საქართველოში საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტების შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას აქვეყნებს. ის აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე 30-მდე შეტყობინება მიიღო.
„განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ე.წ. სამაკლერო საქმიანობით დაკავებულმა პირმა ბათუმში ბინის გაყიდვის თაობაზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ბინა ქართველებზე არ გაიყიდება", - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყველა დაწესებულებას, ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეახსენებს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე, საცხოვრებლის ჩათვლით. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის, ეროვნებისა თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს ყველა სფეროში, მათ შორის, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. ამდენად, საჯაროდ ხელმისაწვდომი შეთავაზებებით სარგებლობაზე უარი, არარაციონალური, დისკრიმინაციული საფუძვლებით, დაუშვებელია ქირავნობით საკითხებთან დაკავშირებითაც.
სახალხო დამცველის აპარატი უძრავი ქონების აგენტებსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც.
ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის შეისწავლოს სავარაუდო დისკრიმინაციის ყველა შემთხვევა მსგავსი მომართვის და სავარაუდო დისკრიმინაციის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში.
განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ბინა ქართველებზე არ იყიდება", სოციალურ ქსელში 2023 წლის იანვრის ბოლოს გამოჩნდა. უარყოფითი რეაქციის შემდეგ, ავტორმა ის წაშალა.
„ვნახე პოსტი, სადაც რუსულად ეწერა, რომ ვყიდი ბინას და ქართველებზე არ ვყიდი", - უთხრა მაშინ „მთავარ არხს" დეგი სუხიშვილმა, უძრავი ქონების სააგენტო „ციტადელის" მფლობელმა, რომელიც რუსულ ენაზე გამოქვეყნებული განცხადებით დაინტერესდა. როგორც ის ჰყვება, რუსულ ენაზე მოსაუბრე პირმა, მას დაუდასტურა, რომ მისი განცხადება იყო.
წყარო:რადიო თავისუფლება
„грузинам не продаётся" - ბათუმში განცხადებაში მიუთითეს, რომ ბინა ქართველებზე არ იყიდება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი