როგორია 2022 წლის ბიუჯეტი და როგორ ნაწილდება საბიუჯეტო სახსრები სამინისტროებზე

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რის საფუძველზე ელოდება მთავრობა 2022-ში ეკონომიკის 6%-იან ზრდას

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. შენიშვნებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მთავრობას უკვე გადაეგზავნა. 2022 წელს, მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, შედეგად კი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 64.7 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს. 2021 წელთან შედარებით,  2022 წელს, საბიუჯეტო ხარჯები 18.5 მილიარდ ლარამდე მცირდება. კლების ძირითადი მიზეზი პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების 850 მილიონი ლარით შემცირებაა. COVID-19-ის ვირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში 500 მილიონი ლარია  გამოყოფილი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით, 310 მილიონი ლარით ნაკლებია. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონი ლარითაა დაგეგმილი.

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში სოციალური ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე. მისი თქმით, საქართველო მთავარი გამოწვევებია კოვიდინფექცია, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი. სწორედ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტი უნდა იყოს სტაბილურობის, მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბიუჯეტი.

„ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის 6%-იან ზრდას და დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვან კლებას - 6.9%-დან ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-მდე მცირდება. დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს ინფლაციასა და ლარის კურსზე, ეს ორი საკითხი კი დღეს ჩვენი მოსახლეობის და ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ცხადია, ჯობ დეფიციტის ნიშნულის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რა შედეგს მოგვიტანს ეს ასიგნებების ნაწილში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ირკვევა, რომ მომდევნო წელს პენსიის ზრდაა დაგეგმილი. მეტიც, გაისად მასწავლებელთა ხელფასიც გაიზრდება და სხვადასხვა სოციალური შემწეობებიც. ვნახოთ, რა ძირითადი პარამეტრებითაა დაგეგმილი მომდევნო წლის ბიუჯეტი. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ გაისად, სხვადასხვა სამინისტროებში დასაქმებული 112 700 ადამიანის ჯამური ხელფასი 20 მილიონი ლარით, 1.65 მილიარდ ლარამდე იზრდება.

ვნახოთ, როგორ ნაწილდება 18 მილიარდ 400 მილიონი ლარი სხვადასხვა სამინისტროებზე: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, მომდევნო წლის ბიუჯეტში 5.94 მილიარდი ლარია გამოყოფილი. უფრო კონკრეტულად, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.88 მილიარდი ლარია გათვალისწინებული; 70 წლამდე პენსიონერებისთვის საბაზისო პენსია - 260 ლარი, ხოლო 70 წელს ზემოთ - 300 ლარი იქნება; სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად გათვალისწინებული 983 მილიონი ლარი; COVID-19-ის პრევენციის ღონისძიებებისთვის - 500 მილიონი ლარი; საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის - 820 მილიონი ლარი; იმუნიზაციისთვის - 50 მილიონი ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2022 წლის ბიუჯეტში 2.84 მილიარდი ლარია გამოყოფილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის - 1.64 მილიარდი ლარი. 2021 წელთან შედარებით, ამ უწყების ბიუჯეტი113 მილიონი ლარით გაიზარდა და შესაბამისად, გაისად, პედაგოგების საბაზისო ხელფასიც 100 ლარით იზრდება; კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის - 343 მილიონი ლარი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის - 577 მილიონი ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის - 741 მილიონი ლარი; იუსტიციის სამინისტროსთვის - 268.4 მილიონი ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის - 175.5 მილიონი ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის - 918 მილიონი ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის - 800 მილიონი ლარი.

ეს პარამეტრები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია ასახული და არაა გამორიცხული, რომ მეორე და მესამე მოსმენითვის, შეიცვალოს ან დაკორექტირდეს. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია 1300-გვერდიანი დოკუმენტია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მთავრობას უკვე გადაუგზავნა. პროცედურის თანახმად, ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მთავრობა პარლამენტს 5 ნოემბრამდე დაუბრუნებს.