რას ნიშნავს პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფად აღდგენა, რატომ გაძვირდა პროდუქტები და რას უნდა ველოდოთ 2022 წელს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკურ გზავნილებს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2021 წელს, საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. 10 იანვრის მთავრობის სხდომა პრემიერმა ეკონომიკური ანალიზით გახსნა. 18-წუთიან გამოსვლაში, ღარიბაშვილმა დეტალურად ახსნა, რამ გამოიწვია პანდემიის შემდეგ, როგორც ეროვნული ვალუტის - ლარის გაუფასურება, ასევე ცალკეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა. საკმაოდ ვრცელი გამოსვლიდან, „ვერსიამ“ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოჰყო ანუ ის, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. ესაა ინფლაცია, პროდუქტების გაძვირება და ეკონომიკური ზრდა.

პრემიერ-მინისტრის მთავარი ეკონომიკური გზავნილები, „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკონომიკის ანალიტიკოსმა, ოთარ ანგურიძემ შეაფასა.

 

- ბატონო ოთარ, მთლიანობაში, პრემიერის ეკონომიკური ანალიზი საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი იყო, ამიტომ ინფლაციითა და ლარის კურსის ვარდნით დავიწყოთ. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, ამ მხრივ, რეგიონში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ რამდენად გადამწყვეტია ამ პროცესში ეროვნული ვალუტა - ლარის გაუფასურების მხოლოდ ეგზოგენური (გარე) ფაქტორი?

- პირველ რიგში, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ლარის გაუფასურება და ინფლაცია, რადგან ეს ორი, სხვადასხვა თემაა. ბოლო ერთი წელია, ვხედავთ, რომ ლარი უცვლელად დგას ერთ ნიშნულზე. დიახ, მცირედი გადახრები არის, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში არაფერია საგანგაშო. 1 აშშ დოლართან მიმართებაში, ლარი ხან მცირედით მყარდება, ხან უფასურდება, თუმცა საშუალოდ, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში, 3.10-3.12 ლარის ფარგლებში მერყეობს. პირიქით, ამ დიაპაზონში ლარის მერყეობა კარგიცაა, რადგან როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეძლო და ლარზე კონტროლი დაამყარა. შედეგად, ჩვენ გვაქვს ეროვნული ვალუტის გაწონასწორებული გადახრები, რაც სავსებით რეალური და დამახასიათებელია ჩვეულებრივი, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისთვის და მათ შორის, მყარი ვალუტის განსაზღვრის თვალსაზრისითაც.

ახლა, რაც შეეხება ფასების ზრდას, ეს პროცესი მხოლოდ 2021 წელს არ დაწყებულა. პროდუქტები გაძვირდა მაშინვე, როგორც კი კორონავირუსის პირველი ნიშნები გამოვლინდა. მსოფლიოს მასშტაბით, ფასების ზრდას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯერ ეპიდემია, შემდეგ კი პანდემია გამოაცხადა. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობაში გაჩნდა პანიკა, მით უმეტეს, „ლოქდაუნის“ დროს, პანიკის გამო, ცალკეულ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდა, სახელმწიფოებმა საზღვრები ჩაკეტეს და სტრატეგიული პროდუქტების საკუთარი ქვეყნებიდან იმპორტი შეზღუდეს, რის გამოც, მსოფლიო ბაზარზე გარკვეული პროდუქტების დეფიციტი შეიქმნა. იქიდან გამომდინარე, რომ მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ და დიდწილად, იმპორტზე ვართ დამოკიდებულები, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტების ნაწილში, ბუნებრივია, ნებისმიერი კატაკლიზმები, ეკონომიკური იქნება, პოლიტიკური, თუ სამედიცინო, პირდაპირ აისახება ჩვენს საფასო პოლიტიკაზე.

ფასები გაიზარდა იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელთა იმპორტიორიცაა საქართველო. იმპორტირებული პროდუქტები, ძირითადად, მეზობელი თურქეთიდან შემოდის, სადაც მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა, იქაური ვალუტა - ლირა კატასტროფულადაა გაუფასურებული და ფასებიც გაზრდილია. ამ ვითარებაში, ჩვენთვის ყველაზე პოზიტიური სიგნალი ისაა, რომ ლარის კურსი მყარია, არ აჰყვა ლირის გაუფასურებას, თუმცა ფასები გაიზარდა, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამას ბაზარი არეგულირებს.

- ირაკლი ღარიბაშვილმა პანდემიამდელი და პანდემიის შემდგომი ეკონომიკური მდგომარეობებიც შეადარა და თქვა, რომ პანდემიის შემდეგ, სწრაფად აღდგა ეკონომიკა. სხვათა შორის, ამ თემას პრემიერმა ადრეც გაუსვა ხაზი, რასაც მისი ოპონენტების ქილიკიც მოჰყვა. რა საფუძველი აქვს ღარიბაშვილის ასეთ განცხადებას ანუ როგორ მოვახერხეთ, რომ პანდემიის შემდეგ, ეკონომიკა სწრაფად აღდგა?

- პირველ რიგში, ეს მოხერხდა იმიტომ, რომ ბიზნესი და მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. რეგულაციები, რომლებსაც მთავრობა აწესებდა, წინასწარ იყო გავლილი ბიზნეს-ასოციაციებთან ანუ შეზღუდვებს, რაც მთავრობას უნდა დაეწესებინა, ბიზნესი მომზადებული ხვდებოდა. მარტივ მაგალითს გეტყვით, გარკვეულმა კომპანიებმა წინასწარ შემოიტანეს თერმოსკრინინგის აპარატები, სადეზინფექციო საშუალებები და ახლა, როდესაც, პრაქტიკულად, ყველა სასტუმროსა და რესტორანში კოვიდპასპორტებია საჭირო, შესაბამისი სკანერებიც აქვთ და საჭირო აპარატურითაც არიან აღჭურვილები. მთავრობამ კოვიდშეზღუდვები ბიზნესთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შემოიღო, რამაც ბიზნესს სწრაფი ადაპტაცია და ახალ რეალობაზე გადართვა გაუადვილა.

- გასაგებია, მაგრამ რას ნიშნავს ეკონომიკის აღდგენა?

- აგიხსნით. 2019 წელს, საკმაოდ კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები გვქონდა. ეს იყო პერიოდი, რომელიც ტურიზმის განვითარების პიკით გამოირჩეოდა. მოკლედ, 2019 წელს, პანდემია არ ყოფილა. 2020 წელს, პანდემიის გამო, ეკონომიკა დაპაუზდა, გაჩერებული ეკონომიკის აღდგენა კი იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს დავწეოდით, თუმცა ცალკეული მიმართულებები 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია, ვგულისხმობ ფულად გზავნილებს, რაც 2021 წელს, რეკორდულად გაიზარდა. ერთადერთი, რაშიც 2019 წლის მაჩვენებლებს ჩამოვრჩებით, ტურიზმის სექტორია, თუმცა 2021 წლის მეორე ნახევრიდან, ეს დარგიც საკმაოდ სწრაფად იზრდება და ვფიქრობ, 2022 წელს, აუცილებლად დავეწევით 2019 წლის მაჩვენებლებს.

- მართალია, პანდემიამ ეკონომიკის ყველა მიმართულება დააზარალა, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმმა - სასტუმროების, რესტორნების, კაფე-ბარების სექტორმა მიიღო. ამბობთ, წელს, ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებლებს დაეწევაო, რა გაძლევთ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს?

- რამდენიმე მიზეზია, რაც მაფიქრებინებს, რომ 2022 წელი ტურიზმის სექტორისთვის პროგრესული იქნება. პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს პანდემია დასრულდება, რამაც ძალიან ბევრი პოზიტიური მოლოდინი გააჩინა გლობალურად, მსოფლიო ეკონომიკაში. რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამებს, მართალია, სწრაფად ვრცელდება, მაგრამ სპეციალისტების განცხადებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

გარდა ამისა, დიახ, ტურიზმმა მძიმე დარტყმა მიიღო, მაგრამ იმავდროულად, დივერსიფიცირებაც მოახერხა. ეს ნიშნავს, რომ აქამდე, მხოლოდ რამდენიმე ლოკაცია გვქონდა, სადაც საქართველოში ჩამოსული ტურისტები მიდიოდნენ, დღეს კი, სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ტურისტული ლოკაციები საგრძნობლად გაიზარდა. უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებები და ბევრი სერვისი გაჩნდა ტურისტებისთვის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხარისხი გაიზარდა.

ამასთან, სამედიცინო ტურიზმიც ნელ-ნელა, მაგრამ ვითარდება, ვგულისხმობ წყალტუბოსა და აბასთუმნის გამაჯანსაღებელ ცენტრებს. სწორედ ასეთი პროცესები უწყობს ხელს ტურიზმის ძალიან სწრაფ აღდგენას. მეტიც, უფრო მოძლიერებულები ვართ და მეტი ტურისტის მიღება შეგვიძლია, ვიდრე 2019 წელს ანუ ტურიზმის ინფრასტრუქტურა გაცილებით ძლიერია დღეს, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ყველაფერი ერთად, მაფიქრებინებს, რომ 2022 წელი, ტურიზმისთვის ძალიან კარგი წელი იქნება.