ვინ არის და რა ქონებას ფლობს გიორგი ამილახვარი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოარული ხმები მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, დადასტურდა. 20 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი წარუდგინა - მიხეილ ჩხენკელს, ამიერიდან გიორგი ამილახვარი შეცვლის, რომელიც მანამდე საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ექს-მინისტრმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რათა აკადემიურ საქმიანობას დაბრუნებოდა - ამიერიდან, მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, უცხოელ მრჩეველთა ბორდის თავმჯდომარის პოსტზე განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრისვე შეფასებით, განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი ძალიან წარმატებული ადამიანია, რომელმაც ღირსეული განათლება მიიღო საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში. მეტიც, გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში, ამილახვარი თავის სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობდა. მინიჭებული აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი და არის ასოცირებული პროფესორი. ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ გიორგი ამილახვარი ერთ-ერთი, ძალიან წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებელია და მისი რექტორობის პერიოდში, ამ უნივერსიტეტმა ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია. ვფიქრობთ, საინტერესოა, დეტალურად გავეცნოთ, ვინ არის და რა ქონებას ფლობს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი.

ახლადწარდგენილი მინისტრის გეგმები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენის შემდეგ, გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინსიტრს და მთლიანად გუნდს, გამოცხადებული ნდობისთვის. მისი თქმით, მართალია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, მაგრამ კვლავ რჩება მთელი რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სწრაფი რეაგირება და გადაჭრა სჭირდება:

„ჩვენ გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის და ეს იქნება ის ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანია მასწავლებლების პროფესიის ღირსებისა და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის. აუცილებლად, დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს შევთავაზებთ ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის. აუცილებლად, აქტიურად მხარს დავუჭერთ უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას, ჩვენს ევროპელ და დასავლელ უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული და დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში. პროფესიული განათლება, ჩემი მინისტრობის პერიოდში, გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში, ჩვენ შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას, რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

ვინ არის გიორგი ამილახვარი

ქართული „ვიკიპედიის“ მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი იურისტი და პოლიტიკოსი გახლავთ. 2015-2017 წლებში, გიორგი ამილახვარი „დეგუსტოს“ მმართველი პარტნიორი იყო; 2017 წელს, მიიღო სამართლის დოქტორის სტატუსი; 2007-2008 წლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მთავარი სპეციალისტი იყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში; 2008-2010 წლებში, გიორგი ამილახვარი ლიეტუვური საინვესტიციო კომანია შპს „სავერუსის“ საქართველოში ფილიალის - „სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი გახლდათ; 2010-2020 წლებში - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი და ასოცირებული პროფესორი იყო სამართალში; 2018-2019 წლებში იკავებდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.

2020 წლიდან, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით.

სხვათა შორის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიისას, გიორგი ამილახვარი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე. რეკონსტრუქციის მიმდინარეობისას, ბუნებრივია, შესაძლებელია ტექნიკური შეფერხება, რამაც შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს“.

რეაბილიტირებული შადრევანი, სადაც ბავშვებს დენმა დაარტყა, იქვე მდებარე მცირე კასკადთან ერთად, წინა დღეს, 12 ოქტომბერს, საზეიმოდ გაიხსნა. მოგვიანებით, ამ განცხადებისთვის, მაშინდელმა დეპუტატმა გიორგი ამილახვარმა ბოდიში მოიხადა.

 

ქონებრივი დეკლარაცია

ქონებრივი დეკლარაციის დეტალურად გაცნობისთანავე ირკვევა, რომ ყოფილი დეპუტატი გიორგი ამილახვარი საკმაოდ შეძლებულია, რომელიც ფლობს ჰექტრობით მიწის ნაკვეთებს შინდისში, რამდენიმე ბინას და კომპანიებს.

დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს, გიორგი ამილახვარმა შინდისში, 2 300 კვადრატული მიწა შეიძინა, რაშიც 798 000 ლარი გადაიხადა. ამ ნაკვეთის ერთ მხარესაა ორი ფეშენებელური სახლი, ხოლო მეორე მხარეს - კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთები. ამილახვრის საკუთრებაშია ბინა, რომელიც ტატიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ის ქონებას ფლობს ლეონიძის ქუჩაზეც, თანამესაკუთრეებთან ერთად. ნახევარი მილიონი გადაუხდია ამაღლების ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსის საცხოვრებლად განკუთვნილ ბინაში - მეორე სართულისა და ტერასის ჩათვლით, ამ ბინის ფართი 390 კვადრატული მეტრია.

გარდა უძრავი ქონებისა, გიორგი ამილახვარის საკუთრებაშია „მერსედესის“ მარკის ორი ახალი, ძვირადღირებული ავტომობილი და 25 000 ლარად შეფასებული საათი. ყოფილი დეპუტატი თანხას არ ზოგავს მოგზაურობებსა და ტანსაცმელში - 2022 წელს, ოჯახმა 70 000 ლარი დახარჯა საზღვარგარეთ მოგზაურობაზე, სახლის რემონტში - 20 000 ლარი, ტანსაცმელში კი - 50 000 ლარი. 2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,  გიორგი ამილახვრისა და მისი მეუღლის წლიური ხარჯები მილიონამდე ლარი იყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაჯის ძვირადღირებული საათები გიორგი ამილახვრის „სისუსტეა“. თუმცა საათი ერთადერთი ნივთი არ გახლავთ, რომელშიც მან სოლიდური თანხა გადაიხადა - ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ გასულ წლებში, ოჯახმა ძვირადღირებული ფერწერული ტილოებიც შეიძინა.

უფრო ზუსტად, 2022 წელს, მაჯის საათში, გიორგი ამილახვარმა 9 700 ევრო გადაიხადა, რაც დაახლოებით, 30 000 ლარი გახლავთ. ძვირადღირებული საათი შეუძენია პარლამენტარის მეუღლესაც და 4 900 ევრო ანუ 15 000 ლარი გადაუხდია - საათების ბრენდები დეკლარაციაში მითითებული არ არის. ამავე დეკლარაციის მიხედვით, 2022 წელს, გიორგი ამილახვარის მეუღლეს სხვა ძვირადღირებული ნივთიც შეუძენია - ოქროს ბეჭედი, რომელშიც 3 200 ევრო გადაიხადა.

შვილების სწავლის დასაფინანსებლად, გასულ წელს, გიორგი ამილახვარის მეუღლემ 25 000 ლარი და 5 900 აშშ დოლარი, ჯამში - 42 000 ლარი გადაიხადა. შვილების სახელზე, ამილახვარს „პროკრედიტ ბანკში“ ანაბარიც აქვს გახსნილი, ორივე შემნახველ ანგარიშზე, ჯამში - 50 000 აშშ დოლარზე მეტი ირიცხება.

რაც შეეხება შემოსავლებს, გასულ წელს, გიორგი ამილახვარის შემოსავალი 47 157 ლარი იყო, რასაც ემატება ფართობის გაქირავებიდან მიღებული 18 816 ლარი. მისმა მეუღლემ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი - 633 913 ლარი გამოიმუშავა, რადგან შპს „თოუ დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახლავთ. რეესტრის მონაცემებით, ამ კომპანიას მისი დაფუძნების დღიდან ანუ 2013 წელს, უშუალოდ, გიორგი ამილახვარი ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მართვაში მეუღლეს გადასცა. გიორი ამილახვარის მეუღლე შპს „ნიმის“  და „ნიმი 1“-ის დირექტორიცაა და ამ კომპანიებს გიორგი ამილახვარი ფლობს.

სამი კომპანიის მართვასთან ერთად, ექს-დეპუტატის მეუღლე ორ უნივერსიტეტშიც მუშაობს - ის თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერი და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თბილისის ღია  სასწავლო უნივერსიტეტის  50%-იანი წილს გიორგი ამილახვრის მამა, ზაურ ამილახვარი ფლობდა. 2012 წლიდან, ის უნივერსიტეტის 100%-იანი წილის მფლობელი იყო და დირექტორიც თავად გახლდათ. 2017 წლიდან, კომპანიის თანადირექტორად გიორგი ამილახვარი დანიშნეს. 2021 წლის თებერვალში, რეესტრში ასახული მონაცემების მიხედვით, უნივერსიტეტის მფლობელი „ველოქს ედიუქეიშენია“. ამ კომპანიის წილებს ექვსი ბიზნესმენი ინაწილებს. მათ შორის არიან, რამაზ კუკულაძე - საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, რომლის საკუთრებაშია 32.5%; მარიამ მეღვინეთუხუცესი - საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი, 9.5%-ით; ბიზნესმენი, ლიბერთი ბანკის დირექტორის ყოფილი  მოადგილე დავით წიკლაური, 14%-ით; ავთანდილ ნამიჩეიშვილი - სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალის" დირექტორთა საბჭოს წევრი, 11%-ით; ნიკოლოზ გამყრელიძე - GHG-ის გენერალური დირექტორი, 11%-ით; არჩილ კონცელიძე - ვითიბი ბანკის გენერალური დირექტორი, 12.5%-ით; ვანო ბალიაშვილი - თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი, 9.5%-ით.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი ამილახვარის ოჯახს სესხი და შესაბამისად, საბანკო ვალდებულებები არ აქვს.

ავტორი: მაკა რუხაძე