რატომაა უკეთესი საარჩევნო ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიებით ანუ საარჩევნო ექსპერიმენტი კრწანისში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არჩევნები 2021

 როგორ დაიზოგება ხარჯები „სმარტმატიკის“ ხმის მთვლელი აპარატებით

 ავტორი: მაკა რუხაძე

 2021 წლის 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები #4 კრწანისის საარჩევნო ოლქში განსხვავებულად ჩატარდა. ეს იყო საპილოტე პროექტი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის - ცესკო თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიორიძემ განახორციელა. სიახლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქში, 31-ვე საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა. რეალურად, ხმების დათვლის ელექტრონული მეთოდი ერთადერთი შესაძლებლობაა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ყოველგვარი მანიპულაცია კენჭისყრის დღეს. რაც მთავარია, სწორედ ამ სიახლის საშუალებით, შედეგების მიღების შესაძლებლობაიქმნება კენჭისყრის დასრულებისთანავე, უმოკლეს ვადებში. „ვერსია“ დაინტერესდა, რას წარმოადგენს ახალი ტექნოლოგია, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს მისი დანერგვა და რომელ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება ცესკო-მ. ვიდრე ამ დეტალებს გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ტექნოლოგია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გამოცდილი - მისი გამოყენებით, ნაწილობრივ ან სრულად ტარდება არჩევნები აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და აზიის ბევრ ქვეყანაში.

 სიახლე კრწანისის საარჩევნო ოლქში

მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს კანონში „საარჩევნო კოდექსის შესახებ“ განხორციელდა ცვლილება, რომლითაც გადაწყდა, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები, კრწანისის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის საპილოტე პროგრამით - ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით ჩატარდებოდა.კერძოდ, ამომრჩევლებმასაკუთარი არჩევანი კვლავ საარჩევნო ბიულეტენზე დააფიქსირეს, მაგრამ ხმები დათვლა ელექტრონული აპარატის, ე.წ. სკანერის საშუალებით დაითვალეს.

საპილოტე პროექტი კრწანისის ოლქის 31-ვე საარჩევნო უბანზე განხორციელდა.ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველზე გასცეს ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც სამ სვეტად იყო დაყოფილი. პირველ სვეტში შეიტანეს პარტიების სახელწოდებები დადგენილი რიგითობის შესაბამისად; მეორე სვეტში - არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატების რიგითი ნომრები, სახელები, გვარები და წარმდგენი სუბიექტები; მესამე სვეტში - მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები, სახელები, გვარები და წარმდგენი სუბიექტები.ფურცელს ჰქონდასაკუთარი შტრიხ და QR კოდები, რათა თითოეულ ამომრჩევლის ხმა და ხმის დათვლის პროცესი უფრო დაცული ყოფილიყო.

მას შემდეგ, რაც ივნისში, „საარჩევნო კოდექსის შესახებ“ კანონში ცვლილება განხორციელდა, რა თქმა უნდა, ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა, სადაც დეტალურადაა ახსნილი, როგორ და რა პრინციპით უნდა მიეღო მონაწილეობა არჩევნებში კრწანისის ოლქის ამომრჩევლებს:

„ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში, სპეციალური მარკერით, საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის სვეტში, მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გააფერადოს! ხმის მიცემის ფარულობის მიზნით, ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში შევსებული საარჩევნო ბიულეტენი სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში უნდა მოათავსოს, რასაც შემდგომ, ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში მოათავსებს. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი, ხმის დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით, საარჩევნო ყუთში აღმოჩნდება, ამომრჩეველი სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე დებს და საარჩევნო უბანს ტოვებს.დღის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ხმის მიცემა შეწყდება, ღილაკზე ერთი დაჭერის მეშვეობით, აპარატი მონიტორზე იმ შედეგებს აჩვენებს, რაც მთელი დღის მანძილზე, იმ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ელექტრონული აპარატის საშუალებითდათვლის შემდეგ, ხმების დათვლის პროცესი ჩვეულებრივ, ხელით წარიმართება“.

„საკანონმდებლო მაცნეში“ ყველა შესაძლო ტექნიკური ხარვეზიც დეტალურადაა ახსნილი, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ხმის დამთვლელ აპარატს ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდება ან ბიულეტენს არ მიიღებს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა შეაჩეროს ხმის მიცემის პროცესი და აცნობოს საოლქო კომისიას. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ხმის დათვლის სპეციალური აპარატით კენჭისყრის გაგრძელება, კომისია ადგენს აქტს, რათა კენჭისყრა აპარატის გამოყენების გარეშე გაგრძელდეს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამართულ ბრიფინგზე, ახალი ტექნოლოგიური სიახლე ასე განმარტა:

„ძირითადი პოზიტიური ნოვაცია, რაც ამ ნაწილში გვაქვს, არის ის, რომ 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, ღილაკზე სულ რაღაც ხელის ერთი დაჭერით, რამდენიმე წუთში, ამ უბნების წინასწარი შედეგები გვექნება!“

სხვათა შორის, საპილოტე ელექტრონული არჩევნები საქართველოში, წელს, პირველად არ ჩატარებულა. 2018 წელს - ცაიშის საარჩევნო ოლქში, ხოლო 2019 წელს - წყალტუბოსა და ტყიბულში ჩატარდა. ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ხმის დათვლის აპარატით მიღებული შედეგები ექსპერიმენტული იყო და იურიდიული ძალა მხოლოდ კომისიის წევრების მიერ ტრადიციული მეთოდით დათვლილ შედეგებს ჰქონდა. 2019 წელს, ცაიშში გაკეთებულ დასკვნებზე დაყრდნობით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ტყიბულისა და წყალტუბოს 4-4 საარჩევნო უბანზე, ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი მეორედ განხორციელდა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკო 70 255 800 ლარით დაფინანსდა, აქედან საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის - 13 844 300 ლარია გათვალისწინებული, საარჩევნო ინსტიტუციის განვითარებისა და სამოქალაქო განათლების ხელშესაწყობად - 1 270 700 ლარი, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დასაფინანსებლად - 14 308 800 ლარი, ხოლო არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის - 40 832 000 ლარი.

რაც შეეხება ხმის ელექტრონულ მთვლელებს, ე.წ. სკანერის აპარატებს,ეს აპარატურა ცესკო-ს საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკმა“ მიაწოდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ელექტრონული ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა.

„ვერსია“ დაინტერესდა, რა დაუჯდა ცესკო-ს 31 საარჩევნო ოლქის ახალი აპარატურით აღჭურვა და საბოლოოდ, რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო, რათა სრულიად საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო ოლქსა და უბანზე დაინერგოს მსგავსი ტექნოლოგიური სიახლე. ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში „ვერსიას“ განუმარტეს, რომ ვინაიდან კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის 31-ვე უბანზე საპილოტე პროექტი განხორციელდა, ამჯერად, „სმარტმატიკმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას აპარატურა უფასოდ მიაწოდა. რაც შეეხება საბოლოო ხარჯებს, ცესკო-ში აგვიხსნეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

 

ელექტრონული ხმის მთვლელის უპირატესობები

თბილისის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“, ლადო ბოჟაძე საარჩევნო კანონმდებლობასა და ტექნოლოგიებში საკმაოდ კარგადაა გარკვეული. „ვერსიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ჩატარდება თუ არა არჩევნები სრულიად საქართველოს მასშტაბით იმ ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც „სმარტმატიკმა“ კრწანისში შემოგვთავაზა, ეს გადაწყვეტილება საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს, ცხადია, პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად:

„მართალია, ზუსტი ციფრები ჯერ არ გვაქვს, რა დაუჯდა ცესკო-ს ახალი ტექნოლოგიებით ხმის დათვლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კენჭისყრის დასრულებისთანავე, მართლაც, ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით, შედეგები უკვე ცნობილია, ეს მართლაც ხარჯეფექტური მეთოდია. რაც მთავარია, ამ დროს მნიშვნელოვანია ნდობის ხარისხი და სისწრაფე, რადგან არჩევნების გამოცხადების დრო მუდმივი პრობლემაა და ოპოზიცია ყოველთვის ამით მანიპულირებს.იმ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც კრწანისის საარჩევნო ოლქში განხორციელდა, მნიშვნელოვანია, რადგან ეს სისტემა ინტერნეტის გლობალურ ქსელთან მიერთებული არ ყოფილა და შესაბამისად, მასზე გარედან მანიპულირება - სისტემაში შეღწევა ან კიბერთავდასხმა, ფაქტობრივად, გამორიცხულია. თუმცა იმის გამო, რომ ეს საპილოტე პროექტი იყო, ელექტრონული მთვლელის შემდეგ,საარჩევნო ბიულეტენები ჩვეულებრივი წესით მაინც დაითვალეს.სხვათა შორის, თუ ამ ახალ ტექნოლოგიას სამომავლოდ დავნერგავთ, სკანერის აპარატებთანერთად, შეგვიძლია, ხელითაც დავთვალოთ ბიულეტენები იმ უბნებში, სადაც საჩივრებიიქნება“.

ლადო ბოჟაძემ აგვიხსნა, რომ ტექნოლოგია, რომელიც კრწანისის ოლქში შეირჩა, უსაფრთხოა, მაგრამ რაც მთავარია,მანქანა-სკანერიხმებს უფრო სწრაფად, ადვილად და სამართლიანად ითვლის. მისი თქმით, იმის გამო, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ ერთი ბიულეტენი იქნება, რადგან მაჟორიტარული სისტემა გაუქმდა, ასეთი ტექნოლოგიების დანერგვასაარჩევნო პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის:

„მეტიც, ოპოზიციის პოლიტიკური მანიპულაციის საშუალებაც არ ექნება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგია გამუდმებით რევოლუციისთვის მზადებასაცავტომატურად გამორიცხავს.მოდით, რიცხვებს გადავხედოთ და 2012 წლით დავიწყოთ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა მისცა 800 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 1 100 000-ზე მეტმა. სხვა არჩევნების მონაცემებსაცდავანებოთ თავი და 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი დაუჭირა 500 000-მა ამომრჩეველმა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 1 500 000-მა; 2021 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 47%, მეორე ტურებში - 55%, ამ შემთხვევაშიც, დაახლოებით, 1 400 000-მა ადამიანმა დაუჭირა „ოცნებას“ მხარი ანუ პროცენტულად იმაზე მეტმა ამომრჩეველმა უთხრა უარი „ნაციონალურ მოძრაობას“, ვიდრე მანამდე. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, რომ არჩევნები, როგორც დემოკრატიის გარანტი, როგორც ინსტიტუცია, როგორც ხელისუფლების წყარო, უბრალოდ, აღარ არსებობდესიმიტომ, რომ ისინი, სწორედ მათი ცხრაწლიანი მოღვაწეობიდან გამომდინარე, არჩევნებში გამარჯვებას ვერასდროს მიაღწევენ!შესაბამისად, გამუდმებით საუბრობენ ე.წ. რევოლუციურ სცენარზე, არჩევნების გაყალბებაზე, მოსყიდვაზე, დაშინებაზე, როდემდე შეიძლება, შენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეს უწოდო გამყიდველი, მოღალატე, მშიშარა?! წარმოიდგინეთ, თურმე, ვიღაცას უნდოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემა, მაგრამ 5 კილოგრამი კარტოფილის გამო, გადაიფიქრა., რაც სრული აბსურდია!აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნები, როგორც ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება, 2012 წლიდან არ მართლდება და ვპირდები, რომ კიდევ ბევრი წლის მანძილზე არ გამართლდება! სწორედ მათ და ზოგადად, ოპოზიციას არ აწყობს ასეთი ტიპის ტექნოლოგიების გამოყენება, რაც მაქსიმალურად ამცირებს ადამიანურ ფაქტორებს, რადგან მერე რას იზამენ, სკანერს დააბრალებენ გაყალბებას, კომპანია „სმარტმატიკს“,ჩარჩო-ფორმას, თუ ამომრჩეველს, რომელმაც საკუთარი არჩევანი გააფერადა?!“