რა ქონებას ფლობს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საინტერესოა, რა ქონებას ფლობს ამნისტიის შესახებ კანონის ერთ-ერთი ავტორი და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი. თუმცა, ვიდრე მის ბიოგრაფიას და ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ რატი იონათამიშვილის ძალისხმევით, ქართველ პარალიმპიელ გიგა ოჩხიკიძეს პარიზის ოლიმპიადაზე შეუნარჩუნდა ოქროს მედალიც და მსოფლიო რეკორდიც.

 

რატი იონათამიშვილი დაიბადა თბილისში, 1979 წლის 9 ივნისს. 2002 წელს, დაამთავრა თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ამის შემდეგ, 2002-2003 წლებში, იყო გამომცემლობა „სანოს“ ლიტმუშაკი; 2004 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2008-2011 წლებში -  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროექტის პიარ-მენეჯერი; 2010-2016 და 2005-2014 წლებში - კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პოლიტიკური პროექტების დირექტორი; 2014-2015 წლებში - თბილისის მერის მრჩეველი, შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი; 2015-2016 წლებში - თბილისის საკრებულოს წევრი; 2016-2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“; 2020 წლიდან - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

2024 წლის 29 მაისს, რატი იონათამიშვილი არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს წევრად. ჰყავს მეუღლე, თინათინ მგელაძე, რომელიც წლების მანძილზე, თბილისის მერიის პრესსამსახურში მუშაობდა.

რაც შეეხება ქონებრივ დეკლარაციას, დეპუტატმა ბოლოს, 2024 წლის 29 იანვარს ჩააბარა. დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა, რომ რატი იონათამიშვილის სახელზე არ არის რეგისტრირებული არც სახლი, არც ბინა, არც მიწის ნაკვეთი და არც ავტომობილი. სამაგიეროდ, სხვადასხვა ბანკში აქვს მიმდინარე, სახელფასო და საკრედიტო ანგარიშები.

რატი იონათამიშვილის საკმაოდ მოკრძალებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გააჩნია 30 000 ლარის დანაზოგი, სახელფასო ანგარიშზე ერიცხება 2828 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 11 819 ლარი, ხოლო საკრედიტოზე - 20 105 აშშ დოლარი. მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის წლიური შემოსავალი 44 697 ლარია.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ რატი იონათამიშვილს აქვს 113 900 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი, რომლის გასავალია 9 979 აშშ დოლარი.

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის შემოსავალი სტიპენდიის სახით 31 886 ლარია, ხოლო ინტელექტუალური შრომის ანაზღაურების სახით, ამ კომიტეტიდან 20 000 ლარი ერიცხება.

 

ავტორი: მაკა რუხაძე