როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს 14 წლის შემდეგ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ანა ბაქრაძე

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან და არაერთი ქვეყნის ოფიციალური უწყება გამოეხმაურა ამ თარიღს, გამოხატა მწუხარება და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. „ვერსიამ“ მოიძია და გაგაცნობთ, როგორ გამოეხმაურა მსოფლიო საქართველოს ამ ტრაგედიას - 2008 წლის ომს 14 წლის შემდეგ:

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ პრესისთვის გაკეთებული განცხადება: „ათწლეულებს განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ რუსული ოკუპაციის ქვეშ, მოხდა ათი ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება, სამართლებრივი დევნა და გაღატაკება“. ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს  სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცედ მხარდაჭერას და რუსეთს მიუთითებს არშესრულებულ ვალდებულებებზე: „რუსეთი პასუხისმგებელია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციაზე და დაუშვას ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებლად მიწოდება. ასევე შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარების შესახებ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ასი ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.“

წყარო : https://ge.usembassy.gov/anniversary-of-the-russian-invasion-of-georgia/

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს „ტვიტერზე“ ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნედ პრაისი: „დღეს გავიდა 14 წელი, რაც მოსკოვი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ოკუპაცია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“

წყარო: https://twitter.com/StateDeptSpox/status/1556306567246618625?ref_src=twsrc%5Etfw

აგვისტოს ომის საკითხს ეხმაურება და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მხარს უჭერს ევროკავშირიც. საგარეო საქმეთა და უსაფრთხობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ტვიტერზე წერს: „ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად უკანონოდ ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“ .

წყარო: https://twitter.com/JosepBorrellF/status/1556212067270627328?ref_src=twsrc%5Egoogle%7Ctwcamp%5Eserp%7Ctwgr%5Etweet

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა  განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით და ამ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალების დატოვებით, დაარღვია როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმები, ასევე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება -  “საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის ე.წ. “ბორდერიზაციის” პოლიტიკის, სასაზღვრო პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების სახით.“

ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ უნდა ჩატარდეს გამოძიება წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე, რათა მოხდეს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა, აღდგეს სამართლიანობა და მოხდეს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფა.

წყარო: https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/remarks-acting-head-eu-delegation-14-years-after-august-2008-russia-georgia-war_en?s=221

2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს ეხმაურება ლიეტუვას პარლამენტის საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფიც, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

  „თოთხმეტი წლის წინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მეზობელი საქართველოს წინააღმდეგ წამოიწყეს აგრესიის აქტი, რათა ჩამოეგლიჯათ მისი ტერიტორიის ნაწილი და ოკუპირებულ რეგიონებში დაეარსებინათ არაღიარებული მარიონეტული მთავრობა.“

განცხადებაში ასევე საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც კანონიერად ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას და მასზე ფაქტობრივ კონტროლს და აკისრებს რუსეთს პასუხისმგებლობას საერთაშორისო ნორმების დარღვევისთვის.

ლიეტუვას პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, ასევე ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან და არ დააბრკოლოს საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა.

გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას - გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

წყარო: https://www.lrs.lt/sip/portal.show?p_r=35403&p_k=2&p_t=281974

ვებ-გვერდ elpnariai.lt-ზე ევროპარლამენტარებმა რასა იუკნევიჩიენემ და ანდრიუს კუბილიუსმა გამოაქვეყნეს ოფიციალური განცხადება: „რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, თუმცა კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ისწრაფოდეს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.“ ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ დემოკრატიულ საზოგადოებას, უზრუნველყონ დახმარება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. „უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები წარსულიდან“ -ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: https://elpnariai.lt/en/on-the-14th-anniversary-of-russias-war-against-georgia-and-the-continuing-occupation/

რა თქმა უნდა, საქართველოს გვერდით დგას უკრაინაც, რომელმაც უკვე კარგად იცის, რას ნიშნავს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირება. აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოეხმაურა შემდეგი  განცხადებით: “დღემდე რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და საქართველოს ამ ტერიტორიებზე უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს“.

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში. უკრაინა იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალებით შესაძლებელი იქნება რუსული აგრესიის შეჩერება. „რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია. რუს ომის დამნაშავეებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა“-ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: https://www.kmu.gov.ua/en/news/zaiava-mzs-ukrainy-do-14-i-richnytsi-zbroinoi-ahresii-rf-proty-hruzii