1 მარტიდან ელექტროენერგიის დღის და ღამის ტარიფები ამოქმედდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რას ნიშნავს დენის დიფერენცირებული ტარიფი

2022 წლის 1 მარტიდან, ელექტროენერგიის დღის და ღამის ტარიფი ამოქმედდება. ამ ცვლილებით, დღისა და ღამის საათებში, სხვადასხვა საწარმოები ელექტროენერგიის განსხვავებული, დიფერენცირებული ტარიფით სარგებლებენ. ეს სერვისი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი), „სინიუსს“ აუხსნეს, რომ დროში დიფერენცირებული ელექტროენერგიის ტარიფით სარგებლობას ფიზიკური პირები მას შემდეგ შეძლებენ, რაც მოსახლეობის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით ჩანაცვლდება.

 საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მთავრობისვე დადგენილებით, პროცესი 1 მარტამდე გადავადდა. ენერგეტიკულ ბირჟაზე, დენის ტარიფი საათობრივად ჩამოყალიბდება. ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელის, ირინა მილორავას განმარტებით, ამჟამად, ბირჟა სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ ღამის ტარიფი უფრო დაბალია, ვიდრე დღის და განსაკუთრებით, პიკის საათის ტარიფი.

„აქედან გამომდინარე, ის საწარმოები, რომლებიც ივაჭრებენ საბითუმო ბაზარზე, ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით - თუ საწარმოს ტექნოლოგიური ციკლი იძლევა შესაძლებლობას, რომ მოხმარება გადაიტანოს არაპიკურ საათებში, ასეც უნდა მოიქცეს, რათა შეამციროს მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. რაც შეეხება იმას, თუ როდის და როგორ აისახება მოსახლეობაზე საბითუმო ბაზარზე ჩამოყალიბებული განსხვავებული ტარიფები, რა თქმა უნდა, ამას დრო დასჭირდება. პირველ რიგში, უნდა გაჩნდნენ მიმწოდებლები. ახლა, ბაზარზე ორი ტიპის მიმწოდებელია: თავისუფალი მიმწოდებელი და საჯარო მიმწოდებელი/უნივერსალური/ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, რომელიც რეგულირებულ ტარიფად მიაწვდის ელექტროენერგიას მოსახლეობას. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი თემა - ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები. მომხმარებელმა რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლოს, მრიცხველი უნდა აღრიცხავდეს საათობრივად ელექტროენერგიას. საათობრივად თუ არა, მინიმუმ დღის, ღამის და პიკის პერიოდებს უნდა აღრიცხავდეს მრიცხველი იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რა ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა მოქალაქემ, დღისით, ღამით და რამდენი - პიკის საათებში“, - განაცხადა ირინა მილორავამ.