"რუსეთის ფედერაცია, განაგრძობდა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას" - რაზე გაკეთდა აქცენტები სუს-ის 2023 წლის ანგარიშში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის მოსმენა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დილის 9:00 საათზე დაიწყო. სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსი ბატიაშვილმა სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

ერთ-ერთ გამოწვევად დასახელდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანია. ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მზადდებოდა ნიადაგი ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებისთვის, რისი აღკვეთაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო.

ანგარიშის მიხედვით, მთავარ გამოწვევად რჩება ოკუპაცია, რისთვისაც სუს-ი საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა არსებულ პლატფორმაზე თანამშრომლობს. ანგარიშში მოხვდა თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობების საქმეებიც.

"2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება, მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისისა და გაზრდილი გამოწვევების ფონზე, ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებდა ეფექტიან და მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. მინდა აღვნიშნო, რომ საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მოქმედებდა კანონის უზენაესობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, თანაზომიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრინციპებით.

2023 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა. რუსეთის ფედერაცია ჰიბრიდული ომის სხვადასხვა კომპონენტის - მათ შორის, უკანონო დაკავებების, უკანონო ბორდერიზაციისა და უსაფრთხოების გარემოს დამაზიანებელი სხვა აქტივობების ინსტრუმენტალიზაციით, განაგრძობდა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა 2023 წლის ნოემბერში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზთან ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საერთაშორისო ფორმატებისა თუ მოლაპარაკებების პლატფორმებზე მუდმივად აყენებდა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების მიმართ სამართლის დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხს.

შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პირობებში, 2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორის მიერ საქართველოში პოლიტიკურ ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობებს. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიებსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გეგმავდა დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობების მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.

აღნიშნულის გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინირებული მოქმედებით, ახორციელებდა ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას.

საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აგრძელებდა აქტიურ მუშაობას უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალებისა და ადრეულ ეტაპზე მათი პრევენციის მიმართულებით,"-განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.