რატომ ვერ ამართლებენ საქართველოში კოალიციები - „ფაჩიკოს გარმონივით“ დაშლილი კოალიციური ერთობების ანატომია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კარგა ხანია, დიდსა თუ პატარას, ოპოზიციონერსა თუ ხელისუფლების მომხრეს პირზე კოალიციური მთავრობა აკერია ანუ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური თუ არა, დიდი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველო მაშინ გაბრწყინდება, როცა კოალიციური მმართველობა იქნება. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს კოალიციური ხელისუფლება ერთხელ უკვე ედგა სათავეში - 1991-1992 წლების სისხლიანი მოვლენების შემდეგ, ე.წ. იმელის პარლამენტი ყველა ჯურის პოლიტიკოსით იყო დაკომპლექტებული და იმას, რაც მაშინდელ საკანონმდებლო ორგანოში ხდებოდა, შეხსენება, მგონი, არც სჭირდება. თუ მაინც დაგავიწყდათ, გაგახსენებთ, რომ „ბორჯომით“ წუწაობა, დედის გინება თუ სხვა მსგავსი რაღაცები მთავრობაში, პირველად, სწორედ მაშინ ვნახეთ.

 

ისე, კოალიციური ხელისუფლება, თუ კარგად გავიხსენებთ, ერთხელ არ გვყოლია. კერძოდ, 1990 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა, რომელმაც მართვის სადავეები აიღო, კოალიციური იყო, თუმცა საბოლოოდ, ყველა კოალიცია არმცთუ დაიშალა, არამედ, კოალიციაში შემავალი სუბიექტები ერთმანეთის მოსისხლე მტრები გახდნენ.

ცნობისთვის: ბოლო 30 წელიწადში, ერთადერთი ძალა, რომელიც სახელისუფლებო სადავეებს რამდენიმე წელი ინარჩუნებდა, მოქალაქეთა კავშირი იყო, რომელიც პირველადვე ანუ 1995 წელს, ხელისუფლებაში კოალიციის გარეშე მოვიდა და ასე იყო 2003 წლის „ვარდების რევლუციამდე“.

მოდით, ტრადიცია დავარღვიოთ და დაშლილი კოალიციების ანატომიის შედგენა თავიდან კი არა, ბოლოდან დავიწყოთ ანუ იგივე „ოცნებამაც“, 2012 წელს, მართვის სადავეები კოალიციურად გადაიბარა. 

კოალიცია ქართული ოცნება ჩამოყალიბდა 2011 წელს. კოალიცია შეიქმნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.

„კოალიცია „ქართული ოცნება“ ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ დააფუძნა. ესენი იყვნენ: ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ირაკლი ალასანიას ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, დავით უსუფაშვილის საქართველოს რესპუბლიკური პარტია და კახა შარტავას ეროვნული ფორუმი. მოგვიანებით, კოალიაციას შეუერთდნენ კონსერვატორები (ზვიად ძიძიგური) და მრეწველები (ზურაბ ტყემალაძე).

კოალიცია ერთ სუბიექტად მონაწილეობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც დაამარცხა მმართველი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. კოალიციამ მიიღო ხმათა 55% - პროპორციული სიით და 41 მანდატი - მაჟორიტარულ ოლქებში. სულ 77 მანდატით, კოალიციამ მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და დააკომპლექტა საქართველოს მთავრობა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, კოალიციამ წარადგინა განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილმა ხმათა 62%-ით გაიმარჯვა“, - ვკითხულობთ ქართულ „ვიკიპედიაში“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლის შესახებ კულუარული ხმა პირველად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გავრცელდა. მართალია, მმართველი გუნდი ყველაფერ ამას კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ საბოლოოდ, 2014-ში, კერძოდ, 5 ნოემბერს, კოალიცია ოფიციალურად თავისუფალმა დემოკრატებმა  დატოვა. ამის შემდეგ „ოცნებაში“ სიმშვიდემ დაისადგურა, მაგრამ ამ სიმშვიდემ ორ წელზე მეტხანს არ გასტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ  2016 წელს, კოალიციას რესპუბლიკური პარტია, მრეწველები და ეროვნული ფორუმი ტოვებენ.

ოპოზიციას უხარია, რომ პარტნიორების გარეშე დარჩენილი „ოცნება“ წარმატებას ვეღარ მიაღწევს, მაგრამ ხომ იცით, პროგნოზი ერთობ უმადური, ასე ვთქვათ, პროცესია. ჰოდა, ამ შემთხვევაშიც ასე ხდება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, „ოცნება“ პარლამენტში ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობას ქმნის და ქვეყნის მმართველი პარტია უკვე მეორედ ხდება.

სხვათა შორის, 2020 წლის არჩევნებზეც „ოცნება“ დამოუკიდებლად გავიდა და მმართველი პარტიის სტატუსიც შეუნარჩუნა.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძარაობას, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებზე, სააკაშვილის გუნდიც კოალიციით გავიდა, თუმცა მაშინ „ნაციონალების“, კონსერატორებისა და რესპუბლიკელების ერთობას კოალიცია კი არა, ბლოკი ერქვა.

სხვათა შორის, ენმ, იგივე 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებშიც ბლოკის სახით იყო წარმოდგენილი და ამ ბლოკის წევრებიც კონსერვატორები და რესპუბლიკელები იყვნენ.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მართალია, უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ ენმ-მ ბლოკის შენარჩუნება ვერ შეძლო და ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ბლოკი დატოვა, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვლი იყო. მას მხარი მალე სხვა კოლეგებმაც აუბეს. იგივე გზას დაადგნენ კონსერვატორი ზვიად ძიძიგური და იმხანად მისი პოლიტიკური ძმადნაფიცი, კახა კუჭავაც.

კოალიციების ისტორია კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში სათავეს 1990-იანი წლებიდან იღებს. კერძოდ, 1990 წლის 28 ნოემბრის არჩევნებში, „მრგვალი მაგიდა“ იმარჯვებს, რომელიც კოალიციური გაერთიანება იყო, თუმცა მაშინ პოლიტიკურ ლექსიკონში, სიტყვა „კოალიცია“ კი არა, „ბლოკი“ იყო დამკვიდრებული.

„1990 წლის 11-13 მარტს, თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ-გამნმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციის მიზანი იყო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. მასში უნდა ყოფილიყო ორ-ორი წარმომადგენელი ყოველი პარტიიდან და მას კოორდინაცია უნდა გაეწია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციისათვის.

კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:

პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც ლიტვამ, 1990 წლის 11 მარტს, სწორედ ასე დაიწყო სსრკ-დან გასვლა.

სხვა ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება, შემდეგ - დამოუკიდებლობა“.

პოზიციებზე შეუთანხმებლობის გამო, ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა დატოვეს კონფერენცია. კონფერენციაზე დარჩნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (გიორგი ჭანტურია), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), მხედრიონი (ჯაბა იოსელიანი), რომელთაც ჩამოაყალიბეს „ეროვნული კონგრესი“.

ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე დარჩენილ ძალებს უწოდა „ანტიეროვნული მოძრაობა“ და დატოვა კონფერენცია.

პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც დატოვეს კონფერენცია, შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება“, - წერია ქართულ „ვიკიპედიაში“.

ყველამ ვიცით, რომ ძალა ერთობაშია, მაგრამ ყოველივე ზემოთქმული ნათელჰყოფს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ერთად თამაში მაინცდამაინც არ ეხერხებათ ანუ მართალია, თავიდან კოალიციები ზარ-ზეიმითა და რიხით იქმნება, მაგრამ საბოლოოდ, ყველა კოალიცია „ფაჩიკოს გარმონივით“ იშლება და საქმე, წეღანდელი თქმისა არ იყოს, იქამდეც მიდის, რომ კოალიციის ყოფილი წევრები, ესე იგი, გუშინდელი თანამებრძოლები, დღეს მოსისხლე მტრები ხდებიან ხოლმე. ამის გათვალისწინებით, ხელაღებით ვერ ვიტყვით, რომ ქვეყნის ხსნა კოალიციურ მთავრობაშია, თუმცა ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო. ჰოდა, ჩვენც ვცადოთ, ეგებ, რამე ვიხეიროთ?! თუ არ ვიხეირებთ, კოალიცია იმაზე მეტს რაღას დაგვმართებს, რაც უკვე გვჭირს და ის მაინც გვეცოდინება, ეს ყბადაღებული კოალიციური მმართველობა კარგია თუ არა...

 

 

ნინო დოლიძე