ვახტანგ ძაბირაძე: „თუ გახარია, კალაძე და კვირიკაშვილი ერთად ჩამოაყალიბებენ პოლიტიკურ ორგანიზაციას, ეს იქნება სერიოზული მესამე ძალა“

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არც ქვეყნიდან აპირებს წასვლას და არც - პოლიტიკიდან. პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ, გახარია მედიასთან პირველად დღეს გამოჩნდა:

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ... "მალე შევხვდებით"- აცხადებს ყოფილი პრემიერი.   

პოლიტიკური ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, კარგია, რომ გახარია პოლიტიკიდან არ აპირებს წასვლას, რადგან მისი თქმით, ვისაც გარკვეული პოლიტიკური წონა აქვს, არ უნდა მიდიოდეს პოლიტიკიდან. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ გიორგი გახარია, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი შეძლებენ, ერთად ჩამოაყალიბონ პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს იქნება სერიოზული პოლიტიკური მესამე ძალა საქართველოში. 

„რამდენად რეალურია, არ ვიცი, თუმცა თეორიულად თუ შესაძლებელია, ამ სამი ადამიანის მიერ ტრიუმვიატი რომ გაკეთდეს, ეს იქნება პოლიტიკური ძალა, რომელსაც შექმნისთანავე ელექტორალური მხარდაჭერა ექნება 10-15%, ნორმალურად თუ წარმართავენ საქმიანობას, არ გამოვრიცხავ, თანაზომად ძალად ჩამოყალიბდეს იმ 2 ძალასთან, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეშია, იგულისხმება „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

ამ სამივე პერსონას აქვს საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი და ეს რეიტინგი არაა ვიღაცის მიერ ნაჩუქარი, მათი საკუთრებაა. თავის საქმიანობით გამოიმუშავეს. ელექტორატი, რომელსაც თითოეული მათგანი „ფლობს“, ერთმანეთთან შეთავსებადია ანუ თუ ეს სამი კაცი გაერთიანდება, ძალიან მიზერულად დაკარგავენ მხარდამჭერებს და გაერთიანება წარმოშობს ისეთ სიენერგიას, რომლის დანაკარგი საერთოდ არაფრად ჩაითვლება.

ამასთან, რეალურად ქვეყანაში არსებობს ელექტორატი, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ უნდა და არც - „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს მათი ელექტორატია. არსებობს ასევე, მერყევი ელექტორატი, რომელიც როგორც კი დაინახავს, რომ სადღაც მეტ-ნაკლებად მისაღები ძალა ყალიბდება, წამოვა აქეთ. ამ ელექტორატის ნაწილი დღეს „ქართული ოცნებისკენაა“, ნაწილი კი - „ნაციონალური მოძრაობისკენ“.

ამ არჩევნების შემდეგ პარტიებს, რომლებმაც 1%-იანი გადალახეს, მაგრამ დიდი წარმატება არ ჰქონდათ, შეეძლოთ, მოეხერხებინათ და რაღაც კონფიგურაცია გაეკეთებინათ, რომ გამოცალკავებულიყვნენ „ქართული ოცნებისგან“ და „ნაციონალური მოძრაობისგან“. ორი პარტია აღმოჩნდა ასეთი - ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ და „გირჩი“. მათი შეერთება არაფერს წარმოშობს. დანარჩენები კი, უნდათ თუ არა, ყველა მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე. იმას კი არ ვამბობ, რომ თუ ეს პარტიები გაერთიანდებობდნენ, აუცილებლად პარლამენტში შესულიყვნენ, შეეძლოთ, ბოიკოტი გამოეცხადებინათ, მაგრამ უნდა გაეთვალისწინებინათ საზოგადოებრივი აზრი და „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება უნდა მოეხდინათ“, - აცხადებს ძაბირაძე.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პატარა პარტიებმა შეცდომა დაუშვეს, როცა ცალკე ფორმატი არ შექმნეს, რათა ხალხისთვის დაენახებინათ, რომ ქვეყანაში მესამე ძალა არსებობს:

 „ამასთან, „ლელოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ისაა, რომელიც ქუჩაშიც გამოვა, ხოლო „ლელოს“ ამომრჩეველი 10-დან 1 თუ გამოვიდა ქუჩაში, დიდი მიღწევა იქნება, ამიტომ უნდა იცოდე, შენს ამომრჩეველს როგორ ელაპარაკო. იგივე შემიძლია, ვთქვა, „სტრატეგია აღმაშენებელზე“, მაგრამ სხვა თემაა „ევროპული საქართველო“, იმათ უფრო ადრე დაუშვეს შეცდომები და ახლა ყველამ ერთად გაიმეორა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ელექტორატი არსებობს და თეორიულად რომ შეხედავ, თუ ვინმე ოპონენტი დამისახელებს, ამათ გარდა, ვინმე პოლიტიკის გარეთ მდგომს უფრო მეტი პოლიტიკური რეიტინგი აქვს, კი ბატონო, მაგრამ მე ვერ ვხედავ ასეთს“.  

 რადგანაც სამივე ლიდერი „ოცნების“ წიაღიდანაა, ძაბირაძეს ვკითხეთ, ამომრჩეველი, რომელსაც „ოცნება“ არ მოსწონს, მიიღებს ამ პარტიის ყოფილ ლიდერებს ახალ ძალად?

„მათ „ნაციონალური მოძრაობაც“ არ მოსწონთ და სხვა ადგილი არის სადმე? მოდით, ასე ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ მეტ-ნაკლებად სტაბილურად ინარჩუნებს თავის ამომრჩეველს 2012 წლიდან დღემდე. ამომრჩეველი დაკარგა  „ქართულმა ოცნებამ“. „ოცნების“ ამომრჩეველი კი, დიდი ალბათობით, არ წავიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამან შექმნა გარემო წვრილი პარტიებისთვის. ზუსტი მონაცემი არ მახსოვს, მაგრამ 10-15%-მდე კი იქნება ამ პატარა პარტიების ჯამური მაჩვენებელი. „ნაციონალური მოძრაობაზე“ არჩევანი გააკეთა „ქუდზე კაცმა“, ამიტომ ამ ამომრჩევლის დიდი ნაწილიც სწორედ აქეთ წამოვა. დღეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერისთვისაც არ არის უცხო, რომ თქვა, გიორგი გახარიას პოლიტიკური რეიტინგი აქვს-თქო, დაგეთანხმება ანუ ფონი არის შექმნილი. თუ გახარია ცალკე შეეცდება, ისე როგორც პრემიერი იყო, მარტოხელა თამაშს, მაქსიმუმ რაც შეიძლება მიიღოს, 5%-ია“.

ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მესამე ძალის შექმნას საწყის ეტაპზე ფრთხილად შეხვდება:

 „თუ მივა მათთან გახარია ან ეს ჯგუფი ტაშით კი... თუ არადა, დაიწყება პროპაგანდა, რომ ეს არის ივანიშვილის მეორე პარტია, რომელზედაც მან ილაპარაკა და ამიტომ ეს იგივე ივანიშვილია და მნიშვნელობა არ აქვს....“