სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს რკინიგზა“ შეამოწმა - რა დარღვევები გამოვლინდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „საქართველოს რკინიგზით“ დაინტერესდა. შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2020-2021 წლებს მოიცავს. აუდიტის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა ელექტრონულ ტენდერებში და შესყიდვებთან დაკავშირებულ, აბსოლუტურად ყველა პროცედურაში.  

ხარვეზები ელექტრონულ ტენდერებში

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხარვეზებია პრეტენდენტისთვის გამარჯვებულის სტატუსის უსაფუძვლოდ მინიჭების ნაწილში. კერძოდ, 247 780 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის საგანს წარმოადგენდა უნიფორმების შესყიდვა. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა დაზუსტებული ფასების ცხრილში ორ პოზიციაზე შეცვალა მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა, რაც დავების განხილვის საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ითვლება ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებად. შესაბამისად, პრეტენდენტი ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, მაგრამ „საქართველოს რკინიგზას“ ეს ბერკეტი არ გამოუყენებია და მიმწოდებელს გაუფორმა 92 642 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება.

„ხარვეზები გამოვლინდა შესყიდვების კანონმდებლობაშიც. 2021 წელს გამოცხადებული, 1 400 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა სამგზავრო გადაყვანების მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის სახელმწიფო შესყიდვა. კომპანიამ ტენდერში უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა, არასათანადოდ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარდგენილ დაზუსტებული ფასების ცხრილში, ცალკეული პოზიციის ღირებულებების ჯამი 0.06 აშშ დოლარით ნაკლები იყო, ამავე ფასების ცხრილში მითითებულ ჯამურ/საერთო ღირებულებაზე. კომპანიამ ელექტრონულ ტენდერებში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების არსებულ რეგულაციებში მოქნილი მექანიზმის არარსებობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტს და გააფორმა 8 600 ლარით მეტი ღირებულების ხელშეკრულება“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ამრიგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი რეგულაციები სრულად ვერ უზრუნველყოფენ შესყიდვების კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზნის - სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სატენდერო მოთხოვნები არასათანადოდაა განსაზღვრული. კერძოდ, 2021 წელს გამოცხადებული 282 374 ლარის სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ლოკომოტივის სასინჯი თხრილის შეკეთების სამუშაოები.

„სატენდერო პირობებით, პრეტენდენტს უნდა ჰქონოდა, მინიმუმ, რკინა-ბეტონის მოწყობის, რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობისა და ელექტროგაყვანილობის განხორციელების გამოცდილება, რაზეც უნდა წარედგინა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს „სამშენებლო კომპანია ბარსიმ“, შერჩევა-შეფასების ეტაპზე, გამოცდილების დასადასტურებლად წარადგინა ტენდერის გამოცხადებიდან ხუთი დღის შემდეგ, ფიზიკურ პირთან გაფორმებული 420 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ეზოს მოწყობის სამუშაოები. სატენდერო კომისიამ პრეტენდენტი გამოაცხადა გამარჯვებულად და გაუფორმა 90 143 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. კომპანიის განმარტებით, მიმწოდებელმა შეძლო სამუშაოების მხოლოდ 15%-ის შესრულება“.

კომპანიის მხრიდან, სატენდერო დოკუმენტაციაში, პრეტენდენტის მიმართ წაყენებული მოთხოვნები არ იყო სათანადოდ განსაზღვრული, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შესყიდვის ობიექტის მოცულობასთან შეუსაბამო გამოცდილების მქონე კომპანია, რომელმაც ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულება.

„ამასთან, სს „საქართველოს რკინიგზამ“ ვერ განახორციელა სათანადო კონტროლი ხელშეკრულების შესრულებაზე და ხელშეკრულება შეწყვიტა დაგვიანებით, რის გამოც ვერ შეძლო 3 820 აშშ დოლარის ოდენობის საგარანტიო თანხის გამოთხოვა. კომპანიის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღისთვის, კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ღირებულება აღემატებოდა საგარანტიო უზრუნველყოფის თანხას და შესაბამისად, აღარ გახდა საჭირო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოთხოვა“, - დაასკვნეს აუდიტორებმა.

ხარვეზები გამოვლინდა ხელშეკრულების ღირებულების დაუსაბუთებლად გაზრდის ნაწილშიც. კერძოდ, 2020 წელს გამოცხადებული 1 080 000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ჯართისა და ფერადი ლითონის დახარისხების, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების შესყიდვა. ხელშეკრულებაში სათანადო დასაბუთების გარეშე შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 39 000 ლარით. კონტრაქტორმა ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების მიზეზად დაასახელა ჯართის დახარისხების ადგილამდე 24 კმ სიგრძის გზის გაყვანისა და მოსწორების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხელის შემშლელი გარემოებების წარმოშობის ფაქტი.

ხარვეზები ელექტრონულ პროცედურაში

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შესყიდვის ელექტრონული პროცედურების პირობების თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 50 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადას. ხშირ შემთხვევებში, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოქმედების ვადა არ შეესაბამება ელექტრონული პროცედურების პირობებით დადგენილ ვადას. თუმცა აღსანიშნავია, რომ არ დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადას არ ფარავდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა.

„კომპანიის შესყიდვების სპეციალურ წესში, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრისთვის დადგენილი ვადების არარსებობის გამო, სხვადასხვა ტენდერში, პრეტენდენტებს, დასაზუსტებელი დოკუმენტების შემდგომი მოძიებისა და წარდგენისთვის, ფაქტობრივად ეძლეოდათ ერთმანეთისგან განსხვავებული ვადები. ეს სრულად არ აკმაყოფილებდა იმავე წესის მოთხოვნას, შესყიდვების განხორციელებისას დაცული ყოფილიყო პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი მიდგომის პრინციპი“.

აუდიტორებმა გაარკვისე, რომ კომპანიის ელექტრონული ტენდერებისა და შესყიდვის ელექტრონული პროცედურების მნიშვნელოვან ნაწილში განსაზღვრული ანგარიშსწორების გრძელვადიანი პერიოდი, შესაძლოა, ამცირებდეს პოტენციური პრეტენდენტების მიერ ტენდერებში მონაწილეობის მოტივაციას და კონკურენციის დონეს, რაც ქმნის შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკს.

„ელექტრომატარებლების დაზღვევის მომსახურების ხუთწლიანი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2021 წლის 25 ივლისს. 2021 წლის შესყიდვების გეგმის შედგენის დროს, კომპანიას ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, შესყიდვის პროცედურის განსახორციელებლად, ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ბაზრის კვლევის პროცედურები კომპანიამ დაიწყო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე, თუმცა საკვლევი ობიექტის კომპლექსურობის გამო, აღნიშნული პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი. შედეგად, ტენდერი ვერ გამოცხადდა წინა ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე, რის გამოც კომპანიას დაუდგა სადაზღვევო მომსახურების გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით გამარტივებული წესით შესყიდვის აუცილებლობა, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის პრინციპს. საბოლოოდ, ამ ხარვეზის გამო, სხვადასხვა დროს, სამ თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, კომპანიას ელექტრომატარებლები არ ჰქონდა დაზღვეული და გარდა ამისა, 14 000 აშშ დოლარზე მეტი გადაიხადა ეკონომიურობის პრინციპის დარღვევით“.

სს „საქართველოს რკინიგზამ“, ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტორებს ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა, რაც არ შეესაბამება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოთხოვნას.

„ჩვენთვის წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უმეტეს შემთხვევებში, სისტემატიზებული და სრულყოფილი არ არის. სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმები არ არის შედგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად. ამის შედეგად, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, უზრუნველყოფს თუ არა კომპანიის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევა კონკურენტული გარემოს შექმნას და ფულადი სახსრების რაციონალურ განკარგვას“.

ავტორი: მაკა რუხაძე