საქართველოს მთავრობის პროგნოზით, წლიური ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მეტი იქნება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021 წელს ეკონომიკის სწრაფი ტემპებით აღდგენის და ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების მოსალოდნელზე პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა. იანვარ-ნოემბერში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის იანვარი-ნოემბრის ეკონომიკური აქტივობის დონე 3.3%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს მთავრობის პროგნოზი 2021 წლისთვის 10%-ს შეადგენდა, თუმცა ნოემბრის ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 10%-ზე მეტი იქნება.

2021 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი 2022 წლის იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა 11 თვის შედეგები და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების ანალიზი იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდა არის დივერსიფიცირებული და განპირობებულია, როგორც საგარეო მოთხოვნის, ასევე შიდა მოთხოვნის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით.

ამავე დროს, ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის უმრავლეს სექტორებში და ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრეწველობის და მომსახურების სექტორში ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებამ. საქართველოს რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით მოწინავე პოზიციას შეინარჩუნებს მომავალშიც.

2021 წელს ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შეორის საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ირლანდიის ეკონომიკური ზრდის შეფასებას ჩამორჩება, საშუალოვადიან პერიოდში კი (2021-2026 წლებში) საქართველოს ექნება რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოდ 6.2%-ის ოდენობით.

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი გაჯანსაღება ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდით იყო განპირობებული. ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდა აისახა დასაქმების გაჯანსაღებაზეც.

2021 წლის მესამე კვარტალში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.0%-ით (32.5 ათასით) გაიზარდა და 678.0 ათასი შეადგინა. მიმდინარე წელს პანდემიამდელ დონესთან შედარებით საგარეო ვაჭრობის არა მხოლოდ სრული გაჯანსაღება, არამედ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, უკვე იანვარ-ნოემბერში 11 თვის ექსპორტის და ადგილობრივი ექსპორტის დონემ გადააჭარბა 2019 წლის წლიურ მაჩვენებელს. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი გაიზარდა 26.7 პროცენტით და 3,822.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, რაც 12.4%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტის ზრდა ძირითადად ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული, კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტი 28.7 პროცენტით გაიზარდა და 2,809.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდაც იყო მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული და მასში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც პირველადი, ასევე დამუშავებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის და ასევე სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ.

მიმდინარე წელს ტურიზმის სწრაფი ტემპებით აღდგენა მოხდა, კერძოდ მაისიდან გაძლიერდა ტენდენციები ტურიზმის გაჯანსაღების მიმართულებით და ნოემბერში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონემ (პანდემიამდე 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 55% შეადგინა. იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონემ კი 37% შეადგინა, ხოლო წლის მეორე ნახევარში აღნიშნული მაჩვენებელი 51%-ს აღემატებოდა. საქონლის ექსპორტის ზრდისა და ტურიზმის სწრაფი აღდგენის ფონზე გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 9.7% შეადგინა და წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 3.2%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენის დონე 76%-ს შეადგენს,. ამასთან აღსანიშნავია, რომ პანდემია ჯერ არ დასრულებულა და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ჩვეულებრივ ნეგატიურ გავლენას ახდენს სწორედ ახალ ინვესტიციებზე. აღსანიშნავია, რომ რეინვესტირების ზრდა წინა წელთან შედარებით 65%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წელთან შედარებით 36%-ს, რეინვესტირების ზრდა კი თავის მხრივ მიანიშნებს ინვესტორთა გრძელვადიან ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ბიზნეს გარემოს მიმართ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ ეკონომიკური შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფით შეძლო შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სამივე სარეიტინგო კომპანიის (Fitch, Moodys’ და S&P) შეფასებით საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა რეიტინგის გაუარესების გარეშე, რაც ცალსახად პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს ინვესტორთა ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით.