ეკონომიკის 44%-იანი ზრდა - რეალობა თუ გაბერილი ციფრები

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაში ადანაშაულებს ეროვნულ ბანკს და რატომ სთხოვს „საქსტატს“ დათვლის მეთოდიკის შეცვლას თემურ ბასილია

საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი გამყარებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, 8 ივნისს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.14 ლარზე დაფიქსირდა. პარალელურად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, ეკონომიკა 44%-ით გაიზარდა. არადა, არც ლარის გამყარება და მით უფრო, არც თვალშისაცემი ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ უგრძვნია. მოკლედ, ეკონომიკური კეთილდღეობა მხოლოდ ციფრების ბრახა-ბრუხი არ გახლავთ, არც სხვადასხვა მონაცემების გაანალიზებაა გამოსავალი. უმარტივესი შესამოწმებელია და ამისთვის ეკონომიკური განათლება სულაც არ გჭირდებათ: მარტივ ექსპერიმენტს გთავაზობთ, შებრძანდით საკუთარ სამზარეულოში და მაცივრის კარი გამოაღეთ. გარდა ამისა, თქვენივე საბანკო ანგარიში გადაამოწმეთ და მაშინვე მიხვდებით, გაიზარდა ეკონომიკა, თუ პირიქით - ცხოვრება გაგვიძვირდა... „ვერსია“ იმ საჭირო და მარტივ კითხვებს სვამს, რაც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეებს აწუხებთ - რას ნიშნავს ეკონომიკის 44%-იანი ზრდა, თანაც პანდემიის პირობებში? და თუ ეკონომიკა მართლაც გაიზარდა, რატომ არ აისახა ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე? სწორედ ამ კითხვებით მივმართე პროფესიონალ ეკონომისტს თემურ ბასილიას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

 

- ბატონო თემურ, ბოლო პერიოდში, საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი, აშშ დოლართან მიმართებაში მყარდება, თუმცა ამის მიუხედავად, პროდუქტები არ გაიაფებულა, პირიქით, ცხოვრება ყოველდღიურად ძვირდება. ამას როგორ ხსნით?

- ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ლარი გამყარდა, რეფინანსირების სესხების რაოდენობაა. ამისთვის სავსებით საკმარისია, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებს გავეცნოთ: თუ 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში, ეროვნულმა ბანკმა 3.3 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხები გასცა კომერციული ბანკებისთვის, ივნისში, ეს ციფრი 980 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა ანუ სამჯერ და მეტჯერ შემცირდა. მართალია, ეროვნული ბანკი ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ ფულის რაოდენობა არ ახდენს გავლენას ინფლაციასა და გაცვლით კურსზე, მაგრამ ეს სრულიად აბსურდული და სამარცხვინო განცხადებაა. თავმოყვარე ადამიანები და მით უმეტეს, პროცესიონალები, ამ ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ! რეალურად, ყველამ ვიცით, რომ დიახაც, გავლენას ახდენს, რადგან ფულის მასა არის ფულის ღირებულების, გაცვლითი კურსისა და ინფლაციის განმსაზღვრელი, ძირითადი ფაქტორი. გიმეორებთ, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ლარი გამყარდა, რეფინანსირების სესხების მკვეთრი შემცირებაა.

ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება, ამ შემთხვევაში, რეფინანსირების სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდას ვგულისხმობ, რაც ბოლო მონაცემებით, 9.50%-ია, რა თქმა უნდა, მოქმედებს გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე. თუმცა პრობლემის თავი და თავი, რეფინანსირების სესხების მკვეთრი შემცირებაა.

- მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე ამიხსენით, რატომ არ აისახება ლარის კურსის გამყარება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე?

- ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს ვერ დავაბრალებთ, რომ ეკონომიკა არ იციან. რა თქმა უნდა, იციან და მაკროეკონომიკაშიც კარგად ერკვევიან. მე სწორედ მათგან მიკვირს ასეთი უპასუხისმგებლო, არაპროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი. გახსოვთ, ალბათ, ორი-სამი წლის წინ, როდესაც ლარმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო, სპეციალური კვლევა ჩავატარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და აშკარად გამოჩნდა, რომ იმ პერიოდში, ლარის კურსის ვარდნა რეფინანსირების სესხების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია. ზოგადად, რეფინანსირების სესხების არსი შევისწავლეთ. ის, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს საქართველოში და ამას რეფინანსირების სესხს უწოდებს, სინამდვილეში, სულ სხვა სესხები გახლავთ, რომელმაც კომერციული ბანკები უნდა გადაარჩინოს! არანაირი კავშირი ამას რეფინანსირების სესხებთან არ აქვს! რეფინანსირების სესხი ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ის, რაც საქართველოში კეთდება, რეფინანსირების სესხი არ არის!

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა რომ დაგვეთანხმოს, უნდა აღიარონ, რომ მათი საზედამხედველო ფუნქცია კომერციულ ბანკებზე, უსუსურია! ისიც უნდა აღიარონ, რომ საბანკო სექტორში სერიოზული პრობლემებია, არადა, მართლაც პრობლემებია! თუ სერიოზული პრობლემაა, მაშინ ეროვნულმა ბანკმა უნდა თქვას, როგორ გამოასწორებს ამ პრობლემას, მაგრამ ამ ხალხს, ვინც დღეს მართავს ქვეყნის მთავარ ბანკს, ამის კომპეტენცია, კვალიფიკაცია და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ ასეთი რთული გადაწყვეტილებები მიიღონ. ესაა მიზეზი, რის გამოც არაკვალიფიციური განცხადებების კეთება უწევთ, თითქოს ფულის მასას არავითარი გავლენა არ აქვს ინფლაციაზე. სამიოდე წლის წინ, სწორედ ასე განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, ხოლო მეორე დღეს, პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად ასეა. არადა, ორივე პროფესიონალი და მცოდნე ეკონომისტები არიან, არცერთი მათგანი არ გახლავთ ზურაბ ადეიშვილის დანიშნული „პროკურორი“ ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში!

- წლებია, ამ პრობლემაზე საუბრობთ, მაგრამ ასე არაფერი გამოვა. აუცილებელია, რომ ჯერ პრობლემა ვაღიაროთ და ამის შემდეგ, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელოთ ორგანულ კანონში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, არ მეთანხმებით?

- გამოსავალი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა რეალობა აღიაროს და ამ რეალობის გადაჭრის გზები უნდა შემოგვთავაზოს! ეს უნდა იყოს ფართო განხილვის საგანი საზოგადოებაში. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ორგანო გახლავთ საქართველოს პარლამენტი და კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ პარლამენტია ვალდებული, განიხილოს ეროვნული ბანკის საქმიანობა.

- ბატონო თემურ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის“ უკანასკნელი კვლევაც განვიხილოთ, რომლითაც მიმდინარე წლის აპრილში, ეკონომიკის 44%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზოგადად, რას ნიშნავს ეკონომიკური ზრდა? რაც მთავარია, როგორ შეიძლება, 44%-იანი ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არ აისახოს?!

- ცნობილი მწერალი, მარკ ტვენი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს სამი დონის ტყუილთან, ესენია: ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკა. კარგი ანდაზა გვაქვს ქართველებს - ქოთანს საითაც გინდა, იქეთ მიაბამ ყურს. ახლა, ყველაფერი ეს, ეკონომიკური ზრდის ამ კონკრეტული მაჩვენებლის გათვალისწინებით ავხსნათ - როდესაც 2021 წლის აპრილის მონაცემებს, 2020 წლის აპრილის მონაცემებთან ადარებთ, შეიძლება, 40% და მეტიც გამოიყვანოთ. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რა მეთოდიკით დაითვლით ამ მონაცემებს. თუ გვაინტერესებს, როგორ ითვლება ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში, აგერ გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. აშშ მთლიან შიდა პროდუქტს ანუ მშპ-ს ითვლის ამერიკაში წარმოებული და ამერიკაში გაწეული მომსახურების მოცულობით. საქართველოში ასე არ ითვლება, სხვაგვარად თვლიან  და აგიხსნით ახლავე. პირობით მაგალითს გეტყვით, საქართველოში, მშპ-ს ითვლიან ავტომობილების იმპორტითა და რეექსპორტით, რაც 6-ჯერ გაიზარდა და მშპ-ს იმ 44%-იან ზრდაშიც აისახა.

სინამდვილეში, ავტომობილების რეექსპორტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში განხორციელდა იმპორტი ანუ შემოიყვანეს ავტომობილები, დაასაწყობეს და შემდეგ გააგზავნეს აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალურ აზიაში. ახლა გეკითხებით, რა დამატებითი ღირებულება შექმნა ამან საქართველოში? - არავითარი! შეიძლება, ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯი ჩავთვალოთ, მაგრამ ის, რაც მშპ-ში უნდა აისახოს, მხოლოდ 2-3% გამოვა და არა 6%. როდესაც რეექსპორტის 6-ჯერ ზრდას ასახავ მშპ-ში, რა თქმა უნდა, უზარმაზარ ციფრს მიიღებთ, რაც სრულიად მოწყვეტილია რეალობას.

მეორე მაგალითსაც გეტყვით, ამერიკაში, 2021 წლის აპრილის მონაცემებს კი არ ადარებენ 2020 წლის იგივე თვის მონაცემებთან, არამედ, 2021 წლის აპრილიდან დაწყებული, გასული 12 თვის მანძილზე არსებულ მონაცემებს ითვლიან მთლიანობაში. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა აშშ-ში, მხოლოდ 6%-ია. საქართველოში მოქმედი მეთოდიკა რომ გამოეყენებინათ, 6%-იანი კი არა, 44%-ზე უფრო შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდებოდა. ამერიკელებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რომ სტატისტიკა არ იციან - ძალიან კარგად იციან და სწორადაც ითვლიან.

- იმის თქმა გინდათ, რომ „საქსტატმა“ მონაცემების დათვლის მეთოდიკა უნდა შეცვალოს, რათა რეალური და ზუსტი სურათი მივიღოთ?

- დიახ, რადგან სწორად რომ დაეთვალათ, ეკონომიკის 44%-იანი კი არა, შესაძლოა, 3-4%-იანი ზრდა დაფიქსირებულიყო...   

- უკაცრავად, გაწყვეტინებთ, მაგრამ ეკონომიკის 3-4%-იანი ზრდა არ მოეწონებოდა არავის...

- პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ. მხოლოდ ის ვიცი, რომ სტატისტიკის სამსახური, გნებავთ, ამერიკაში და გნებავთ, ევროგაერთიანების ქვეყნებში, დამოუკიდებელი სტრუქტურაა. თუმცა, როდესაც უწყების დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობ, მხოლოდ ქაღალდზე არსებულ დამოუკიდებლობას არ ვგულისხმობ, რადგან ქაღალდზე, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაც არ ყოფილა ურიგო. ერთია, რა იწერება ქაღალდზე, ხოლო მეორე და მნიშვნელოვანი - რა გვაქვს რეალურად! თუ გვინდა, რომ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებზე ზუსტი სურათი გვქონდეს, „საქსტატი“ რეალურად დამოუკიდებელი უწყება უნდა იყოს, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური ტენდენციებისა და გავლენებისგან. შეერთებულ შტატებში, მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნებს „რესპუბლიკელები“ მოიგებენ, თუ „დემოკრატები“, სტატისტიკის სამსახური დამოუკიდებელია და ის რეალისტურ სურათს დებს, ამიტომ ამ მონაცემების სისწორეში ეჭვი არც მმართველ და არც ოპოზიციურ პარტიას არ შეაქვს.