წლის პირველ ნახევარში საქართველო რეკორდული რაოდენობის ტრაილერებმა გადაკვეთეს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველო რეკორდული რაოდენობის სატრანზიტო ტრაილერებმა გადაკვეთეს, კონკრეტულად კი ქვეყნის ტერიტორია 209 ათასმა ტრაილერმა გადაკვეთა, რაც წინა წელთან შედარებით 51 ათასი ტრაილერით მეტია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ყოველდღიურად 1,150-ზე მეტი ტრაილერი კვეთდა.

იანვარ-ივნისში საქართველოს ბიუჯეტმა ტრანზიტული ტვირთებიდან 41.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო – საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.

საფასურის ზრდის შედეგად, 2022 წელს საერთაშორისო ტრანზიტის შემოსავალი 90 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს, 2023 წლისთვის კი ის სავარაუდოდ 150 მილიონ ლარს მიაღწევს.

“ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშვნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტრუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები.” – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სამინისტროს განმარტებით, სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე.

წყარო: https://jam-news.net