50 მილიონის საიდუმლო - როგორ მოატყუა სააკაშვილის ხელისუფლებამ ეკლესია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

30 ოქტომბერი - ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი თუ მხარდამჭერთა მობილიზების სატყუარა

 ავტორი: ნინო დოლიძე

 30 ოქტომბრის ციებ-ცხელება თანდათან აქტიურ ფაზაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურისთვის მმართველი პარტიაც ემზადება და ენმ-ც. რომელს უფრო უკეთესი სასტარტო მდგომარეობა აქვს? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს ანუ ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ 30-ში მათი კანდიდატები ოლიმპოზე ავლენ. ისე, ადგილობრივი არჩევნების თუნდაც მეორე ტურში გამარჯვება პოლიტიკის კი არა, უფრო ღირსების საკითხია, რადგან იმის მიუხედავად, თუ რა ფერის დროშა აფრიალდება დიდი ქალაქების თავზე, ცენტრალური ხელისუფლება არ შეიცვლება.

 ეს ოპოზიციამაც ძალიან კარგად იცის, მაგრამ 30 ოქტომბერს ისე საკრალურად წარმოადგენს, პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი იფიქრებს, ამ დღეს მეორედ მოსვლა დაიწყებაო, მაგრამ ქალბატონებო და ბატონებო, სჯობს, ამთავითვე გავაცნობიეროთ, რომ 30 ოქტომბერიც ჩვეულებრივი კალენდარული დღეა და თუნდაც პოლიტიკურად არაფერი შეიცვლება.

რატომ? - რატომ და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხალხი პოლიტიკის და, მით უმეტეს, ოპოზიციის მიმართ ნიჰილისტურად არის განწყობილი. კი ბატონო, ვაღიაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაკავებამ გარკვეულ ელექტორატში „ნაციონალური ემოციები“ გააღვიძა, მაგრამ ასეთი ამომრჩეველი, გაწიე-გამოწიე, 50-დან 80-ათასამდე მერყეობს (ყოველ შემთხვევაში, ცალკეული ექსპერტები სწორედ ამ რიცხვს ასახელებენ), თანაც ისიც ყურადსაღებია, რომ ამ 50 თუ 80 ათასიდან ყველა იმ 20 ქალაქის მკვიდრი არაა, სადაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს.

სხვათა შორის, 2 ოქტომბრის არჩევნებზე კიდევ ერთი 80 ათასი ადამიანის, ასე ვთქვათ, სელექცია მოხდა ანუ ადამიანები, რომლებსაც მმართველ გუნდზე პირადი თუ სხვა მოსაზრებებით გული აცრუებული ჰქონდათ, ექსპრემიერისკენ გადაპორტირდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ გახარია მაინც „ოცნების“ წიაღში შექმნილი პერსონაა, თუმცა არჩევნების შედეგებმა, ესე იგი, მეორე ტურმა გახარიას მიმდევრები დააფიქრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არჩევანი ან ენმ-ზე უნდა გააკეთონ ან „ოცნებაზე“. ვერ ვიტყვით, რომ ყველა, მაგრამ ექსპრემიერის მომხრეთა დიდი უმეტესობა ხმას, დიდი ალბათობით, „ოცნების“ მერობის კანდიდატებს მისცემს, მით უმეტეს, რომ გახარიამ საკუთარ მომხრეებს, ასე ვთქვათ, არჩევანის უფლება მისცა ანუ მას კატეგორიულად არ უთქვამს, ხმა ენმ-ს ან „ოცნების“ წარმომადგენლებს მიეცითო.

მაშასადამე, უხეში გათვლებით, გამოდის, რომ გახარიას მხარდამჭერები მეორე ტურში „ოცნებისკენ“ გადაპორტირდებიან.

აქვე, მნიშვნელოვანია ეკლესიის როლიც. მართალია, საპატრიარქო მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს, მაგრამ არსებობს ერთი დეტალი.

კერძოდ, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე უმაღლესმა სასულიერო პირმა მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა, თუმცა საპატრიარქომ მალევე თქვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირების პირადი მოსაზრებაა და არა - მთელი ეკლესიის.

აქვე, რამდენიმე დღის წინ, მოსაყდრე შიო მუჯირის მიერ გაკეთებული განცხადებაც უნდა გავიხსენოთ.

„მინდა, თქვენი ყურადღება იმაზეც გავამახვილო, რომ აქ ჩამოთლილი ხერხების გარდა, ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ.

დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან“, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ საკვირაო ქადაგებისას.

მართალია, მეუფე შიოს პირადად სააკაშვილი არ უხსენებია, მაგრამ ბავშვიც კი მიხვდა, რომ ის ექსპრეზიდენტს გულისხმობდა. მოსაყდრეს პასუხი სააკაშვილმა გასცა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ასეთი თავდასხმების მიუხედავად, დედა ეკლესიის მიმართ ცუდად არ განეწყობა.

ისე, სააკაშვილისგან დედა ეკლესიაზე აღმატებით ხარისხში საუბარი ცოტა უცნაურია, რადგან ყველას კარგად ახსოვს, ენმ-ს მმართველობის დროს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გლდანის ეკლესია როგორ ვანდალურად დაანგრიეს.

ისე, სიტყვამ მოიტანა და, 19 ოქტომბერს, სხალთელმა ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა დიდ საიდუმლოს ახადა ფარდა ანუ მეუფემ ის რეალური მიზეზი დაასახელა, რის გამოც სააკაშვილის მთავრობასა და საპატრიარქოს შორის დაპირისპირება დაიწყო.

„25 000 000 რა არის? ამდენი ადამიანი მუშაობს, ემსახურება დედა ეკლესიას. მივედი და ვთხოვე, ასეა და 50 000 000 უნდა გახადოთ-თქო. ბევრი სიარული დამჭირდა, თუმცა ბოლოს მითხრეს, რომ გავზრდითო. ხელი ჩამოვართვით, ამის შემდეგ პატრიარქს ვახარე, საქმე გაკეთებულია-თქო. დავდივარ ეკლესიის ეზოში და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე მირეკავს, ბიუჯეტს ვინც განაგებს და მეუბნება, ჩვენ 50 000 000 მილიონი არ გვაქვს და იმ 25 000 000-ს 2.5 მილიონს კიდევ მოვაკლებთო“, -  განაცხადა მეუფე სპირიდონმა.

მოკლედ, ყოველივე ზემოთქმული ნათელჰყოფს, რომ ეკლესიის ადმინისტრაცია სააკაშვილის პატიმრობის მიმართ მაინცდამაინც აგრესიულად არაა განწყობილი, რაც მრევლისთვის ერთგვარი სიგნალი უნდა იყოს.

ასეა თუ ისე, წინ 30 ოქტომბერია, დღე, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ისე ელოდება, როგორც ახალ წელს. იმას, რომ მმართველ პარტიაში მობილიზებაა გამოცხადებული, პრემიერიც არ უარყოფს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ. ჩვენ მშვიდი, თავისუფალი არჩევნები უნდა ჩავატაროთ. უნდა იყოს სანიმუშო და სამაგალითო ისე, როგორიც იყო პირველ ტურში, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას არ მივცეთ რამე პროვოკაციის მოწყობის საბაბი. ბუნებრივია, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები და ქვეყანამ და მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს იმ საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს. სრული მობილიზება კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არცერთი ამომრჩეველი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ბევრ მუნიციპალიტეტში, ჩვენი ძალიან ბევრი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ მათ სჯეროდათ და ჩვენს გამარჯვებაში იყვნენ დარწმუნებულები. მინდა, ჩვენს ამომრჩეველს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩეს არჩევნების დღეს სახლში. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა 19 ოქტომბერს.

პრემიერამდე კი იგივე საჯარო მოხელეებს პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა მიმართა.

„მინდა გთხოვოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შვილები ხართ და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, გსურთ თავისუფალ, დემოკრატიულ, დაცულ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი კეთილდღეობა. ის, რასაც თქვენ გაკეთებინებენ, ეწინააღმდეგება სწორედ ამ მიზნებს და უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, უარი თქვით არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ, თვალის დახუჭვაზეც, თქვენს თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე. უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის“, - ნათქვამია სოცქსელში, სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

მე არც ოპოზიციის ლიდერი ვარ და არც - ხელისუფლების წარმომადგენელი. შესაბამისად, მხოლოდ ერთ რამეს გირჩევთ - არჩევნებში მონაწილეობა თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო ვალდებულებაა. ამიტომ, რა მნიშვნელობა აქვს, „იმისტი“ ხართ თუ „ამისტი“, თუ თქვენს ქალაქში მეორე ტურია, 30-ში საარჩევნო უბანზე აუცილებლად წადით, რადგან თქვენი ხმა არ დაიკარგოს.

ასე რომ, გონივრულ არჩევანს გისურვებთ!