რითი სჯობს „ოცნების“ მმართველობის ათი წელი ენმ-ს ცხრა წელს - შედარებითი დახასიათება რამაზ საყვარელიძისგან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ათი წელი შესრულდა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო სუვერენტიტეტი განმტკიცდა. პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებაში გაკრიტიკებულია წინა ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ათი წლის წინ მართავდა:

„დღეს, ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცების შედეგია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი საქართველოს უახლოეს 30-წლიან ისტორიაში, რომლის მმართველობის პირობებში, ქვეყანას ომი არ ჰქონია. ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება, ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის მტკიცე დაცვა, სამშობლოსა და ეკლესიის სიძლიერეზე ზრუნვა არის ის უმთავრესი პრინციპები, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საქმიანობა მომავალშიც დაეფუძნება“.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების შეცვლის პროცესში:

„ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი, დემოკრატია, ადამიანის ძირითადი უფლებები, ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და ეკლესიის პატივისცემა მისთვის ყველაზე ფასეული და უზენაესია. ზუსტად ათი წლის წინ, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმარჯვა დანაშაულებრივ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც ყველა ზემოხსენებულ ფასეულობას ებრძოდა და ფეხქვეშ თელავდა“.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება შეცვალა. ამ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54.97% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი  - 40.34%. ამ არჩევნების ჩატარებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ რიგებს პარლამენტში შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არჩეული დეპუტატების ნაწილი.

„ოცნების“ ათი წელი „ვერსიამ“ ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს შეაფასებინა:

„რასაც ხაზს უსვამენ ხოლმე, როგორც წარმატებას, ეს არის მშვიდობიანობის ათი წელი და მშვიდობა რომ სჯობს, აქედან გამომდინარე, მიღწევაა. მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი იყო შიდა სიტუაციაც, მაგრამ გვახსოვს გამუდმებული დაძაბულობა, რასაც პოლარიზება უწოდეს უცხოელებმა და პოლარიზებას ვერ დავაბრალებ „ოცნებას“, რადგან ინტერესი რევოლუციური სცენარის აღსრულებისა ჰქონდა მის ოპონენტ პარტიას. სხვა მხრივ, ბევრი რამ, რაც გაკეთდა - გზები, მშნებლობები და ა.შ. შემთხვევით გაიგო საზოგადოებამ ანუ ხმის მიწვდენა უჭირთ საზოგადოებამდე, PR-ისა და პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობის პრობლემა აქვთ. უცხოეთთან ურთიერთობაშიც, ასევე, PR-ის პრობლემაა, ვერაფრით გადალახეს ის ბარიერი, რომ არსებობს უცხოელების ნაწილი, რომლებიც მათდამი კრიტიკულად არიან განწყობილნი და ვერ შეარბილეს ეს განწყობა. ინიციატივებიც ნაკლები აქვთ. ცხრა წელი იყო სააკაშვილი ხელისუფლებაში და ათი წელია, „ქართული ოცნებაა“, თუ შევადარებთ მშენებლობების რიცხვსა და ინიციატივებს ამა თუ იმ მიმართულებით, იმდენი არ აქვს „ოცნებას“, რაც ჰქონდა სააკაშვილს, თუმცა ხშირად, სააკაშვილის ინიციატივით აშენებული შენობები დეკორაციული იყო. „ოცნებასთან“ ასეთი დეკორატიულობა არ შეგვხვედრია, მაგრამ ინიციატივები ამ მიმართულებით ცოტაა.

ეს ყველას არ ეხება, კახი კალაძე ენერგიული და ინიციატივიანი მერია და PR-იც საზოგადოებას ატყობინებს ყველაფერს, რასაც მერია აკეთებს. რასაც კალაძე ახერხებს, ამას სხვები რომ ვერ ახერხებენ, ეგაა ხარვეზი“.

საყვარელიძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ცხრა და „ოცნების“ მმართველობის ათ წელს ადარებს:

„ერთადერთი, ძირითადი განსხვავება ისაა, რომ არ არის ძალადობა ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან, რაც წინა ხელისუფლების დროს, თითქმის დაკანონებული იყო - ძალადობა პიროვნებებზე, ბიზნესსა და საზოგადოებაზე“.

რაც შეეხება გაძვირებულ ფასებსა და გაძნელებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ თვალსაზრისით, ფინანსური კრიზისი მთელ მსოფლიოშია, ომისა და პოსტკოვიდური პანდემიის გამო:

„იქამდე, სანამ ეს ორი ფაქტორი ამოქმედდებოდა, უამრავი დრო დაიხარჯა ისე, რომ არ შეიქმნა ეკონომიკური მდგომარეობის მყარი საფუძველი, საწარმოების შექმნით. ამიტომ, უმუშევრობის პრობლემა დარჩა ისე, როგორც იყო. მნიშვნელოვანია ეს პრობლემა იმდენად, რამდენადაც ინდუსტრიალიზაცია თუ არ დაიწყო, მარტო სოფლის მეურნეობა და ტურიზმი ქვეყანის ეკონომიკას ვერ წასწევს წინ და ვერც განავითარებს. მაგალითად, ჩინეთში ტურიზმიცაა და სოფლის მეურნეობაც, მაგრამ ვხედავთ, რომ წარმოების ინტენსიურ გაფართოებაზე გადავიდნენ, რადგან სხვაგვარად, ძლიერი ეკონომიკის შექმნა წარმოუდგენელია“.

რამაზ საყვარელიძე ქვეყანაში შექმნილ პოლარიზებულ გარემოზე ვრცლად საუბრობს და აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, პოლარიზების კიდევ უფრო გამწვავებას არ ელის:

„არ მგონია, პოლარიზაციის თემა წამყვანი იყოს. რაც მრავალპარტიულობა შემოვიდა, სულ არის პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება, ამ მხრივ. როცა სამოქალაქო ომი იყო და თოფს ესროდნენ ერთმანეთს, მაშინ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მდგომარეობა იყო პოლარიზაციის გამო. ახლა კი, ჯერჯერობით, არის პოლარიზაცია, როგორც თანმხლები მოვლენა. სიტუაციის გართულებას არ ვპროგნოზირებ 2024 წლის არჩევნებისთვის“.

რა შანსი აქვს მმართველ პოლიტიკურ ძალას მომავალ არჩევნებში? საყვარელიძის პროგნოზი ასეთია:

„ეს ხელისუფლება გაიმარჯვებს, სამწუხაროდ, რადგან ოპოზიცია არ არსებობს. არა იმიტომ, რომ დაჯაბნა ხელისუფლებამ, არამედ, თვითონ ოპოზიციაა უხარისხო. თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ასეა, ერთი პარტია ხდება წამყვანი და დანარჩენები ჩამქრალნი არიან. ეს ასაკობრივი ავადმყოფობაა და რომ გაიზრდება „სტაჟი“, გადაივლის“.

რაც შეეხება ყოფილ სახელისუფლებო და ამჟამინდელ მთავარ ოპოზიციურ ძალას, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ენმ ვერ შეძლებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას:

„მოსახლეობას აღარ უნდა, მოიყვანოს ხელისუფლებაში ეს ძალა, რადგან მისი ძალადობა ახსოვს. ძლიერი ახალი პარტია კი არ ჩანს. ეს ცუდია თვითონ „ოცნებისთვის“ და საქართველოსთვისაც, რადგან დიდი ხნის მანძილზე, ერთი და იგივე პარტიის ხელისუფლებაში ყოფნა ძნელია, როცა ამდენი პრობლემაა გარშემო, მაგრამ ამისთვის უნდა არსებობდეს ალტერნატივა. ახალი პოლიტიკური ძალა უნდა გამოჩნდეს, თორემ ფაქტია, ერთპარტიული გახდა პოლიტიკური გარემო. თუმცა ახალი ძალის გამოჩენის ვერანაირ ნიშანს ვხედავ ახლა. საზოგადოებაში ამის ნიადაგი არის, რადგან ხალხი ეძებს ახალ ძალას, მაგრამ მხოლოდ ნიადაგი არ შველის ამ საქმეს. ასე რომ, დღევანდელი დღის სიტუაციით, „ოცნება“ უკონკურენტო ჩანს“.