ტოტალური დექართველიზაცია - ოკუპირებული გალის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლა აკრძალეს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ პრობლემის მოსაგვარებლად - ექსპერტების შეფასებები

თათია გოჩაძე

12 სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, გალის რაიონის ყველა სკოლაში სწავლა, ქართული ენის ნაცვლად, რუსულად მიმდინარეობს. ალბათ, იფიქრებთ, რომ ეს რუსიფიკატორული პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, მაგრამ პრობლემა იმაზე მეტად საგანგაშოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. გალის მოსახლეობა, ძირითადად, მეგრულად ლაპარაკობს და თუ ქართულ ენას სკოლებშიც აღარ ასწავლიან, რუსულ ენაზე გაზრდილი ახალგაზრდები რომელი ქვეყნისკენაც გაიწევენ, ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, თუმცა ამ საგანგაშო პრობლემით, როგორც აღმოჩნდა, ქართველი პოლიტიკოსები დიდად არ დაინტერესებულან. სახელისუფლებო უწყებები ფაქტით კიდევ ერთხელ აღშფოთდნენ, ოპოზიციამ კი, როგორც იტყვიან, ყურიც არ შეიბერტყა. რა ვითარებაა გალში და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად? - „ვერსია“ ექსპერტ-კონფლიქტოლოგს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

„ეს ამბავი რომ იგეგმებობდა, ვიცოდით, რადგან რამდენიმე წლის წინ, კლასების მიხედვით ქართული ენის შესწავლის შეზღუდვა დაიწყო. ადგილებორივები დახმარებას ითხოვდნენ და საბოლოო ჯამში, ეს შედეგი მივიღეთ. ქართული ნელ-ნელა შეამცირეს და ახლა მთლიანად გადავიდა სწავლა რუსულ ენაზე. წეღანდელი თქმისა არ იყოს, ეს რომ მოსალოდნელი იყო, გადასარევად ვიცოდით, სახელმწიფოს ვგულისხმობ და არა - კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ და მთელი უბედურებაც სწორედ ესაა. სხვისთვის დაბრალება და იმის თქმა, საკუთარ პოლიტიკას ატარებენ და ამას როგორ ბედავენო, იოლია, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი, ჩვენ ვერ გავაკეთეთ. ჩვენ თვალწინ, პრაქტიკულად, ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს დექართველიზაციის აქტიური პროცესი და უნდა გითხრათ, რომ ახალგაზრდების ერთი ნაწილი, რომელიც სწავლას აგრძელებს სოხუმის უნივერსიტეტში ან ჯარში მიდის, ან რაღაც ჩართულობა აქვს აფხაზურ საზოგადოებაში, ცდილობს, აფხაზი ჩაიწეროს პასპორტში. ეს ტოტალური დექართველიზაციის პროცესია, პრაქტიკულად, ჩვენს სისხლსა და ხორცს ვკარგავთ“, - აცხადებს არეშიძე.

„ვერსიის“ კიდევ ერთი რესპონდენტი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე, გოჩა ჯოჯუა კი ამბობს:

ტრაგედიაა, რაც გალში ხდება, მაგრამ ამის შესახებ არც ოპოზიციამ იცის და არც - ხელისუფლებამ, რადგან ისე ჩავიკეტეთ ჩვენი პრობლემებით და იმდენად რთული გახდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრება, რომ აფხაზეთი და დაკარგული ტერიტორიები ვიღას ახსოვს?! აქედან გამომდინარე, მათ საშუალება მიეცათ, ისეთი პოლიტიკა გაატარონ, როგორიც უნდათ, თორემ სინამდვილეში, საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა რომც აღიაროს, მაშინვე პრობლემა წარმოეშობათ აფხაზებს, რადგან მათი კონსტიტუცია, ფაქტობრივად, აპარტეიდულია. ის, რასაც ახლა გალში აკეთებენ, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ რეალურად, მზად არ არიან, სახელმწიფო შექმნან და დამოუკიდებლად იარსებონ, რადგანაც მოსახლეობისთვის აკრძალვა იმ ენისა, რომელზეც საუბრობს, 21-ე საუკუნეში, წარმოუდგენელია. დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციაში გვეწერა, რომ სწორედ აფხაზური და ქართულია სახელმწიფო ენები და საქმის წარმოებაც ამ ენებზე შეიძლება. აფხაზურს, ქართულის თანაბარი უფლებები ენიჭებოდა, მაგრამ როცა აფხაზი ცდილობს, დაანახოს მსოფლიოს, რომ თვითგამორკვევა უნდა და ამ დროს იმ ადამიანებს, რომლითაც დასახლებულია ეს ტერიტორია, მშობლიურ ენაზე ლაპარაკს უკრძალავს, ეს ნიშნავს, რომ ისინი მზად არ არიან, ცივილიზებულ ოჯახში ცხოვრობდნენ და ეს ძალიან ცუდია. არ მგონია, ასეთ განწყობაზე აფხაზები იყვნენ, ასეთ გარემოს ადმინისტრაცია ქმნის, თორემ აფხაზები და ქართველები, საუკუნეების განმავლობაში, ერთად ცხოვრობენ. „ვერსიის“ მხრიდან ამ საკითხის წამოწევა იმის მაგალითია, თუ როგორ უნდა მიაწოდოს გარესამყაროს სახელმწიფომ ეს ამბავი. ამასთან, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში უნდა დავალაგოთ სიტუაცია, რომ შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანებს პერსპექტივა ექნებათ და ასეთ შემთხვევაში, იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებსაც ენდომებათ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება. სხვა შემთხვევაში, ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ დავანახოთ მსოფლიოს, ისინი როგორ იქცევიან და არ შეიძლება, ჰქონდეთ უფლება, ჩამოაყალიბონ სახელმწიფო, რადგან ამისთვის მზად არ არიან“.

ყოფილი სახალხო დამცველისა და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის აზრი კი ამ თემაზე, ასეთია:

„ზოგადად, ხდებოდა ქართული ენის შეზღუდვა აფხაზეთის ტერიტორიაზე. წლების წინ, იმ სოფლებში აიკრძალა ქართული ენა, რომლებიც გალის რაიონს ჩამოსცილდნენ და ტყვარჩელსა და ოჩამჩირეს გადაეცა. შემდეგ, ზედა ზონის სოფლებში შეიზღუდა ენა და ბოლოს, 2015 წლიდან დაიწყო ის ეტაპი, როცა სრულად გადავიდა სწავლება რუსულ ენაზე ანუ პირველკლასელებმა დაიწყეს სწავლა რუსულად. რამდენიმე წელი სჭირდებოდა, რომ ქართულენოვანი კლასები გადასულიყო რუსულ სწავლებაზე და დღეს ეს პროცესი უკვე დამთავრდა. ფაქტობრივად, დღეს გალის ტერიტორიაზე ქართულენოვანი სკოლა აღარ არსებობს. გალში ქართული ენა ისწავლება, როგორც ერთ-ერთი საგანი, საათების რაოდენობაც შეზღუდულია და ამის ხარჯზე იზრდება სხვა საგნების, მათ შორის, რუსულის სწავლების საათებიც. მთლიანობაში, ეს რუსიფიკაციის პოლიტიკაა, რომელიც გრძელდება წლების განმავლობაში და ამის შედეგიც უკვე ჩანს. ძალიან ბევრ მოსწავლეს და მასწავლებლებსაც პრობლემები შეექმნა იმიტომ, რომ გალში რუსული არ არის საკომუნიკაციო ენა და ძირითადად, ქართულად და მეგრულად საუბრობენ, ახლა კი ყველას მოუწია გადასვლა რუსულ ენაზე ისე, რომ მზად არ იყვნენ. ამან იმოქმედა განათლების ხარისხზე, რომელიც საგრძნობლად დაეცა, ამასთან, რუსული ენის სწავლება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ეს ხდება ქართულის ხარჯზე. ახალგაზრდობას უჭირს ქართულად მეტყველება, რაც სერიოზული პრობლემაა“. ოკუპირებული გალის მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტუდენტების გადმოდინება ქართულ უნივერსიტეტებში. იქიდან გამომდინარე, რომ გალელები ძირითადად მეგრულად საუბრობენ და ახლა სკოლებში ქართული ენა აიკრძალა, შესაძლოა, ენის ბარიერის გამო, ახალგაზრდებმა არა ქართულ, არამედ, რუსულ უნივერსიტეტებს მიმართონ. სწორედ ამ საფრთხის შესახებ საუბრობს ყოფილი სახალხო დამცველი: „ეს პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, არაერთი ვიზიტი განხორციელდა გალში, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც აფხაზი და რუსი მაღალჩინოსნები სთავაზობდნენ, რომ თუკი ახალგაზრდები სოხუმში წავიდოდნენ, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ სწავლას კი არ დაუფინანსებდნენ, არამედ, საცხოვრებლის ხარჯებსაც აუნაზღაურებდნენ. ასე რომ, საკმაოდ შთამბეჭდავი შეთავაზებაა რუსეთისგან. ამის შედეგი უკვე ჩანს - ეს შეთავაზება არაერთმა აბიტურიენტმა მიიღო. მართალია, საქართველო ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას სთავაზობს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. საჭიროა საცხოვრებლითა და დასაქმებით მხარდაჭერა. ამასთან, ქართულ დიპლომებს და საბუთებს ოკუპირებულ აფხაზეთში მთელი რიგი ე.წ. უწყებები არ იღებენ, ამიტომ ურჩევნიათ, აიღონ რუსული დიპლომი, რომელსაც უფრო მეტი გასაქანი აქვს. ხელოვნური პრობლემები იქმნება, რომ ხელი შეეწყოს გალის რაიონის თბილისისგან მოწყვეტას, რაც შორსმიმავალი პროცესია. სამწუხაროდ, ეს საკითხი არაა პირველხარისხოვანი პოლიტიკოსებისთვის და მხოლოდ იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებსაც კონკრეტულად აქვთ შეხება. არადა, პრობლემა ნამდვილად საგანგაშოა იმიტომ, რომ თუკი აქამდე, ასე თუ ისე, შენარჩუნებული იყო ქართული ენა, კულტურა და სახელმწიფოსთან კავშირიც არსებობდა, წლიდან წლამდე, დინამიკურად ვხედავთ, რომ ვითარდება იგივე პროცესი, რაც ახალგორშია და ამ პოლიტიკის შედეგს ძალიან მალე დავინახავთ“.

ნანუაშვილი „ვერსიასთან“ იმ ღონისძიებებზეც საუბრობს, რომლებიც პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ უნდა გაატაროს:

„ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო და ახლაც არის შესაძლებელი დისტანციური სწავლების ხელშეწყობა. ზაფხულში ან საახალწლო არდადეგებზე მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადამზადება, რომ დანაკლისი შეივსონ და ქართული ენის ცოდნა გაიღრმავონ. ყველაფერ ამის რესურსი ნამდვილად აქვს სახელმწიფოს. ტელე-სწავლება ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, სადაც ინტერნეტისა და ტელევიზიის მეშვეობით, შესაძლებელია მთელი რიგი პრობლემების მოგვარება, თუმცა გალში ესეც პრობლემაა - ყველას არ აქვს კომპიუტერი, ინტერნეტი კი სუსტია. გალში, პანდემიის დროს, ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ განათლების სექტორმა მიიღო, რადგან ონლაინ-სწავლება იყო და ბევრს არ ჰქონდა თანამედროვე ტექნიკა. აქედან გამომდინარე, ტექნიკური დახმარებაც შესაძლებელია - კომპიუტერების, სახელმძღვანელოების გადაცემა, თუმცა ამის ნება, სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ ჰქონია“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აცხადებს, რომ ეს პროცესი დიდი ხნის წინ დაიწყო:

ესაა ტრაგიკული რეალობა და ნაბიჯი, რომელიც იყო გადადმული ჩვენი საზოგადოების მიმართ, საოკუპაციო ძალის მხრიდან. ეს ნაბიჯი ემსახურება იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსიფიკაციასა და ძალადობას ჩვენს საზოგადოებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დავეხმაროთ და დროულად მოვახდინოთ რეაგირება ამ საკითხებზე. სახელმწიფო და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ფაქტი იყოს ასახული ჟენევის მომდევნო დისკუსიებში. იმ ბავშვებსა და აბიტურიენტებს, რომლებიც ცდილობენ, დაიცვან თავისი ფუნდამენტური უფლება - ისწავლონ მშობლიურ ენაზე, დავეხმარებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის იდეები, რომლებიც უკავშირდება დისტანციურ განათლებას ან განათლების გაგრძელებას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, განვახორციელოთ. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა, პროექტი, რომელიც უკვე ხორციელდება, როგორც ცენტრალური განათლების სამინისტროს მიერ, ასევე, ამაში ჩართულია ჩვენი აფხაზეთის განათლების სამინისტროც და გარკვეული პერიოდის შემდეგ გვექნება კონკრეტული მექანიზმები იმისთვის, რომ დავეხმაროთ ბავშვებსა და აბიტურიენტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკვე მოქმედებს პროგრამა - აბიტურიენტს, რომელსაც სურს, რომ გააგრძელოს განათლება აქ, ეს პროგრამა ითვალისწინებს, როგორც უფასო, ასევე, უგამოცდო შესაძლებლობას, რათა გააგრძელონ სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტში“...