2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს - ფასები მსოფლიო მასშტაბით, ყველგან გაიზარდა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო ფასების ზრდა, რაც ასევე აისახა საქართველოში ინფლაციის დონეზე. ინფლაციური ზეწოლის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა პანდემიის პერიოდში დაწყებული შერბილებული პოლიტიკა გაამკაცრა.

2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე (სურსათის ფასების ინდექსი ნოემბერში 27%-ით გაიზარდა), ასევე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯებმა, რაც, ასევე, იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.

წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია. ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა ინფლაციის მაქსიმუმი ბოლო 40 წლის განმავლობაში. გერმანიაში ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა.

იგივე ეხება ევროზონას, სადაც რეკორდული ინფლაციის მაჩვენებელი ფიქსირდება. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის შემდეგ ასევე ყველაზე მაღალია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, ხოლო 2022 წლის ბოლოსთვის მიზნობრივ 3% ნიშნულს დაუბრუნდება, რასაც, დროებითი ფაქტორების მილევასთან ერთად, არსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაცია შეუწყობს ხელს.

ინფორმაციისთვის: დეკემბერში ინფლაციის დონემ თურქეთში 36% პროცენტი შეადგინა, მოლდოვაში - 12.5% (ნოემბერი), ესტონეთში - 12.2%, ბელარუსში - 10.3% (ნოემბერი), უკრაინაში - 10.3%, ლიეტუაში - 9.2% (ნოემბერი), პოლონეთში - 8.6%, რუსეთში - 8.4%, აშშ-ში 6.8%, ევროზონაში - 5.0%.