ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების 13-წლიანი საიდუმლო

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რა შეიცვლებოდა ქართულ პოლიტიკაში, პირველი ქართველი ოლიგარქი დღეს ცოცხალი რომ იყოს

 ის საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველი ლიგარქი იყო. ყოველ შემთხვევაში, სიტყვა „ოლიგარქის“ მნიშვნელობა ფართო საზოგადოებამ, სწორედ მას შემდეგ გაიგო, რაც ჩრდილეოთიდან საქართველოში დაბრუნდა და ჩვენებურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთო. საერთოდ, ლეგენდები, კრიმინალური თავგადასავლებისა არ იყოს, ოლიგარქული ცხოვრების თანმდევია. შესაბამისად, მასზეც უამრავი ლეგენდა არსებობდა და, სხვათა შორის, ახლაც არსებობს. აი, მაგალითად, ზოგი ამბობს, ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდაო. ვინ იცის, ამ მოსაზრებაში ლოგიკა, იქნებ, მართლაც არის, მაგრამ ერთის გამორიცხვაც არ შეიძლება: ის რომ ცოცხალი იყოს, ნამდვილ „გოთ“-ს, უფრო სწორად, „გოთ“-ის ქართულ რიმეიკს ვნახავდით. რატომ? - ეს თემა ცოტა ქვემოთ განვავრცოთ, მანამდე კი თვალი ქართული პრესის არქივს გადავავლოთ.

 „საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, დიდებულ ბაღში დგას სასახლე, სადაც საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბადრი პატარკაციშვილი ცხოვრობს. იქვეა მისი ოფისიც. ბადრი პატარკაციშვილს, რომელსაც, უბრალოდ, ბადრის ეძახიან, საინტერესო ბიოგრაფია აქვს.

მულტიმილიარდერი ბიზნესმენი, დღევანდელი რუსეთის ისეთი წარმატებული კომპანიების დამაარსებელ-პარტნიორი იყო, როგორებიცაა „სიბნეფტი“ (ამ ნავთობის კომპანიას, დღეს მილიარდერი, რომან აბრამოვიჩი აკონტროლებს), „რუსალი“ (ალუმინის გიგანტი), „ავტოვაზი“ (ქვეყნის უმსხვილესი მანქანათმწარმოებელი), „აეროფლოტი“ (პრივატიზებული ავიაკომპანია), რუსული ტელეკომპანიები: „ო-ერ-ტე“, „ტვ-6“ და ბევრი სხვა.

ელცინის მმართველობის პერიოდში, ბადრიმ პოლიტიკური იდეები ბიზნესის რეალობაში გადაიტანა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, 90-იანი წლების დემოკრატიულ რეფორმებს განუდგა, ბადრი იძულებული გახდა, 2001 წელს, სამშობლოსთვის შეეფარებინა თავი.

ის საქართველოშიც ეწევა ბიზნესს და მის ფარგლებს გარეთაც. სხვადასხვა ქვეყანაში ინვესტიციებს დებს, ისრაელში დიდ შეწირულობებსა და საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს.

რა აქვთ საერთო ბადრისა და პუტინის ავტოკრატულ რეჟიმს გამოქცეულ სხვა ბიზნესმენებს? - დამოუკიდებლობა, რასაც ვერ იტანს რუსეთის პრეზიდენტი. სწორედ პატარკაციშვილი გახდა ხელისუფლების ერთ-ერთი სამიზნე, თანაც მისი დევნის მიზეზი ეკონომიკური დანაშაულებები კი არ იყო, როგორც ამას კრემლი აცხადებს, არამედ ის, რომ ბიზნესმენი რუსეთში, არასამთავრობო მასობრივი ინფორმაციების საშუალებათა დამკვიდრებისა და დემოკრატიისთვის იბრძოდა.

რუსეთის გფბ-ს თანამშრომლები უთვალთვალებენ ბიზნესმენის სასახლეს, მაგრამ მაინცდამაინც აქტიურობას არ იჩენენ მის წინააღმდეგ. თანაც ბადრის საკუთარი დაცვა და საქართველოს უშიშროების ძალებიც იცავენ. სჯერა, რომ მოვა დრო, როცა პუტინთან დიალოგი ექნება.

ბიზნესმენი იხსენებს: „ - ესპანეთში ვისვენებდი, უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა პუტინს ჩემზე ჰკითხეს, ხომ არ დავაკავოთო. პრეზიდენტმა იკითხა, მარტო ისვენებსო? არა, ოჯახითო. პუტინმა თქვა: თავი დაანებეთ, დაისვენოსო“.

პატარკაციშვილმა ბიზნესი 80-იანი წლების მიწურულს დაიწყო - გარდაქმნის ეპოქაში. ბადრი რუსეთში ავტომობილების წარმოების უმსხვილეს მწარმოებელ „ავტოვაზში“ თავის მეგობარს დაუკავშირდა, კავკასიაში ამ კომპანიის წარმომადგენლობა სთხოვა და მიიღო კიდეც, თუმცა ახლა აღიარებს, რომ მაშინ არაფერი გაეგებოდა ავტომობილების გაყიდვისა.

როცა კომუნისტურმა ეკონომიკამ დაშლა დაიწყო, მოსკოვიდან ბადრის პოლიტბიუროს წევრებიც კი ურეკავდნენ, რომლებსაც ძალზე სჭირდებოდათ საკუთარი ავტომობილებისთვის სათადარიგო ნაწილები. ბადრი მათ დაკვეთას ასრულებდა, კარგი ურთიერთობაც დაამყარა მათთან, რომელიც 90-იან წლებამდე გაგრძელდა.

მაშინ გაიცნო 33 წლის მეცნიერი და მეწარმე ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ფულს ეძებდა ბიზნესის დასაწყებად. ბერეზოვსკი და მისი მეუღლე თბილისში ჩაფრინდნენ პატარკაციშვილთან. მათმა მეგობრობამ რუსეთიც შეცვალა და დასაბამი მისცა ნავთობის, ალუმინის, ავტომობილების წარმოების ლიდერ კომპანიებს. დღეს კი მათ მიერ ჩამოყალიბებულ კომპანიებს, პუტინის მოკავშირე ბიზნესმენები და პოლიტიკოსები დაპატრონებიან.

ბადრის, რომელსაც წელს 50 წელი უსრულდება, დიდი გავლენა აქვს რუსეთსა და საზღვარგარეთ. ის ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც საქართველოს საგარეო ურთიერთობების მოგვარებაში, ასევე, ქვეყნის შიგნით მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

უახლოესი ექვსი წლის მანძილზე, ბადრი 1 მლრდ დოლარის ჩადებას აპირებს უდიდესი პორტის მშენებლობაში. გარდა ამისა, იგი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა“, - წერდა 2005 წელს, ერთ-ერთი ქართული ბეჭდური გამოცემა.

ზოგადად, ბადრის, იგივე არკადი პატარკაციშვილს, დიდი გეგმები მხოლოდ ბიზნესში კი არა, პოლიტიკაშიც ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, იმთავითვე ყველამ იცოდა, რომ პარტია ახალი მემარჯვენეები, მან სწორედ იმიტომ შექმნა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაზე გავლენა მოეპოვებინა. ამასთან, კულაურული ინფორმაციით, ის ფულს სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც აბანდებდა. შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა „მოქაკვშირის“ ე.წ. ახალგაზრდულ, ესე იგი, სააკაშვილ-ჟვანიას ფრთასთან, თუმცა საბოლოოდ, როგორც შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ნათელჰყო, არკადის „ნაციონალებთან“ ანუ სააკაშვილის გუნდთან ურთიერთობა დაეძაბა და ჟვანიას მიეკედლა.

ისე, თუ დავაკვირდებით, ყოფილი პრემიერისა არ იყოს, პატარკაციშვილიც თებერვალში აღესრულა - 2008 წლის 12 თებერვალს, დილით, ქართული მედია ავრცელებს ცნობას, რომელშიც ნათქვამია:

„ლონდონში, საკუთარ სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ბიზნესმენი ბადრი ბატარკაციშვილი. წინასწარ გავრცელებული ცნობებით,

რაც თავად პატარკაციშვილის ახლობლებმაც დაადასტურეს, ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა ისე, რომ ექიმებმა მისთვის დახმარების გაწევა ვერ შეძლეს. უფრო მეტი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი“.

სხვათა შორის, თავიდანვე ითქვა, რომ პატარაკაციშვილი საკუთარი სიკვდილით არ მომკვდარა. ეს ეჭვი მისი გარდაცვალებისთანავე, ქართველმა პოლიტიკოსებმაც გაიზიარეს. ასე, მაგალითად, ქართული დასის ლიდერმა, ჯონდი ბაღათრიამ მედიას სიტყვა-სიტყვით უთხრა

„ეჭვი, რომ ბადრი პატარკაციშვილი თავისი სიკვდილით არ არის გარდაცვლილი, სავსებით ლეგიტიმურია“.

დღევანდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მაშინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრი გახლდათ, თქვა:

„დღეს ყველამ ვიცით, რომ გულით არავინ აღარ კვდება, მეტადრე, განვითარებულ ქვეყნებში და მეტადრე, ლონდონში, სადაც ძალიან ადვილია გადაარჩინო ადამიანი“.

მოკლეს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი? - ამ თემაზე ეჭვი, მისი გარდაცვალებიდან 13 წლის მერეც არსებობს. იმის არგუმენტები კი, რომ ეს ბუნებრვი სიკვდილი არ ყოფილა, საკმარისზე მეტია და აი, რატომ:

დავიწყოთ იმით, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციებზე, პატარკაციშვილი ღიად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ ბრძოლას იწყებდა:

„დღეს სპეციალურად ჩამოვედი იმისათვის, რომ მეთქვა მადლობა ღმერთისთვის ამ ადგილიდან, რომ მან მომცა მე უფლება, ძნელბედობის ჟამს, ჩემი ხალხის გვერდით ვიდგე. ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ დაამტკიცა, რომ ის არის ბრძენი ხალხი. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ყველა, ვინც აქ ვართ, შეწუხებული ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება.

ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი სიბრძნე და კიდევ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე და იმ პოლიტიკური გზით, რომელიც დიდი ხანია დავგეგმეთ, მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლებაა.

დღეს, ყველაზე ნაკლებად, ქვეყანას სჭირდება ბელადები. ჩვენ რამოდენიმე წელიწადში ერთხელ გვეძლევა საშუალება, გამოვხატოთ ჩვენი აზრი და ჩვენ გვინდა ეს აზრი გამოვხატოთ კონსტიტუციურად, ამიტომ ჩემი მოთხოვნა უერთდება იმ მოთხოვნას, რომელიც კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ნამდვილად არ ვარ ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მიტინგებში მონაწილეობის მიღების, მაგრამ ჩემი დღევანდელი აქ მოსვლა გამოიწვია იმან, რომ თქვენთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა: ხალხო, თუკი ბადრი პატარკაციშვილს აქვს რაიმე ამბიცია, ეს არის ამბიცია, იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ქართველი, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურად გაბრწყინებულ, აღორძინებულ, გაერთიანებულ საქართველოს ააშენებს.

არ არის იმაზე დიდი თანამდებობა, ვიდრე თანამდებობა, იყო რიგითი ჯარისკაცი შენი ქვეყნის მოსახლეობას შორის. მე არ მჭირდება არავითარი თანამდებობა ამ ქვეყანაში. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ გვეყოფა სიბრძნე იმისთვის, რათა პოლიტიკურად მოვაგვაროთ ყოველგვარი პრობლემა. საქართველოს გაბრწყინდება“.

ამ საჯარო განცხადების შემდეგ, პატარკაციშვილი ქვეყნის გაბრწყინებისთვის ბრძოლაში ღიად ერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის იანვრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, კანდიდატის სახით იღებს, თუმცა აღმოჩნდება, რომ ყოფილი თანამოაზრეები ღალატობენ. აი, მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც მანამდე ბადრის გარემოცვად ითვლებოდა, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირდება. მაშინვე ჩნდება ეჭვი, რომ ეს ნაბიჯი საკაშვილის გარემოცვასთან შეთანხმებით გადაიდგა. მერე, წლები რომ გავა, „უცნობი“ დაადასტურებს, რომ დიახ, მის ოჯახს სააკაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდა.

ერთი სიტყვით, ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც პუტინის კლანჭებს გადაურჩა, ქართულ პოლიტინტრიგებში მარცხდება და ქვეყნიდან მიდის. ის, ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ ლონდონში არაფერი დაემუქრებოდა, მაგრამ... სწორდ ნისლიან ალბიონზე აღესრულა, თანაც სრულიად ჯანმრთელი და საღსალამათი.

 ვის აწყობდა პატარკაციშვილის სიკვდილი? - ამაზე მარჩიელობა არ ღირს, თუმცა ფაქტია: ის ცდილობდა, რომ მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება შეექმნა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას დაამხობდა. სხვათა შორის, ამის შესახებ მისი გარემოცვის წევრებმა საუბარი, ტრაგიკული 12 თებერვლის შემდეგ, ღიად დაიწყეს. თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ, რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ პატარკაციშვილის გეგმების შესახებ იქ გაიგეს, სადაც არ უნდა გაეგოთ და... მოხდა ის, რაც მოხდა.

ისე, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი ახალ ხელისუფლებასთან კომუნიკაციას დაამყარებდა, რადგან იმთავითვე დადიოდა ხმა, რომ პატარკაციშვილსა და „ოცნების“ დამფუძნებელს ნელ-თბილი ურთერთობა ჰქონდათ, თუმცა ბადრის „იმედი“, დღეს, დაუფარავად პროსახელისუფლებო ტელევიზიაა. ჩვენში დარჩეს და, ისიც უცნაურია, რომ „იმედი“ იყიდება ანუ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი ტელევიზიაზე უარს ამბობს. რა არის ამის მიზეზი? - ეს პატარკაციშვილის ქეისში, კიდევ ერთი რიტორიკული კითხვაა.

საერთოდ, პატარკაციშვილის გარშემო უამრავი კითხვაა, რომელზეც პასუხი ჩვენ, რიგით მოკვდავებს არ გვაქვს და ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ... შესაბამისად, არ ვიცით, რა შეიცვლებოდა ქართულ პოლიტიკაში, პირველი ქართველი ბიზნესმენი ცოცხალი რომ იყოს...   

 

 ნინო დოლიძე