მელიას დოსიე - ვინ არის „ნაცმოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე - გმირი, ქარიზმატული ლიდერი თუ პოლიტიკური ავანტიურისტი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზოგისთვის გმირია, ზოგისთვის - თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო, ზოგისთვის კი, უბარლოდ, პოლიტიკური ავანტიურისტია და მეტი არაფერი. ასეა თუ ისე, დღეს ქართული პოლიტიკის პირველი ხაზი ნიკანორ მელიაზე გადის, ადამიანზე, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა და მას მერე, პრაქტიკულად, მუდმივ ომშია: ხან ფიზიკურად უსწორდებიან, ხან სამაჯურს ადებენ და ხან  სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავებიან...

 და მაინც, ვინ არის უმცროსი მელია, რომელსაც „ოცნების“ გულშემატკივრები, როგორც წესი, ნიკანორით მოიხსენიებენ? ისე, ხელისუფლების მოხმრეებს, ალბათ, ჰგონიათ, რომ ნიკანორით მოხსენიება დამამცირებელია, მაგრამ „მეტრიკაში“ „ნაცმოს“ ლიდერს, სწორედ ეს სახელი უწერია. ასე რომ, უმჯობესი იქნება, „ზემოთ“ მესიჯბოქსი შეცვალონ.

სხვათა შორის, რასაც ახლა წაიკითხავთ, აშკარად მოულოდნელობა იქნება, რადგან აქამდე არავის უთქვამს, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, უშიშროების სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულია. ყოველ შემთხვევაში, ქართულ „ვიკიპედიაზე“ გამოქვეყნებულ მელიას ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ  2002 წელს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა.

ამავე წყაროს მონაცმებით, 2002-2003 წლებში, მელია საქართველოს უშიშროების სამინისტროს გამომძიებელი იყო. 2007 წელს კი მუშაობა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის დეპარტამენტში, მრჩევლად დაიწყო.

„2008-2009 წლებში მუშაობდა ეროვნული აღსრულების ბიუროში, უფროსის მოადგილედ. 2009-2010 წლებში იყო ეროვნული აღსრულების ბიუროს უფროსი. 2010 წელს კი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

2010 წელს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს უფროსად, 2010-2012 წლებში კი ამავე ბიუროს თავმჯდომარედ; 2013-2014 წლებში იყო მთაწმინდის გამგებელი. 2014 წელს - თბილისის მერობის კანდიდატი. 2015 წლიდან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ.

2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარლამენტში ყოფნის პერიოდში, ოთხი საპარლამენტო კომიტეტის წევრი გახლდათ. 2016-2017 წლებში იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, 2016-2017 წლებში კი საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.

2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. 26 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, თუმცა სასამართლომ ის დარბაზიდან 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2019 წლის 12 ნოემბერს, პარლამენტარის უფლებამოსილობა შეუჩერდა, 88 დეპუტატმა მხარი დაუჭირა უფლებამოსილების შეჩერებას.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ გლდანის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. პირველ ტურში, მიიღო 31 391 ხმა (44.06%) და დაიკავა პირველი ადგილი. მეორე ტურში მონაწილეობაზე მელიამ უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით), მიუხედავად ამისა, მისი გვარი დატანილი იყო საარჩევნო ბიულეტენზე. მან მეორე ტურში 3 032 (10.64%) მიიღო. პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადა პარტიასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად, 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

2020 წლის 27 დეკემბერს, აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ“, - ვკითხულბთ ქართულ „ვიკიპედიაში“.

მელიას ბიოგრაფიაში, ყურადღება თუ მიაქციეთ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. კერძოდ, იმ დროს, როცა სააკაშვილის გუნდი პოლიტიკური ზეობის ზენიტში გახლდათ და ქვეყანას, როგორც იტყვიან, ცეცხლითა და მახვილით მართავდა, ცნობილი კარდიოლოგის ვაჟი პირწავარდნილი „ანტინაცი“ იყო. მეტიც, ის „ნაცების“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტი აქციებშიც კი მონაწილეობდა. ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ 2007 წლის სისხლიან 7 ნოემბერს, მაშინდელ ოპოზიციონერებთან ერთად, აპროტესტებდა ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მელია კლასიკური გაგების „ნაციონალი“ არასოდეს ყოფილა და ახლაც, როგორც აცხადებს, პარტიის რებრენდინგს აპირებს და სურს, ნაციონალური მოძრაობა ერთგვარ, სახალხო გაერთიანებად აქციოს.

ერთი სიტყვით, ნიკა მელია ცდილობს, რომ რაღაცნაირად, თანამედროვე ჩე გევარა გახდეს და ამაში ხელს, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, ხელს მმართველი ელიტაც უწყობს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო რამდენიმე თვეა, ქართული პოლიტიკა, წეღანდელი თქმისა არ იყოს, სწორედ მელიას გარშემო ტრიალებს: ჯერ სამაჯური დაადეს, მერე, პროტესტის ნიშნად, მელიამ სამაჯური მოიხსნა. მაშინ ამის გამო, არავის არაფერი უთქვამს და ყასიდად, გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. ახლა კი, როცა ოპიზიციის ბოიკოტი კულმინაციას აღწევს, მელიას დაჭერა-არდაჭერის თემა ისევ გაააქტიურდა.

რას მოიტანს მელიას დაჭერა? - ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ ყველანაირი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი თანმხდება, რომ დაჭერა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს ერთგვარ გმირად აქცევს. ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ მელიასა და, ზოგადად, ოპოზიციის იმ ფრთის მიზანიც, რომელი ფრთაც პირდაპირ თუ ირიბად სააკაშვილთან არის ბმაში, სწორედ ესაა.

სხვათა შორის, „გირჩიც“ სწორედ ამ ვერსიას ანვითარებს. ყოველ შემთხვევაში, 15 თებერვალს, „ლეიბორისტების“ ოფისში გამართული, ოპოზიციის მორიგი შეხვედრიდან ნაადრევად გამოსულმა იაგო ხვიჩიამ და ასევე, ვახო მეგრელიშვილმა თქვეს, მელია დაჭერაზე თანახმა სააკაშვილის ზეგავლენითააო.

ეს, შესაძლოა, პოლიტიკური ფანტაზიაა და მეტი არაფერი, მაგრამ თუ პრაგმატულად მივუდგებით, დღეს ოპოზიცია ყველაზე ძალიან ლიდერის, თანაც ქარიზმატული ლიდერის დეფიციტს განიცდის. თუ „ვარდების რევოლუციას“ გავიხსენებთ, მაშინ ეს პრობლემა არ იყო, რადგან 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს მხოლოდ „ტვინი“ (ზურაბ ჟვანია) კი არ ჰყავდა, არამედ, სახალხო ლიდერიც - მიხეილ სააკაშვილი ანუ ცხონებულმა ჟვანიამ კარგად იცოდა, რომ ის მასებისთვის მისაღები ვერასოდეს გახდებოდა. სწორედ ამიტომაც, იგივე შევარდნაძის გადადგომის მერე, მან თუნდაც პრეზიდენტობაზე უარი თქვა და ეს პოსტი სააკაშვილს დაუთმო.

ზოგადად, ხალხს ზომიერად აგრესიული ლიდერები უფრო უყვარს, ვიდრე ვთქვათ, ის ჭკვიანები, რომლებიც ჩუმად არიან და საქმეს - კარგს თუ ცუდს, უხმაუროდ აკეთებენ. სააკაშვილი იმთავითვე, სწორედ ხმაურიანი პოლიტიკოსია. შესაბამისად, მასების ემოციებზე ყოველთვის კარგად თამაშობდა და თამაშობს.

ერთგვარი ქარიზმა მელიასაც აქვს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ მისგან თანამედროვე სააკაშვილი ვერ „გამოვა“. არადა, როგორც კულუარებში ამბობენ, მელია სწორედ სააკაშვილს ეჯიბრება და ერთხანობას, იმის მცდელობაც კი ჰქონდა, რომ ექსპრეზიდენტისთვის პარტია „დაეწერებინა“, რაც პრაქტიკულად, მოახერხა - მეორე თვეა, ყოფილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. მართალია, „ნაციონალები“ მელიასა და სააკაშვილს შორის უკმაყოფილებას უარყოფენ, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ მელიამ „სტავკა“ სრულიად ახალ სახეებზე გააკეთა და ისეთი ძირძველი „ნაციონალები“, როგორიც მაგალითად, ვანო მერაბიშვილია, აღარსად ჩანან. ისე, მელიამ პირდაპირ თქვა კიდეც, მერაბიშვილთან საერთო არაფერი მაქვსო.

ერთი სიტყვით, მელიას საქმეს რამდენიმე შრე აქვს. ერთი - ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარისგან გმირის შექმნა და მეორე - შიდაპარტიული დინება ანუ ეს ამბავი როგორც უნდა დამთავრდეს, მელია, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით, სააკაშვილზე პოპულარული იქნება, პარტიაში კი იმაზე მეტი მიმდევარი და ფანი გაუჩნდება, ვიდრე დღეს ჰყავს.

მოკლედ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ქრონიკები, რასაც ბოლო დროს თვალს ვადევნებთ, ახალი პოლიტიკური ლიდერის დაბადების მცდელობაა, თუმცა რითი დასრულდება ეს პოლიტმშობიარობა, ძნელი სათქმელია...

 

ნინო დოლიძე