აფხაზეთში ფრენების განსაახლებლად საკუთარი ავიაკომპანიის შექმნას აპირებენ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთს აეროპორტის გასახსნელად საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა მოუწევს, სხვა გზა არ არსებობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

საჰაერო მიმოსვლის გახსნა 2024 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ სანქციების ქვეშ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და ინფორმაცია მის შესახებ დოკუმენტებიდან ამოიღო.

შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლა ოფიციალურად მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებართვით შეიძლება გაიხსნას. თუმცა, აფხაზეთს აქვს შესაძლებლობა დაიწყოს საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ მის დამოუკიდებლობას. მაგრამ აქაც არის პრობლემა სანქციების სახით ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო საჰაერო გაერთიანება IATA-ს წევრები არიან. ასეთი შეზღუდვების გამო, სოხუმის აეროპორტის გახსნის შემთხვევაშიც კი, რუსული ავიახაზები რეისებს აფხაზეთში ვერ განახორციელებენ.

სწორედ ამიტომ, აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საკუთარი, აფხაზური ავიაკომპანიის შექმნის აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

„ჩვენ დაგვჭირდება საკუთარი ავიაკომპანიის შექმნა, რათა განვავითაროთ საჰაერო მარშრუტები. ავიაკომპანიის პროექტი ძალიან ძვირი დაჯდება. ამის მოგვარება ერთ წელიწადში ძნელი იქნება “, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტის რემონტისთვის საჭირო ფინანსები, აფხაზეთის ხელისუფლების თხოვნით, მოსკოვმა უკვე გამოყო.

არსებული გეგმის მიხედვით, სამგზავრო ფრენების განახლება აფხაზეთში 2024 წლის იანვრისთვის არის დაგეგმილი.

ბჟანიას თქმით, სოხუმის აეროპორტისთვის არსებული საერთაშორისო სანქციების გამო, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსული აეროპორტების კოდები. თუმცა, ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს პრაქტიკაში – საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის წესების მიხედვით, თითოეულ მოქმედ სამგზავრო აეროპორტს უნდა ჰქონდეს თავისი უნიკალური IATA კოდი, რომელსაც იყენებენ ავიაკომპანიები, ავიაბილეთების სააგენტოები, კომპიუტერული დაჯავშნის სისტემები და ა.შ.

 

წყარო: JAMnews