის სექტორისთვის გადავადებულ საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი _ ეს საგადასახადო შეღავათი შეეხება 1000-მდე კომპანიას, სადაც  დასაქმებულია 40 000-მდე პირი. საგადასახადო შეღავათის ოდენობა საშემოსავლო გადასახადში 20 მილიონი ლარია; მიმდინარე წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების საშემოსავლო გადასახადის გადავადების შესაძლებლობა ტურიზმის სექტორისთვის _ ეს საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას და გადავადებული გადასახადის ოდენობა 500 000 ლარია“.

მთლიანობაში, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტით დადგენილი საგადასახადო შეღავათები 600 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, რაც ჯამში 335 მილიონი ლარია.

 

მაია მიშელაძე