„ზოგიერთი კომპანია მედიკამენტებს 1000%-იანი ფასნამატით ყიდის“ - კონკურენციის სააგენტო

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია ტენდენციები ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე, არსებული პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მედიკამენტების თვითღირებულება ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით, შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში.

„2016-2019 წლებში მედიკამენტების ექსპორტის დონის მოცულობა ზრდის ტრენდით ხასიათდებოდა, თუმცა პანდემიურ 2020 წელს სახეზეა ქვეყნიდან ექსპორტირებული მედიკამენტების საერთო მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც სავარაუდოდ კავშირშია ექსპორტიორ ქვეყნებში GMP სტანდარტის შემოღებასთან.

შერჩეულ 6 სამკურნალო ჯგუფში, ფიქსირდება როგორც 1 კომპანიის მიერ ბაზრის 40% და მეტი წილის ფლობა და შესაბამისად სახეზეა დომინანტური მდგომარეობა, ასევე, კომპანიათა ჯგუფის მიერ, რიგ შემთხვევებში კმაყოფილდება ჯგუფური დომინანტობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზრო წილების სახით და სააგენტოს შეფასებით სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობაც.

2016-2020 წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბაზარზე არსებობს მნიშვნელოვან მოთამაშედ ფორმირების მაღალი ბარიერი, რადგან როგორც იმპორტის, ასევე, ბაზრის საცალო დონეზე 3 მსხვილი კომპანიის შემადგენლობა 2016-2020 წლებში უცვლელია, რასაც გარკვეულწილად განაპირობებს ბაზრის ჰოლდინგური მოწყობისა და ვერტიკალური/ჰორიზონტალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხი. ამასთან, ფარმაცევტული ბაზრის მოქმედი საკანონმდებლო/პრაქტიკული მოწესრიგება, კერძოდ ის ფაქტი, რომ ექიმის მიერ რეცეპტის/დანიშნულების დროს ხდება სამკურნალო საშუალების სავაჭრო დასახელების მითითება, თავისთავად წარმოადგენს ბაზარზე შესვლის მნიშვნელოვან ბარიერს.

სააგენტოს მიერ, რეალიზებული მედიკამენტების კონკრეტული კომპანიების დონეზე ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიები მეტწილად (საერთო რეალიზაციის 50% და მეტი) ახორციელებენ იმ მედიკამენტების რეალიზაციას, რაც წარმოადგენს ამავე კომპანიის/კომპანიების იმპორტირებულ ან/და ჰოლდინგურ ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებს. აღნიშნული გარემოება, სააგენტოს პოზიციით, შესაძლოა წარმოადგენდეს ვერტიკალური/ჰორიზონტალური ინტეგრაციის, ინტერესთა შეუთავსებლობის ან/და ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შედეგს.

საცალო რეალიზაციის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში, ურთიერთჩამანაცვლებელ მედიკამენტებს შორის კონკურენტული წნეხის არსებობის პირობებში, შერჩეული ჯგუფების და რამდენიმე კომპანიის მხოლოდ საცალო რეალიზაციის დონეზე, 2016-2020 წლებში პაციენტი/მომხმარებელი დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურენციის სააგენტო პრობლემად ასახელებს ფასწარმოქმნასაც. ანგარიშის მიხედვით, ზოგიერთი მცირე კომპანია მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებს გაცილებით მაღალი ფასნამატით.

„გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით. კერძოდ, ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე რიგ შემთხვევებში აღწევს 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებშია.

სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ბაზარზე მოქმედი შედარებით მცირე კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ ბაზრის იმპორტის/წარმოების და შესაბამისად საბითუმო მიწოდების დონეზე და თვითღირებულებასთან შედარებით, მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებენ გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევაში ცდება 1000%-ს. ამგვარ მედიკამენტებზე საცალო დონეზე მოთხოვნის არსებობა, სააგენტოს პოზიციით, პირდაპირ კავშირშია ბაზარზე არსებულ ინტერესთა კონფლიქტთან და შესაბამისად გარანტირებულ/ხელოვნურ მოთხოვნასთან.

ანგარიშის თანახმად, ევროპის 15 ქვეყნიდან, ე.წ. „თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა“ მოქმედებს მხოლოდ 3 ქვეყანაში - გერმანია, დანია და გაერთიანებული სამეფო. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის 32 რეგულირების სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცაა External reference pricing, Internal reference pricing, Volume based pricing და ა.შ. სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ბაზრის რეგულირება აუცილებელი მექანიზმია და მომხმარებლებს დაზოგვის საშუალებას აძლევს.

ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა რეგულაციების სიმცირით. რეგულირება ფარმაცევტულ ბაზარზე მნიშვნელოვანია და აღნიშნულს განაპირობებს თავად ბაზრის სპეციფიკა - ბაზარზე მოთხოვნას, ისევე როგორც მიწოდებას ქმნის ფარმაცევტული/სამედიცინო სექტორი, რაც იწვევს ინფორმაციის ასიმეტრიულობას. ერთი მხრივ, სამედიცინო პერსონალი ფლობს სრულ ინფორმაციას მედიკამენტების ხარისხისა და ჩანაცვლებადობის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, მომხმარებელს ამგვარ ინფორმაციაზე წვდომა არ გააჩნია“, - წერია ანგარიშში.

წყარო-pia.ge