დიდი განსაცდელი უკრაინელებისთვის - სიცივე და თოვლი ენერგოკრიზისის ფონზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ამ დროს კიევში პირველი თოვლი მოვიდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ხალხის ტანჯვას, რომელიც საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტს ებრძვის. კიევი აცხადებს, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსეთის სარაკეტო დარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ.

უკრაინის მედიის თანახმად, რუსეთის არმიამ ხერსონიდან უკან დახევამდე ააფეთქა საქვაბეები და საოლქო ენერგოსისტემის ობიექტი, ასევე სატელევიზიო ცენტრი. ქალაქი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციის გარეშე დარჩა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები ნაღმავენ ტერიტორიებს ყველგან, სადაც კი შეუძლიათ - ხერსონიდან დნეპრის მარცხენა ნაპირამდე ხერსონის ოლქში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ტელეგრამზე წერს, რომ „რუსმა ტერორისტებმა ისევ მიაყენეს მასირებული დარტყმა“ უკრაინის ზოგიერთი ოლქის ენერგოსისტემის ობიექტებს. ტიმოშენკოს თანახმად, რუსული რაკეტების ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ნაწილმა კი სამიზნეებამდე მიაღწია.

უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ ათ მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ელექტროსადგურების და სხვა ენერგეტიკული ობიექტების აფეთქებით რუსეთი ომს აწარმოებს ხალხის საარსებო წყაროს წინააღმდეგ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევში.

ელექტროენერგიის მოხმარება რა ხანია საგრძნობლად შემცირდა დედაქალაქ კიევში და კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში. ამის შესახებ მოსახლეობა ადრე გააფრთხილა სახელმწიფო კომპანია „უკრენერგომ“.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქის და ამ ოლქების ენერგოობიექტები ყველაზე მეტად დაზიანდა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 10, 11, 17 და 22 ოქტომბერს და 2 ნოემბერს განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევების შედეგად. ენერგოსისტემაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, უკრაინაში ოქტომბრიდან მოქმედებს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი.

ამერიკული კომპანია Maxar-ის თანამგზავრებით გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომ მარიუპოლში საფლავების რაოდენობა გაიზარდა, იუწყებოდა „ბი-ბი-სი“.

ივნისში გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის უწყებამ დაადასტურა, რომ მარიუპოლში საომარ მოქმედებებს ემსხვერპლა 1348 სამოქალაქო პირი, მათ შორის 70 ბავშვი. გაერო მაშინ აცხადებდა, რომ დახოცილთა რეალური რიცხვი უფრო მაღალია, რადგან ომის დროს ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ძნელი იყო.

გაეროს შეფასებით, მარიუპოლი დატოვა 350 ათასამდე მოსახლემ. ბოლო თვეებში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ქალაქის მხოლოდ ცალკეულ ფოტოებს აქვეყნებენ, თუმცა ამ ფოტოებზეც ჩანს, რომ მარიუპოლის რეალობა გახდა ცარიელი ქუჩები და ნანგრევები. ქალაქში ომამდე 450 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა.
რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე საპორტო ქალაქი მარიუპოლი რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სამიზნე იყო, მას ომის დაწყების შემდეგ უწყვეტად უტევდნენ ჰაერიდან და ხმელეთიდან. როცა ის მაისში რუსეთის ძალების კონტროლს დაექვემდებარა, იმ დროისთვის უკვე ათასობით სამოქალაქო პირი იყო დაღუპული და ქალაქის დიდი ნაწილი განადგურებული.

რუსეთის სარაკეტო დარტყმების თანმიმდევრულმა ტალღებმა გაანადგურა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი, განაცხადა 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, მაშინ როცა გაერომ გაფრთხილება გამოთქვა უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ ამ ზამთარში ელექტროენერგიისა და წყლის უკმარისობის გამო.

„სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენი ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი მწყობრიდან გამოსულია“, განაცხადა შმიჰალმა.

მან ისაუბრა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ვალდის დომბროვსკისთან ერთად, რომელიც ესტუმრა კიევს, რათა განეხილა ევროპის კავშირის გადაუდებელი ფინანსური დახმარება უკრაინისთვის უახლოეს თვეებში.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ამჟამად ელექტროენერგიის გარეშეა ქვეყანაში, სადაც ომამდე მოსახლეობა დაახლოებით 44 მილიონს შეადგენდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში ელექტროენერგიის იძულებითი საავარიო გამორთვის განკარგულება გასცა.