„მორჩა, დამთავრდა ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი“ - კახა კუკავა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ასე რომ, ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს... რას შეცვლის აღნიშნული ქართულ პოლიტიკაში? - „ვერსია“ პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერ კახა კუკავას ესაუბრა:

 

- არ მგონია, რომ ამ ამბავს ქართული პოლიტიკისთვის რამე ტაქტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს. ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ, რამდენიმე წელია, ამოწურა შანსი ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი ისაა, რომ შეიძლება, ეს გამოდგეს, როგორც თეორიული მაგალითი და კარგი გაკვეთილი სხვა ორგანიზაციებისთვისაც - როდესაც პარტია დაკარგავს ფუნქციას, იდეებსა და მიზნებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და დარჩება მხოლოდ სტრუქტურა, აუცილებლად კვდება. ეს დაემართა მელიას პარტიას სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, დაკარგა ფუნქცია, რაც ჰქონდა 2018-2020 წლებში.

- ფუნქციის დაკარგვაში რას გულისხმობთ?

- მელიას 2018 წლიდან ჰქონდა არჩეული კურსი, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ ყოფილიყო განხილული, როგორც სააკაშვილის რეჟიმი, მომხდარიყო სააკაშვილისგან პარტიის დისტანცირება და მელიას უნდოდა, მოეხერხებინა მთელი ოპოზიციური ხმების კონსოლიდაცია, რათა შეეცვალა ხელისუფლება. ამ კურსს მზარდი მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ სააკაშვილის ჩამოსვლამ ეს პროცესი მოკლა, რადგან მთელი პარტია სააკაშვილის ინტერესების დაცვაზე გადაერთო და ბუნებრივია, ვეღარ მოხდებოდა დისტანცირება სააკაშვილისგან. შესაბამისად, მთელი ის ხმები, რაც უნდა ყოფილიყო გამარჯვებისთვის ძირითადი რესურსი, ამ პარტიამ დაკარგა და გადაიქცა სააკაშვილის „ფანკლუბად“. თავად პარტიის ლიდერი კი აცხადებს, რომ ნამდვილი უკრაინელია და საქართველო საერთოდ არ აინტერესებს.

- ხაბეიშვილი კი იკავებს სააკაშვილის უფრო გულმხურვალე მხარდამჭერის ნიშას, მელიასთან შედარებით, მაგრამ კულუარული ხმით, ხაბეიშვილის უკან მდგომი მერაბიშვილ-კეზერაშვილის ტანდემი საერთოდ არაა სააკაშვილის მხარდამჭერი და მის თემას მხოლოდ პარტიაში პოზიციის განსამტკიცებლად იყენებს...

- კი, მეც მაქვს ეგ ინფორმაცია... გუშინ ერთი ადამიანი მესაუბრა, რომელიც ვანო მერაბიშვილის საახლობლოდანაა და მითხრა, რომ იმ ინტერვიუში, რომელიც სააკაშვილმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას მისცა, გულისხმობდა, სწორედ ვანო მერაბიშვილს. ბუნებრივია, რომ ეს ამ გუნდისთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი და საწყენი.

ამ დაპირისპირებაში არც ერთი მხარის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ აშკარად ტყუილია, რომ რუსეთმა, ივანიშვილმა და მერაბიშვილმა დაგეგმეს სააკაშვილის დაბრუნება. 6 წელია, ეს კაცი ტელეეკრანებიდან იგლიჯებოდა, მინდა, საქართველოში დაბრუნებაო. მე და ძალიან ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ვეუბნებოდით, რომ არ უნდა დაბრუნებულიყო. სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც ასეთი იყო, რომ არ უნდა დაბრუნებულიყო, ამის მიუხედავად, მაინც დაბრუნდა და ეს პატარა კაცუნას კომპლექსია, რომ ახლა სხვებს აბრალებს.

- პოლიტიკაში რომელიმე ვერსიის ასე ცალსახად გამორიცხვა გონივრულია?

- არა. ეს ამბავი გამორიცხულია, რადგან გუბაზ სანიკიძის გარდა, არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც მიშას ეუბნებოდა, ჩამოდიო.

- თუ სააკაშვილს მერაბიშვილთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რატომ არ შეუშალა ხაბეიშვილს ხელი, რომ მისი თემით მანიპულაციით გაემარჯვა, თუ ეს მართლაც ასე იყო?

- საერთოდ, ეს პრობლემა მელიას მსგავსად, სააკაშვილსაც აქვს. ჩანს, რომ ორ სკამზე ჯდომა კარგია, მაგრამ სტრატეგიულად წამგებიანია. ალბათ, იმიტომ, რომ ორივე მხარეს იყვნენ მისი მხარდამჭერები და არ უნდოდა, რომ გაენაწყენებინა. სააკაშვილისთვის მელია-ხაბეიშვილზე მეტად, ალბათ, ფასეული ის იყო, რომ მელიას გუნდში იყვნენ ახალაიები, ხერხეულიძე, წიკლაური, რომლებიც ჭეშმარიტ მიშისტებად“ ითვლებიან და ასევე, ხაბეიშვილის მხარესაც იყვნენ ვარშალომიძე, ბოტკოველი და სხვები, რომლებიც, ასევე, „მართლმორწმუნე მიშისტებად“ ითვლებიან. ამიტომ, ორივე მხარის ერთგულების შენარჩუნება უნდოდა და ისე გამოვიდა, რომ შეიძლება, ორივე დაკარგოს.

- რა კონტექსტში შეიძლება დაკარგოს სააკაშვილმა საყრდენი საკუთარ პარტიაში?

- ერთმა ადამიანმა თქვა, ყველას აქვს თავისი ფუნქცია, როგორც პოლიტიკურ, ისე დრამატულ სცენაზე და როცა ამ ფუნქციას ამოწურავს, მერე სასაცილოა მისი ქმედებებიო. მაგალითი მოიყვანა, ოტელო რომ დეზდემონას დაახრჩობს, შემდეგ ხომ ვეღარ გამოვა დეზდემონა სცენაზე? ასეა, მორჩა და დამთავრდა ნაციონალური მოძრაობა და სააკაშვილი...

ეს ისევე სასაცილოა, როგორც „მგიმო“-ს სტუდენტი ელენე ხოშტარია რომ აცხადებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ზურა ჯაფარიძესთან ერთად. ეს სერიოზული პოლიტიკის ნაწილი არაა. ესაა პოლიტიკური ჭაობი, სადაც, უბრალოდ, ყიყინებენ...

- ასეთი განმათავისუფლებელი მოძრაობა ადრეც დაანონსდა, მაგრამ... რატომ ვერ იკრებს ძალას მსგავსი მოძრაობები საქართველოში, რას ფიქრობთ?

- ეს ხალხი არის ძალიან შორს პოლიტიკისგან. ფეხბურთის მოედანზე ძაღლი რომ გამოვარდება, გოლს ხომ ვერ გაიტანს? ზუსტად ასეა - ამ ხალხს შეხება არ აქვს ქართულ პოლიტიკასთან, ქართველ ერთან, მის ისტორიასა და კულტურასთან. აქვთ რაღაც ფული, რომელიც ზოგს კეზერაშვილმა მისცა, ზოგს - ჩხარტიშვილმა და ამ ფულს ფლანგავენ. სხვა ფუნქცია არ გააჩნიათ და სასაცილოა, მე სერიოზულად ვერ აღვიქვამ, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის შუაში, ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია რომ დგანან.

- ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ილია ჭავჭავაძესა და ზვიად გამსახურდიასთან ასოცირდება. ამიტომ, მეც ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი იდეა და სიტყვები გაბაიბურდა, რადგან როცა ასეთ მოძრაობას აანონსებ, ერთი ბრიფინგით არ უნდა შემოიფარგლებოდე...

- თათია, ჩემზე უმცროსი ხართ და შეიძლება, არ გახსოვდეთ, მე კი მახსოვს ეროვნული მოძრაობის თითოეული პერიპეტია და იქ ისეთი ენერგეტიკა და გულწრფელობა იყო! მარტო მერაბ კოსტავას ისტორია რად ღირს, რომელმაც 8 წელი გაატარა ციმბირში, კატორღაში. ახლა „მგიმო“ მოიარა ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძე რეზინის ეკლესიებს ბერავდა... გავიგე, რომ მერაბ კოსტავა, შეიძლება, კიდევ დიდხანს არ განმეორდეს ჩვენს ისტორიაში, მაგრამ რაღაცით ხომ მაინც უნდა ეხმიანებოდე იმ მოძრაობას?! არც კი ღირს ამაზე საუბარი!

- გასაგებია, მაგრამ თქვენ ხომ გაქვთ კონსერვატიულ-ტრადიციული კურსი აღებული, რატომ არ აქტიურობთ, რატომ ხართ ასე უმოქმედოდ, პოლიტიკური თვალსაზრისით?

- შემოდით პარტიის გვერდზე და ნახავთ, რომ თავისუფალი საქართველო არის ყველაზე აქტიური პარტია. ბანკების გამოსახლება ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური საკითხია ქვეყანაში. რაც შეეხება საკითხს, რატომ არ ვჩანვართ,  როგორც პარტიებია მიბმული კეზერაშვილზე, ჩხარტიშვილსა და სხვა დონორებზე, ზუსტად ასეა ტელევიზიებიც...

- ესე იგი, დაფინანსებას ვერ პოულობთ, ბატონო კახა?

- დიახ, მაგრამ ამის გარდა, ჩვენი პარტია აკრძალულია ტელე-მედია სივრცეში იმის გამო, რომ არც ერთ პოლუსს არ მივეკუთვნებით. ეს ჩვენი არჩევანია და ამაზე კი არ ვწუწუნებთ, ასე გადავწყვიტეთ - სჯობს, ამ ეტაპზე, ვიყოთ იგნორირებულნი, ვიდრე ჩავდგეთ „ქოცური“ ან „ნაცური“ ბანაკის რიგებში. ეს რთული, მაგრამ გასავლელი პერიოდია. მგონია, რომ დამთავრდება ეს ორპოლუსიანობა საქართველოში და ყველა, ვინც იყო რომელიმე მხარეს, აღმოჩნდება პოლიტიკურ სანაგვეზე. ახლა გვირჩევნია, ვიყოთ „აბსაიდში“, ვიდრე მერე აღმოვჩნდეთ პოლიტიკურ სანაგვეზე.

ავტორი-თათია გოჩაძე