რა ბერკეტი აქვს კონსტიტუციით პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს. 

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურაბიშვილი და მიშელი ერთმანეთს 28 ივლისს საფრანგეთში შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრა „ოცნების“ მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მმართველი ძალა შარლ მიშელის დოკუმენტის, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. „ვერსია“ დაინტერესდა, რა კონსტიტუციური ბერკეტები აქვს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, თუ ამის საჭიროებას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მიშელი ხედავს. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ  ზურაბიშვილს ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია. ამ კითხვებით კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს მივმართეთ:

 „პრეზიდენტს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ან გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან. იქნება ეს მორიგი, ვადამდელი, ცენტრალური, თუ ადგილობრივი არჩევნები.

დამოუკიდებლად პრეზიდენტი ვერ იღებს პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილებას, თუ კი არ მოხდა რაიმეს ინიცირება მის წინაშე... ინიცირება არის, მაგალითად ის, როცა რომელიმე ორგანო ინიციატივას წარუდგენს და მეორეა, როცა შექმნილი მდგომარეობა არის იმის განმაპირობებელი, რომ, მაგალითად, დაითხოვოს პარლამენტი. ასეთი კი არის მთავრობისადმი ნდობის ან უნდობლობის გამოცხადება და ვერც ახალი მთავრობის ფორმირება ხდება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და ნიშნავს ვადამდელ არჩევენებს. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხი არ არსებობს. რაც შეეხება მორიგ არჩევნებს, საქართველოში კონსტიტუციითა და საარჩევნო კოდექსით არის განსაზღვრული მორიგი არჩევნების ვადები და თარიღები, ასე რომ, დანიშვნა-არდანიშვნა მხოლოდ ფორმალურია“.

ლევან ალაფიშვილი ასევე განმარტავს, რომ ერთია კოსნტიტუციური უფლებამოსილება, მაგრამ სხვაა პოლიტიკური განაცხადი პრეზიდენტის მხრიდან:

„პრეზიდენტი, კოსნტიტუციის მიხედვით, არაა დამოუკიდებელი ამ გადაწვეტილებებში, მაგრამ სხვა საკითხია პოლიტიკური ნაწილი. ერთ მხარეს არის კონსტიტუცია, მაგრამ არაერთი სახელმწიფოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონსტიტუციური მანდატი და უფლებამოსილება ერთია, თუმცა კონკრეტული ადამიანი პრეზიდენტის პოზიციაზე მისი ლეგიტიმაციის ხარისხის მხრდაჭერით უფრო ძლევამოსილი შეიძლება იყოს, ვიდრე გაწერილია კონსტიტუციაში. ანუ ეს არის პოლიტიკური ნაწილი და არა კონსტიტუციური“.  

საკითხთან დაკავშირებით შარლ მიშელის უახლესი განცხადება იხილეთ აქ...