მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ბინა პარიზის გარეუბანში - რა ქონებას ფლობს ექსპრემიერი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი გახარიას ქონებრივი დეკლარაცია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოღალატეს უწოდებენ, ნაციონალები და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები - „თვალთხარიას“. არადა, ბიზნესიდან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, ჯერ მთავრობის კანცელარიაში მუშაობდა ბიზნესომბუდსმენად, მერე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, მოგვიანებით კი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ბოლოს პრემიერ-მინისტრი იყო. ახლა კი „ქოცებსაც“ და „ნაცებსაც“ უპირისპირდება და არჩევნებში, თავისივე დაფუძნებული პარტია „საქართველოსთვის“ სახელით აპირებს მონაწილეობას. „ვერსია“ ყოფილი პრემიერის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ, თუმცა მანამდე, გიორგი გახარიას ბიოგრაფია გავიხსენოთ.

 

ექსპრემიერის ბიოგრაფია

გიორგი ზაურის ძე გახარია დაიბადა 1975 წლის 19 მარტს, თბილისში. 1992-1994 წლებში, სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1994-1999 წლებში - მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 2003-2004 წლებში, სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს-სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

1999-2008 წლებში - მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციებზე; 2006 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მაისამდე იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მიწვეული ლექტორი; 2008 წლის ნოემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე იყო Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში; 2013 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი; 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და ეკონომიკური საბჭოს მდივანი; 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის ნოემბრამდე იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას; 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ქვეყნის ვიცე-პრემიერი; 2019 წლის აპრილიდან 2019 წლის სექტემბრამდე იყო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი; 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი (და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი) იყო. არჩევნების შედეგებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა პარტიული სიით, 24 დეკემბერს, პარლამენტმა გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 2021 წლის 18 თებერვალს, განაცხადა თანამდებობის დატოვების შესახებ. არის პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი.

გიორგი გახარია ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

გახარიას ქონება

დეკლარაცია გიორგი გახარიამ სულ ბოლოს, 2021 წლის 18 აპრილს შეავსო, რომელიც როგორც მისი, ასევე მისი ცოლის ქონების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, გახარიას მფლობელობაშია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდებარე 2 290 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც ყოფილმა პრემიერმა 2020 წელს განვადებით შეიძინა - მართალია, ამ უძრავი ქონების ღირებულება ჯამში 85 000 ლარია, მაგრამ გახარია მას სამ ეტაპად დაფარავს. 2020 წელს, მან ამ მიწის ნაკვეთისთვის მხოლოდ თანხის ნაწილი - 25 000 ლარი გადაიხადა.

გიორგი გახარიას ცოლის, მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია 83 კვ.მ. ფართობის ბინა საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში - ეს ქონება ყოფილი პრემიერის ოჯახმა 2020 წელს, 472 400 ევროდ შეიძინა. დეკლარაციის მიხედვით, ბინა დანაზოგით შეიძინეს.

გარდა ამისა, მარიკა ფანცულაია 2016 წლიდან ფლობს Toyota RAV 4-ის ფირმის ავტომანქანას, რომელიც 22 000 აშშ დოლარად შეუძენია.

2020 წელს, გიორგი გახარიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრად მუშაობის სანაცვლოდ, ბიუჯეტიდან 41 004 ლარის ხელფასი აიღო. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, მის ყველა საბანკო ანგარიშზე, ჯამურად 14 419 ლარი ირიცხებოდა. რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ცოლის სახელფასო ანაზღაურებას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მარიკა ფანცულაიამ 2020 წელს, „ავერსის“ კლინიკაში ექიმად მუშაობის სანაცვლოდ, 11 084 ლარის ანაზღაურება მიიღო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს, გახარიას ცოლმა 20 309 დოლარის სადეპოზიტო სარგებელი მიიღო. დოკუმენტის შევსების მომენტისთვის ოჯახს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხები არ ერიცხებოდა.

ქონებრივი დეკლარაცია ხარჯების ნაწილსაც მოიცავს, სადაც აღნიშნულია, რომ 2020 წელს, მარიკა ფანცულაიამ უძრავი ქონების ქირავნობის სანაცვლოდ, 39 000 ლარი დახარჯა. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს, გახარიამ და მისმა ცოლმა შვილის სწავლის საფასური - 3 660 ევრო გადაიხადეს.

 

მაკა რუხაძე