„ქართულ მხარეს სხვანაირი მოქცევა სჭირდება,“ - რა ახალი რეალობის წინაშე დგება საქართველო

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოსკოვში გამართული სამხრივი შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც მხარეები რეგიონში სამომავლო მოქმედებებზე შეთანხმდნენ. შეთანხმება სულ 4 პუნქტისგან შედგება და სრულ ტექსტს კრემლის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 1. ნომებრერში მიღწეული შეთანხმების მე-9 პუნქტის შესრულებისათვის, რათა გაიხსნას ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები რეგიონში, მხარეები მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეებიც იქნებიან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ვიცე-პრემიერები.
2. სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს 2021 წლის 30 იანვრამდე, რომლის შედეგების საფუძველზეც ჩამოაყალიბებს ნოემბრის შეთანხმების მე-9 პუნქტის განსახორციელებლად გასატარებელი სამუშაოების სიას. პრიორიტეტი მიენიჭება გზისა და რკინიგზის კომუნიკაციებს, ასევე რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის [შემდგომში მხარეები] განსაზღვრულ სხვა სფეროებსაც.
3. სამუშაოების განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები დაამტკიცებენ საექსპერტო ჯგუფების შემადგენლობას. საექსპერტო ჯგუფები სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგენენ პროექტების სიას, მათი განხორციელებისთვის აუცილებელი რესურსებისა და სამუშაოების დასაბუთებით.
4. 2021 წლის პირველი მარტისთვის სამუშაო ჯგუფი მხარეებს უმაღლეს დონეზე დასამტკიცებლად წარუდგენს იმ ღონისძიებათა სიასა და გრაფიკს, რაც ითვალისწინებს ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ან აღდგენას, რაც საერთაშორისო გადაზიდვების შესასრულებლად და მათი უსაფრთხიებისთვის აუცილებელია და რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით. აგრეთვე, გადაზიდვებისთვის, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ და რომელთა შესასრულებლადაც საჭიროა აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიის გადაკვეთა. „ვერსია“ ამ თემაზე კავკასიის საკითხების  ექსპერტ მამუკა არეშიძეს, ესაუბრა:

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ შეთახნმებით განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ, იმის დეკლარირება მოხდა , რომ მომავალში სარკინიზგო ტვირთის გადაადგილება მოხდეს სომხეთის გავლით და ითქვა ისიც, რომ მგზავრებმა სომხეთიდან რუსეთში იმგზავრონ აზერბაიჯანის გავლით, მაგრამ ყველაფერი ეს ჯერ მხოლოდ დეკლარაციის დონეზეა, რადგან ამას სჭირდება ძალიან ბევრი ხარჯი და დრო. აზერბაიჯანი და თურქეთი ყველაფერ ამას მოინდომებენ, მაგრამ რუსეთს რამდენად დააინტერესებს, ცალკე საკითხია.


- გასაგებია, რომ დასთანხმდა და ხელი მოაწერა ამ დეკლარაციას, მაგრამ სომხეთისთვის, ალბათ, რთული იქნება ამ პირობის შესრულება, არა?


- დიახ. სხვათა შორის, ამ შეხვედრამდე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - ვიდრე ამ შეხვედრას ჩაატარებდა, პუტინი მაკრონს ელაპარაკა და შეუთანხმა საუბრის თემა. ეს მოხდა იმიტომ, რომ სომხური ლობი ძალიან აქტიურად მუშაობს საფრანგეთში. იმდენად აქტიურად, რომ სენატში ყარაბაღის ომის პროცესში რეზოლუციაც შევიდა იმის თაობაზე, რომ ყარაბაღის დამოუკიდებლობა ეცნოთ. ეს ამბავი კი ჩაიშალა, მაგრამ მოკლედ, ისეთი ვითარებაა, რომ გეოპოლიტიკური სურათი ახლა ლაგდება.


- თუ ამუშავდა ეს სატვირთო და სამგზავრო გზა, საქართველო რა როლში აღმოჩნდება?


- საქართველოს ტვირთები მოაკლდება, ყველაფერს გააკეთებენ აზერბაიჯანი და სომხეთი იმისთვის, რომ მათ ტრასაზე იაროს ტვირთმა, მაგრამ საქართველოს გარკვეული პლუსი აქვს - ზღვა და ტვირთის შემოტანა ზღვით უფრო მომგებიანია. ზღვა, რასაკვირველია, თურქეთსაც აქვს, მაგრამ თურქეთიდან სომხეთამდე ტვირთის მიტანას ბევრად უფრო დიდი დრო სჭირდება.


ამასთან, შეიქმნება კონკურენცია, ასეთ პირობებში კი ქართულ მხარეს სხვანაირი მოქცევა სჭირდება. ისე კი არა, როგორც ახლა არიან წამოძინებულები და უამრავი შუამავალია ჩართული ტვირთების გადაზიდვაში. მოკლედ, ბევრი საინტერესო რამის გაკეთებაა შესაძლებელი.


- ბატონო მამუკა, სომხეთში შიდა პოლიტიკური პროცესები დაძაბულია, ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას ითხოვს. რა ინფორმაციას გაქვთ, შეიძლება, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და პრემიერი ფაშინიანი გადააყენონ?


- რასაკვირველია, შეიძლება ასე მოხდეს. მე, მაგალითად, ოპოზიციის ლიდერების ნათქვამს ვეთანხმები, რომ სჯობს, მთელი ეს ტვირთი აიღოს ფაშინიანმა და შემდეგ საკონსტიტუციო ვადებში მოხდეს ცვლილებები.


- როგორ ფიქრობთ, რუსეთში სამეულის შეხვედრას საქართველოს მთავრობა რაიმე ოფიცალური განცხადებით უნდა გამოხმაურებოდა?


- ოფიციალური განცხადება არ იყო აუცილებელი, მაგრამ კულუარული მუშაობა აუცილებელია და როგორ მიდის ასეთი მუშაობა, არ ვიცით. საქართველომ რეგიონალური პოლიტიკა უნდა გააძლიეროს.

თათია გოჩაძე