როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტბულინგისგან - ინტერვიუ ლელა ჯეჯელავასთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰიბრიდულ ომში ტროლებისა და ბოტების გააქტიურება რომ მძლავრი ბერკეტია, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ცნობისთვის: ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ-სივრცეში არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას აქვეყნებს, რათა მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს, ან კონკრეტულ ადამიანს ესხმის თავს და ცილს სწამებს დისკრედიტაციის მიზნით. რაც შეეხება ბოტებს, ისინი რეალური პიროვნების პროფილთან მიმსგავსებული ავტომატიზებული პროფილებია. ხშირად, ათეულ ათასობით ანგარიშს ერთი რეალური მომხმარებელი მართავს. ბოტს ძირითადად მაშინ იყენებენ, როდესაც დამკვეთს სურს კონკრეტული გზავნილის გავრცელება, სხვა მომხმარებლების თუ ორგანიზაციების შევიწროება და დისკრედიტაცია, ან ხელოვნური მოწონებების (Like-ების) და გამომწერების (Follower-ების) გაზრდა.

კიბერბულინგი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული ან აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, სწორედ კიბერბულინგის, ონლაინ-სივრცეში ცილისწამების მსხვერპლი აღმოჩნდა ყველასთვის საყვარელი მწერალი დათო ტურაშვილი, რომელიც გულის შეტევით, კლინიკაში გადაიყვანეს...

„სამი დღეა, ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში, პირველები, რომლებიც დახოცეს, იყვნენ მწერლები იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს, იცით? - საფრანგეთის აგენტობის. ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს, იცით, რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და „ნასედკები“ დავაბრუნოთო. ჩემზე ნუ კი ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ, მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს, (გეუბნებათ) წითელსო“, - ვრცელდება დათო ტურაშვილის ეს სიტყვები სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, არა მხოლოდ ხელისუფლება იყენებს ტროლებს, არამედ, ოპოზიციაც, მათთვის საჭირო შემთხვევაში, რაც ხშირად მიმართულია კონკრეტული ადამიანისკენ. როგორ ებრძვის სოციალურ ქსელებსა და მედიაში სიძულვილის ენას ცივილიზებული დასავლეთი და ამ მხრივ, რა რეგულაციები და მაკონტროლებელი მექანიზმები არსებობს? რამდენად გააზრებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს ჰიბრიდულ ომში კიბერბულინგის რისკი და როგორი უნდა იყოს რეაგირება? ცნობილია, რომ ხშირად, კიბერბულინგი მიმართულია საზოგადოებრივ პირებზე: მწერლებზე, მსახიობებზე... რატომ არჩევენ თავმდამსხმელები მათ?.. პოლიტიკოსებს კი აქვთ თმენის ვალდებულება, თუმცა სად გადის მათ მიმართ კრიტიკასა და კიბერბულინგს შორის ზღვარი? - ამ კითხვებით ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მივმართეთ...

 

„კიბერბულინგი იმ საზოგადოების მახასიათებელია, სადაც ბედნიერების ინდექსი ძალიან დაბალია. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ კიბერბულინგის გამოყენება განსაკუთრებით ხდება იმ ქვეყნებში, სადაც რუსული ჰიბრიდული ომის გავლენა ძალიან მაღალია. ცხადია, დასავლეთიც არ არის გამონაკლისი, იქაც არის კიბერბულინგის შემთხვევები, მაგრამ მასშტაბი და ფორმა, რომელიც მიღებულია რუსეთსა და რუსული პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, ერთმანეთთან შეუდარებელია“.

ლელა ჯეჯელავა ხნის, თუ რა მოვლენაა კიბერბულინგი და ვინ შეიძლება აიღოს თავის თავზე ისეთი ფუნქცია, რასაც ჰქვია ტროლი:

„შეუძლებელია, ტროლი იყოს ბედნიერი ადამიანი. ამას წინათ, მქონდა შესაძლებლობა, წამეკითხა ერთ-ერთი ბელარუსი ფსიქოლოგის სტატია იმის შესახებ, თუ რა ფსიქოლოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ტროლების სახით, სადაც ის ამბობს სამეცნიერო გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომ ტროლები აუცილებლად არიან ის ადამიანები, რომელთაც ბავშვობის დროინდელი ტრავმები აწუხებთ, რომელთაც ჰქონდათ ბედნიერების დეფიციტი და ამას ახლა ასე უბრუნებენ სამყაროს, ცდილობენ, ყველა მათი სამიზნე ცოტათი მაინც გახადონ უბედური. მას შეიძლება დააბრალონ ყველაფერი ის, რისი წარმოდგენაც თითქმის შეუძლებელია და შეუქმნან ცხოვრების არანორმალური რეჟიმი. ტროლები ამ დისკომფორტით, რომელსაც უქმნიან სამიზნე ადამიანებს, განიცდიან სიამოვნებას, გარდა იმისა, რომ ეს არის მათი ანაზღაურებადი სამუშაო. ამიტომ, ადამიანები პროფესიას ირჩევენ თავის უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების, ოცნებებიდან გამომდინარე და თუ ამას გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ტროლების ერთადერთი მიზანი, რატომაც დათანხმდნენ ამ ტიპის სამუშაოს, არის ის, რომ უფრო უბედური გახდეს მათ გარშემო სამყარო. ეს თითქოს სამყაროზე მათი შურისძიებაა“.

ჯეჯელავას თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ამას ხელისუფლება იყენებს, თუ ოპოზიცია, ეს ფსიქოლოგიური მოვლენა დამახასიათებელია ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც სოციალური ურთიერთობების ეკოლოგია დარღვეულია და პოლიტიკა საშინლად ანტისანიტარიულია:

„ძირითადად, ის ადამიანები ხდებიან კიბერბულინგის მსხვერპლნი და სამიზნედ მათ ურჩევენ ტროლებს, რომლებიც საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ და რომელთაც შეუძლიათ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა. ამიტომ, ამაში უცნაური არაფერია და ბუნებრივია, ჩვენმა საზოგადოებამაც უნდა გამოიჩინოს გარკვეული მდგრადობა ამ ტიპის მოვლენის მიმართ.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდა ცნება ბედნიერების ინდექსისა, რაც უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი საზოგადოებისთვის, იყო პარტია ლელოს მარშალის გეგმა, მაგრამ სამწუხაროდ, ესეც ისე ჩაიკარგა ამ ანტისანიტარიულ პოლიტიკაში, როგორც ბევრი კარგი იდეა და წამოწყება. ჩვენ ხომ არ ვართ მიჩვეულნი არჩევანის გაკეთებას პროგრამების მიხედვით? ძალიან დაზიანებული საზოგადოება ვართ... ამ 30 წლის განმავლობაში, გამუდმებულმა ბრძოლამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის და გამუდმებულ პრესინგში ყოფნამ რუსეთის მხრიდან, ცხადია, დიდი დაღი დაასვა ჩვენი საზოგადოების ფსიქიკურ მდგომარეობას. ამისგან განთავისუფლების ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს ბედნიერი. ამას სჭირდება მეტი უსაფრთხოება, კეთილდღეობა“...

ლელა ჯეჯელავას განმარტებით, მის და მასზე უფროს თაობას საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია იმიტომ აქვთ, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილია განცდა, როცა არ ეშინოდათ სამსახურის დაკარგვის, ბანკის ვალის გადახდის, ავად გახდომის, ყოველდღიური საარსებო შესაძლებლობის დაკარგვის...

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრი სამუშაოა გასაწევი, რათა საზოგადოებას ზუსტად ავუხსნათ, რომ ბედნიერების ნამდვილი განცდა მხოლოდ ჩვენს თავშია და თუ სწორად დავინახავთ, სად არის ჩვენთვის მეტი უსაფრთხოება და რა გარემო დაამარცხებს იმ შიშებს/ფობიებს, რაშიც ვცხოვრიბთ, მაშინ პრობლემა აღარ იარსებებს. ამიტომ, პოლიტიკოსებმა ნათლად უნდა აჩვენონ ადამიანებს, რომ ახლა მთავარია, ჩვენი შიშების დამარცხება. თუ საზოგადოება შიშებს მოერევა, ვერაფერი შეუშლის ხელს, იყოს ჯანსაღი და ბედნიერი, მაგრამ ამის ნაცვლად, ნახეთ, რას აკეთებს ხელისუფლება - მუდმივი ფსიქოლოგიური ტერორი და წნეხი ადამიანებზე, მოსალოდნელი ომის შიშით. კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ რუსეთის ინტერესებში შედის საქართველოზე პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გავლენის გაძლიერება. ამიტომ, რა პოზიციაც უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელისუფლებას, გარდა ერთი შემთხვევისა, რომ ჩააბაროს ეს ქვეყანა რუსეთს, სხვა ყველა შემთხვევაში, ეცდება თავისი ინტერესების რეალიზებას. ამიტომ, ეს - „ომი გინდათ“, არის უდიდესი დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, რადგანაც მუდმივ ფსიქოლოგიურ ტერორსა და წნეხში აცხოვრებს საზოგადოებას, რაზეც ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი“.

ლელა ჯეჯელავას განმარტებით, საზოგადოებას სჭირდება მეტი მდგრადობა, მეტად გაცნობიერებული დამოკიდებულება კიბერბულინგთან დაკავშირებით და ამის ყველაზე უკეთესი საშუალებაა, აბსოლუტურად დაიგნორება ამ ტიპის მოვლენისა:

 „აუცილებელია მათი უპასუხოდ დატოვება და როცა მათი მიზნები ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს, მათი არსებობის აუცილებლობაც დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ბევრი შესაძლებლობაა, რომ კიბერსივრცეში ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები, შესაბამისად, მექანიზმებიც გვაქვს მათი „დარეპორტების“, გვერდების გაუქმებისა. ჩვენი მოვალეობაა, მოვიქცეთ ასე, რომ კიბერსივრცე ჩვენ ხელთ არსებული შესაძლებლობებით, უფრო უსაფრთხო გავხადოთ“.


ავტორი-თათია გოჩაძე