მიწის ნაკვეთები საქართველოში, წილები კომპანიებში, ბინა ლონდონში და ნაჩუქარი „იაგუარი“ - რა ქონებას ფლობს „ლელოს“ ლიდერი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

მამუკა ხაზარაძის დეკლარაცია

ის პირველი არ არის, ვინც ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და მმართველ პარტიას დაუპირისპირდა. თუმცა, ფაქტია, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სკანდალი აღმოჩნდა ის მთავარი წყალგამყოფი, რის გამოც აწ უკვე ყოფილმა ბანკირებმა, განუყრელმა მეგობრებმა, პარტნიორებმა და ახლო ნათესავებმა - სიძე-ცოლისძმამ - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში გადაინაცვლეს. შექმნეს საკუთარი პარტია „ლელო“ და თანამოაზრეები შემოიკრიბეს, თუმცა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, შექმნეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“, რომელშიც „ლელოს“ გარდა, ალეკო ელისაშვილი, ანა დოლიძე, დავით გამყრელიძე, ოპოზიციური გაერთიანება „თავისუფლების მოედანი“ და თქვენ წარმოიდგინეთ, ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც კი გააერთიანეს. შექმნეს საარჩევნო პროგრამა, რომელსაც არც მეტი და არც ნაკლები - „ილიას გზა“ დაარქვეს და პრეზენტაციაც გამართეს. ჰოდა, „ვერსია“ მამუკა ხაზარაძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ.

 

მართალია, მეათე მოწვევის პარლამენტში არ შესულა, მაგრამ მამუკა ხაზაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2021 წლის 10 თებერვალს ჩააბარა. ბოლო დეკლარაცია კი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, 2022 წლის 28 თებერვალს ჩაუბარებია. 

ამ დეკლარაციის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს ქალაქ წალენჯიხაში, 2 925 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი შეუძენია 2022 წლის 16 თებერვალს და 22 000 ლარი გადაუხდია. გარდა ამისა, ყოფილი ბანკირის საკუთრებაშია მიწის რვა ნაკვეთი ციხისძირში, მიწის სამი ნაკვეთი მუხრანში, საცხოვრებელი სახლი თბილისში; ბინა ლონდონში, რომლის 50%-იანი წილი მეუღლის სახელზეა.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე ფლობს ორ აგარაკს წყნეთში; ბინასა და ავტოფარეხს დუშეთში; მიწის ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ; მიწის ნაკვეთს ნატანებში; ბინას თბილისში. ასევე, მის საკუთრებაშია ნაწილობრივ მიწის ათი ნაკვეთი ციხისძირში, რადგან ამ უძრავი ქონების მფლობელები მასთან ერთად არიან: ბადრი ჯაფარიძე, ივანე ხაზარაძე და კახა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ფლობს მიწის ორ ნაკვეთს ლისის ტბის მიმდებარედ.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, ხაზარაძის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილები - Lexus LX 570 და Jaguar XK140. ეს უკანასკნელი, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მისთვის უჩუქებიათ.

დეკლარაციის შევსებისას, საბანკო ანგარიშებზე ჯამში - 399 440 ლარი; 3 493 656 აშშ დოლარი; 2 181 170 გირვანქა სტერლინგი და 95 164 ევრო ერიცხება.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე არის სს „ატლანტა ლენდის“, სს „თბილისი ჯგუფის“, სს „ლისი ლეიქის“, სს TBC Bank Group PLC-ს, შპს Bicester Motion Limited-ს, სს Le Club des Automobiles du Chateau de Sermet-ს, სს GRDC Holding B.V.-ს; სს Georgian Reconstruction and Development Company-ს აქციონერი.

ხაზარაძე წილებს ფლობს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: შპს „ახალი სამშენებლო კომპანია“, შპს „გეოპლანტი“, შპს „ეიჩ არ სი თბილისი“, შპს „ვაზისუბნის მამული“, შპს „ვარძიის ტერასები“, შპს „მწვანე გარემო“; შპს „ნაფარეულის მამული“; შპს „როიალ ხვანჭკარა“; შპს „სოლარი საქართველო“; შპს „ქართული ორიგინალური ვაზისა და ღვინის ჰოლდინგი“; შპს „ქართული ტრადიცია“; შპს „ჯორჯიან რიელ ისთეით მენეჯმენტ“; შპს „დარჩელი რეალ ისთეით“; შპს „თიბისი ჰოლდინგი“; შპს „რადიო არტი“; შპს „ტექნიკური დიზაინის სტუდია“; შპს GRDC Management Company; შპს Equity Partners Ltd შპს CCP Caucasus Capital; შპს Dunmore Corporation; შპს Liquid Crystal International S.à.r.l.

რაც შეეხება მის ოჯახს, თითო მსუბუქ ავტომობილს ფლობენ მისი მეუღლე და შვილი. ამასთან, მამუკა ხაზარაძის უფროსი შვილები ფლობენ აქციებს ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: JPMorgan&Chas; APPLE INC; Facebook Inc; TBC BANK GROUP PLC; UNITED STATES OIL FUND LP; ENERGY SELECT SECTOR SPDR და ა.შ.

მამუკა ხაზარაძის მეუღლე ფლობს წილებს ორ კომპანიაში, ხოლო მისი უფროსი ვაჟი -შვიდ კომპანიაში.

ავტორი: მაკა რუხაძე