მიშას ეპოქა სრულდება?! - „მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი“ - ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრესბლოგი

ავტორი: ნინო დოლიძე

ხმა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა აღარ აინტერსებს, კულუარებში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა და ამის შესახებ, თავის დროზე, „ვერსიამაც“ დაწერა, თუმცა მაშინ ეს მოარული ცნობა არავინ დაადასტურა. ახლა კი პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატები უკვე ღიად ამბობენ, რომ დიახ, მიშა ქართული პოლიტიკით აღარ არის დაინტესრებული. ისე, საინტერესოა, თუ ქართული პოლიტიკა არ აინტერესებდა, მაშინ, რამდენიმე თვის წინ, საქართველოში, როგორც იტყვიან, კონტრაბანდულად რატომ დაბრუნდა? - ეს, ერთი შეხედვით, რიტორიკული კითხვაა, თუმცა „ვერსიის“ ძველ სტატიას თუ გავიხსენებთ, მივხდებით, რომ სააკაშვილს ზემოხსენებული გადაწყვეტილება თავად არ მიუღია ანუ როგორც თავის დროზე, ჩვენმა კონფიდენციალურმა წყაროებმა გვითხრეს, დასავლეთმა და, მათ შორის, ამერიკის შეერთებლმა შტატებმაც სააკაშვილს შეუთვალეს, ციხიდან დაგიხსნით და მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გაგიყვანთ, თუ მხოლოდ ქართული კი არა, უკრაინული პოლიტიკიდანაც წახვალო. წყაროს თქმით, სააკაშვილმა მაშინ ეს შეთავაზება არ მიიღო. დღეს კი მისი პოზიცია, როგორც ირკვევა, შეცვლილია.

სხვათა შორის, მიშას პოლიტიკიდან წასვლა, არაპირდაპირ, მისმა უფროსმა ვაჟმაც დაადასტურა. უფრო მეტიც, სააკაშვილის ვაჟმა თქვა, რომ მიშა საქართელოში არ უნდა ჩამოსულიყო.

„ჩემი აზრით, საჭიროა, მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რომ რაღაც კონსენსუსი შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას და მკურნალობას და წვდომა ჰქონდეს ამაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია დეპოლიტიზირდეს მისი საკითხი, ამისთვის შეიძლება საჭიროა, მისი როლი პოლიტიკაში საერთოდ გადაიხედოს.

მე ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ, ჩემი ოჯახის, მამაჩემის სანახავად. ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა ზუგდიდში, ბათუმში, მეგობრებთან, მაგრამ ხალხი გვხვდება, თუ მცნობენ, მეკითხებიან, მიშა როგორ არის, არის ფართო დაინტერესება მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი. მასზე არ მეკითხებიან, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს და ა.შ. არის ბევრი, რომლებიც ასე უყურებენ, მაგრამ არის შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში, უნდათ მისთვის კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან მიშასი და ნაციონალური მოძრაობის. ამიტომ, მე მგონია, ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის ფართოდ გავრცელებული. თუ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზირებაზე, მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზირდეს ცოტა. მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის, არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ცოტა რთული წარმოსადგენია ჩემთვის. როცა შევდივარ მამაჩემთან, ის უყურებს უკრაინულ ტელევიზიებს მხოლოდ, მე მგონი, თვითონაც ხვდება ამას, შეიძლება, იქით უფრო ჰქონდეს მომავალი, ვიდრე აქ, მის პოლიტიკურ აქტიურობას.

დღეს მისგან პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე და აღარც ერევა დიდად. ჩამოსვლამდე წერდა, რომ მე ჩამოვალ, შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ა.შ., მაგრამ რეალურად, ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ ის კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ და ეს იყო დიდი შეცდომა.

მე არ ვამბობ, რომ გარიგება უნდა შედგეს, კულისებში ხელის ჩამორთმევებზე არ მაქვს საუბარი, თუ კომპრომისებზეა საუბარი, შეიძლება, ორმხრივი იყოს, ისიც აშკარა გახდეს, რომ მამაჩემი ქართულ პოლიტიკაში თავის თავს ვეღარ ხედავს მომავალში და მეორე მხრიდან წამოვიდეს შეიძლება სურვილი, პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება მოხდეს. მე მხოლოდ მივესალმები ამას. მე ვცდილობ, რეალისტურად შევხედო მამაჩემის რთულ მდგომარეობას. მე ვფიქრობ, შეიძლება შეიქმნას კონსენსუსი საზოგადოებაში, ძალიან ფართო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს უახლეს ისტორიაში და აწმყოშიც იმიტომ, რომ მას აქვს ძალიან დიდი გავლენა იმაზე, როგორი საქართველოც დღეს არის. ამ კონსენსუსში ხალხმა თქვა, რომ დავაფასოთ მისი ღვაწლი, ცუდი, კარგი და შევუქმნათ მას ღირსეული ჯანმრთელობის მდგომარეობის უფლება. თუ შეიქმნება ასეთი კონსენსუსი, ხელისუფლებისთვისაც უფრო ადვილი გახდება წამოვიდნენ დათმობაზე ამ საკითხებზე, კონკრეტულად საუბარია, ჰუმანური მოპყრობის საკითხზე, სასჯელის გადავადება და ა.შ. რაც ლეგალურად დაშვებულია და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნიადაგი, რომ ეს მართლა მოხდეს. საერთაშორისო დონეზეც ასე უყურებენ, მე და გიული შეხვედრებს ვმართავდით, იქაც მგონია, რომ თუ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსენსუსი არსებობს ევროპაშიც ამაზე, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, იქ უფრო იყოფა აზრები. თუ მოვახერხებთ საქართველოშიც შეიქმნას მსგავსი კონსენსუსი, მამაჩემსაც შეუძლია ამაში წვლილის შეტანა, თუ მოახდენს დეკლარირებას, მაგრამ ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა ტრიუკი“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

სიმართლე რომ ვთქვათ, აქამდე, მიშა ყოველთვის მომავლის ლიდერად მიიჩნეოდა. ახლა კი, საკუთარმა შვილმა თქვა, რომ მამამისი მომავლის ლიდერი არ არის. ესე იგი, გამოდის, რომ მიშას პოლიტიკიდან წასვლა რეალურად აქვს გადაწყვეტილი, რაც ჩვენი ქვეყნის პოლიტისტორიაში ახალი ერის დასაწყისი იქნება, რადგან 90-იანი წლების შუახანებიდან მოყოლებული, საააკაშვილი ქართული პოლიტიკის მოტორად მიიჩნეოდა. ყოველ შემთხვევაში, მოახერხა, რომ ხალხს გამუდმებით მასზე ელაპარაკა და ამასთან, პოლიტიკოსის განსხვავებული სახე შეექმნა.

ერთი სიტყვით, მალე გახდება ცნობილი, მიშას ეპოქა სრულდება თუ არა და თუ დასრულდა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ენმ-ს ეპოქაც დასრულდება, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მიშას გარეშე, ეს პარტია არაფერია!