მელია კეზერაშვილის პოლიტიკიდან დისტანცირებას ითხოვს - განხეთქილება ნაცებში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადება მისთვის სამწუხაროა.

ხაბეიშვილის თქმით, იმ პირობებში, როცა რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან ისრების გადატანა არასწორად მიაჩნია.

„გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო. ვფიქრობ, იმ პირობებში, როცა ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული და მეტიც, საკუთარი თანაგუნდელები, მინისტრის მოადგილე ამხელს კრემლთან ურთიერთობაში მთავრობის წევრებს, ბიძინა ივანიშვილს, ასეთ დროს ისრების გადატანა, მათ შორის ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან, არასწორად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როცა კონკრეტულად კეზერაშვილზეა საუბარი, ეს ადამიანი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელი არხიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ ამ ქვეყანაში და პარალელურად, ეს ადამიანიც არის აღიარებული პოლიტიკური დევნილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ, ასევე, ევროპულ რეზოლუციაში, სადაც აგრეთვე შავით თეთრით არის მითითებული, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

აღნიშნულს ასევე გამოეხმაურა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ნიკა მელიას განცხადება დავით კეზერაშვილის შესახებ უცნაურია.

კირკიტაძის თქმით, ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე სწორი არ არის.

„უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, ჩვენი, არა მხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი, რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპას, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და ხელთ უპყრია ძალაუფლება, მიტაცებული აქვს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ „ფორმულას“ ეთერში.