"გვიხარია, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილზეა" - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ჩვენ დაახლოებით ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატოს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა ანტიკორუფციული ბიუროს დებულება, მანამდე კი შესწავლილ იქნა ევროპის საუკეთესო გამოცდილება და ამ კონცეფციაზე იქნა აგებული ქართული ანტიკორუფციული ბიუროს დებულება.

„კორუფცია ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია თანამედროვე დემოკრატიის განვითარებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისთვის, შესაბამისად, ადამიანს კორუფციის პირობებში უჩნდება უნდობლობა საჯარო სექტორის მიმართ. ამგვარად, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. როცა 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა, საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. იმ რეფორმების შედეგია ის შედეგები, რაც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა. გვიხარია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმ დროს ერთვება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა ჩვენი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლის მხრივ შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ჩვენ დაახლოებით ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ და ნატოს წევრ 11 ქვეყანაზე წინ ვართ.

რამდენიმე დღის წინ დავამტკიცეთ ანტიკორუფციული ბიუროს დებულება. მანამდე ჩვენ შევისწავლეთ ევროპის საუკეთესო გამოცდილება და ასევე ის რეკომენდაციები, რომლითაც შეფასებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ანტიკორუფციული ბიუროები და ზუსტად ამ კონცეფციაზე ავაგეთ ქართული ანტიკორუფციული ბიუროს დებულება. ის პასუხობს ყველა საერთაშორისო ნორმას და კონვენციის ვალდებულებებს.

ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახლავთ ის, რომ პარლამენტის წინაშე წარვადგინოთ კორუფციის წინააღმდეგ წინადადებები. ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები, სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნით. პარლამენტთან ერთად შეიქმნება სამუშაო ჯგუფები. აქ ძალიან კარგი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროსაბჭომ, იგივე ექსპერტების ჩართულობის თვალსაზრისით. ჩვენ რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და დავიწყებთ აღნიშნული კონცეფციის მომზადებას. მეორე ძირითადი მიმართულება ეს გახლავთ ანტიკორუფციული სტრატეგიული გეგმის შედგენა. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი. შესაბამისად, მას წინ უნდა ახლდეს მნიშვნელოვანი კვლევები და სამუშაოები. ამ მიზნით ჩვენ დავიწყეთ საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება ევროპულ ქვეყნებში და პირველ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რაზეც დავიწყებთ მუშაობას ეს არის კორუფციის შეფასების დოკუმენტი, რომელიც გახდება საფუძველი სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრა ეროვნულ ანტიკორუფციულ გეგმაში“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.