თავდაცვის მინისტრობიდან ქოლცენტრებამდე - დავით კეზერაშვილის შავ-ბნელი საქმეების ანატომია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თავდაცვის ყოფილ მინისტრი, დავით კეზერაშვილი ისევ აქტუალურია ანუ გასულ კვირას, ქართველმა ძალოვანებმა ე.წ. ქოლცენტრების შესახებ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს. არსებული მონაცემებით, ამ ქოლცენტრის ყველა ან თითქმის ყველა კვალი, პირდაპირ თუ ირიბად, კეზერაშვილამდე მიდის, თუმცა თავად ეჭვმიტანილი ყველაფერს უარყოფს.  ვინ არის დავით კეზერაშვილი? - „ვერსია“ არქივიდან ენმ-ს „ფინანსურ კარდინალად სახელდებულის დოსიეს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

 

დავით კეზერაშვილი 1978 წელს, თბილისში დაიბადა. 1992 წელს, ბებიასთან ერთად, ისრაელში, კერძოდ, ჰოლონში გადასახლდა, წელიწადნახევრის შემდეგ კი ისევ თბილისში დაბრუნდა. 1999 წელს, თსუ-ს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებსა და ივრითს. სააკაშვილთან იმ დროიდან მეგობრობდა, როცა მიშა იუსტიციის მინისტრი იყო - მაშინ „კეზერა“, როგორც ეძახიან, მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი, ფინანსური პოლიციის უფროსად მოგვევლინა. 2006 წლის 11 ნოემბერს, კეზერაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ირაკლი ოქრუაშვილი შეცვალა. ეს თანამდებობა აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 5 დეკემბერს დატოვა.

დავით კეზერაშვილი ორმაგ - საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეობას ფლობს. 2012 წლის 4 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კეზერაშვილმა საქართველო დატოვა. წასვლამდე კი, 3 ოქტომბერს, ერთპიროვნულად, კომპანია „მედია ჯორჯია“ დააფუძნა, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აქციების 90%-ის მფლობელმა, ლევან ყარამანაშვილმა თავისი წილიდან 40% ნახევარ მილიონ დოლარად მიყიდა.

2013 წლის 30 იანვარს, დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა. ბრალდება ასეთი იყო: საჯარო მოხელის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის მოთხოვნა და ქრთამის მიღება, საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაული. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კეზერაშვილმა, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა, მფარველობა გაუწია და დაეხმარა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს - ნიკოლოზ დავითაშვილსა და იოსებ იმნაძეს უკანონი საქმიანობაში და, სანაცვლოდ, როგორც საჯარო მოხელემ, ქრთამის სახით, 4 მილიონ 669 978 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.

თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი, სათავეში ჩაუდგა დანაშაულებრივ ორგანიზებულ ჯგუფს და კონტრაბანდული სპირტის საქართველოში შემოტანის შედეგად, ქრთამის სახით, როგორც კერძო პირმა, 7 მილიონ 664 705 ათასი ამერიკული დოლარი აიღო.

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, კეზერაშვილს ბრალი ედებოდა რამდენიმე მუხლით, რაც საბოლოოდ, 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაცვის მინისტრობას ჩამოშორებული კეზერაშვილი აცხადებდა, რომ პოლიტიკა სამუდამოდ დატოვა, ბიზნესით დაკავდა და თავს ნავთობკომპანია „გალფის“ მფლობელად, უფრო სწორად, ერთ-ერთ მფლობელად წარადგენდა. ნავთობის გარდა, კეზერაშვილს სათამაშო ბიზნესი, ლატარიის კომპანია და სარეკლამო საქმეც აინტერესებდა. ამბობენ, რომ იარაღის შესყიდვის კანონიერ და უკანონო სქემებშიც მონაწილეობდა.

2006 წელს, საქართველოში დარეგისტრირდა კომპანია „სოკარ-ჯორჯია“, რომელიც შედგებოდა რამდენიმე დანაყოფისგან, მათ შორის, „სოკარ-ჯორჯია-პეტროლიუმისგან“, რომელსაც აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის მონოპოლიური უფლება მიეცა. ამ კომპანიის დამფუძნებელნი, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია (51%) და მეორე მხრივ, საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირები იყვნენ - 49%-იანი წილით. პარალელურად, ცენტრალური აზიიდან, აზერბაიჯანსა და თურქმენეთიდან ნავთობპროდუქტების ტრანზიტი საქართველოს შიდა ბაზრისთვისაც გარკვეულ ეტაპზე აიკრძალა და შემოღებული იქნა წესი, რომლითაც ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმი“ ახორციელებდა. 2006 წლიდან ანუ მას შემდეგ, რაც „სოკარი“ საქართველოშია, ბევრი ნავთობკომპანია მოისპო. ყველა დარჩენილი კი, როგორც ამბობენ, „სოკარის“ შვილობილია, მათ შორის, კეზერაშვილის „გალფი“ და დავით სააკაშვილის „ვისოლი“, რომელთაც „სოკარი“ ხელსაყრელ ფასად აძლევს ბენზინს და ამ გარიგებით მილიონები კეთდება, საწვავის ფასი კი გამუდმებით იზრდება.

2010 წელს, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, აშშ-ში დარეგისტრირებული კომპანია „ენერჯი ინვესტიმენტს ვენტურა“ შემოვიდა, რომელმაც „სან პეტროლეუმ ჯორჯია“ დააფუძნა. ამ კომპანიის 126 ბენზინგასამართი სადგურიდან - 60 „გალფის“ ბრენდის ქვეშ მუშაობს. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ დაარსებიდან განვითარებაზე 62 მილიონი ამერიკული დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ბენზინს „სოკარისგან“ ყიდულობს...

საწვავის ბაზარზე კეზერაშვილის ინტერესები კომპანია „უნი გრუპს“ უკავშირდება, რომელიც „ლუკოილის“ საწვავის დისტრიბუციას ახორციელებს და რომლის თანადამფუძნებელიც კეზერაშვილია. სქემა ასეთია: ბენზინი შემოაქვს „სოკარს“, მისგან ყიდულობს „ლუკოილი“, „ლუკოილისგან“ კი - „უნი გრუპი“. ამ სქემით კომპანიები, როგორც ამბობენ, სახელმწიფოს ხარჯზე, ზემოგებას ნახულობდნენ, რაზეც „ნაციონალთა“ მაკონტროლებლები და თავად სააკაშვილიც თვალს ხუჭავდა, რადგან რაც მეტ ფულს იშოვიდა, მით დიდ ფინანსურ საყრდენად იქცეოდა კეზერაშვილი.

2012 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გალფში“ კეზერაშვილის წილი მოსკოვში მოღვაწე, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, დავით იაკობაშვილმა შეისყიდა, თუმცა, როგორც მაშინ ამბობდნენ, ეს ცრუ ინფორმაცია იყო, რომელიც მიზანმიმართულად გაავრცელეს. მოგვიანებით, რამდენიმე კვირაში, ეს ინფორმაცია დადასტურდა - კეზერაშვილის წილი „გალფში“, მართლაც იაკობაშვილმა შეიძინა.

„ნაციონალების“ მმართველობის დროს, ზომაზე მეტად აფიშირებული ე.წ. ნავთობტენდერები, სადაც ვითომ ნებისმიერ იურიდიულ პირს შეეძლო მონაწილეობის მიღება, ხშირად, შაბათ-კვირას ტარდებოდა, გამარჯვებული კი მუდამ „უნი გრუპი“ გამოდიოდა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ტელე-რადიოცენტრი, სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი „დელტა“, ფინანსთა სამინისტრო, ზოოპარკი, მერია, სასამართლო ექსპერტიზა, ოლიმპიური რეზერვების ცენტრი, მეცნიერებათა აკადემია, იუსტიციის საბჭო, სპორტისა და ახალგაზრდობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფლის მეურნეობის აკადემია, უშიშროების საბჭო, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტო ადმინისტრაცია, საკონსტიტუციო სასამართლო, ქვემო ქართლის საქველმოქმედო ორგანიზაციები - ეს იმ დაწესებულებათა არასრული ჩამონათვალია, სადაც სხვადასხვა სახის პროექტს „უნი გრუპი“ ანხორციელებდა.

წლების წინ, თავდაცვის მინისტრად დანიშვნისას, კეზერაშვილი „რუსთავი 2“-თან ამბობდა:

„ჩემი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანო საქართველოს ჯარის მშენებლობა. საქართველოს არმიას უნდა შეეძლოს, დაიცვას ქვეყნის ინტერესები. საქართველოს ჯარს უნდა შეეძლოს ყველა ამოცანის შესრულება, რომელიც მას შესაძლოა, ოდესმე, დაეკისროს“.

2008 წელს, აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კი არსად ჩანდა, ამბობდნენ, დასასვენებლადაა წასულიო.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებაში მონაწილეობდა ლეონარდო დევდარიანი, რომელიც რუს გენერალ ბორისოვისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრას იხსენებდა:

„ვდგავართ, ვიხრუკებით მზის გულზე და ორი ახალი „ლექსუსის“ ჯიპით მოგრიალდა ვიღაც. გაიღო კარი და შავსათვალიანი, ამერიკული კინოფილმის გმირი კომანდოსი გადმოვიდა. ისე იყო გამოწკეპილი, გამარჯვებული ჯარის მთავარსარდალი გეგონებოდა, რაღა ნაპოლეონი და რაღა - კეზერაშვილი. იგი „მარიაჟი“ სიარულით მოგვიახლოვდა, ბორისოვს ახედ-დახედა, მერე დაცვას მიუტრიალდა, რა არის, ბიჭებო, ახალი „ბატინკები“ ვერ ჩააცვით ამასო და ბორისოვის ფეხსაცმელებისკენ ხელით მიუთითა... ბორისოვმა კბილებში გამოსცრა, შენ ვინ ხარო? მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ, შეიარაღებულ ძალებს ვხელმძღვანელობო, - გამოეჭიმა კეზერაშვილი. საინტერესოა, რომელ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობ, შე წვინტლიანო, რომელიც არ არსებობს? აბა, მაჩვენე, სად არის შენი შეიარაღებული ძალები? წადი შენიო და, ბორისოვმა ჩვენი თავდაცვის მინისტრი სამ ასოზე გაგზავნა, შენ არ დაგელაპარაკებიო“.

... მსოფლიოში ცნობილი საოპერო თეატრების მსგავსად, თბილისშიც დაფუძნდა „თბილისის ოპერის მეგობართა საბჭო“, რომლის შემადგენლობაში დავით კეზერაშვილიცაა. კეზერაშვილი ოპერაში არავის უნახავს, მაგრამ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ თანხას, რომელსაც ამ საქმეს მოახმარს, „ცოტა არ იქნება“. მაშინვე პარალელი გაავლეს ბილიო ალდერის ფილმთან - „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, სადაც სიცილიელი მაფიოზები იტალიური ოპერის მეგობრების რანგში გვევლინებიან.

სააკაშვილი კეზერაშვილს, როგორც სამეფო კარის ბიზნესმენს, სასათბურე პირობებში ამყოფებდა. ამიტომაც, ამ „ფინანსურ კარდინალს“ ისეთი მნიშვნელოვანი საქმეც ანდეს, როგორიც ძველი პარლამენტის შენობის გაყიდვა იყო - არჩევნებამდე, კეზერაშვილი დაცარიელებული პარლამენტის შენობაში ყატარელ ბიზნესმენებს მიუძღოდა და, როგორც ამბობენ, შენობის გადაკეთების გეგმაც თან ჰქონდა. დაგეგმილი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ისტორიული შენობა სასტუმროდ გადაკეთებულიყო, სადაც ინვესტორები ფეშენებელურ საპრეზიდენტო ნომრებს, აუზებს, კაზინოებსა და სხვადასხვა გასართობ ცენტრს მოაწყობდნენ.

კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრად ყოფნის დროს, ჩვენ ომი სამარცხვინოდ წავაგეთ რუსეთთან, მაგრამ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი რატომღაც არ დადგა. რატომ? - ეს რიტორიკული შეკითხვაა.

 

 

ნინო დოლიძე