„შეიძლება, ჰააგის პროკურატურამ მესამე ქვეყანას დაავალოს ძებნილების დასაკავებლად სპეცოპერაციის ჩატარება“- პაატა დავითაია აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ავტორი: თათია გოჩაძე

 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ მაღალჩინოსნების მიმართ ძებნა გამოაცხადა.

ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დააკმაყოფილა 2022 წლის 10 მარტის შუამდგომლობითი მიმართვა, გაეცათ ომის დამნაშავეების დაკავების ორდერი.

ამ გადაწყვეტილებას საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოეხმაურა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაკავების განჩინებები გაეგზავნება ყველა რელევანტურ სახელმწიფოს, რათა უზრუნველყონ ამ პირების დაკავება  და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენა.

ძებნა გამოცხადდა შემდეგ პირებზე:

  1. მიხაილ მაირამის ძე მინძაევი, რუსეთის მოქალაქე, დაბადებული 1955 წლის 28 სექტემბერს ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთში; რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი მაღალი თანამდებობის პოლიციელი, 2005 წლიდან 2008 წლის 31 ოქტომბრამდე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი – ბრალად ედება 2008 წლის 8-27 აგვისტოში ჩადენილი ომის დანაშაულები, კერძოდ, უკანონო დაპატიმრება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.

 

  1. გამლეტ გუჩმაზოვი, რუსეთისა და სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1976 წლის 9 ივლისს, ცხინვალის რეგიონში; ციხის იზოლატორის უფროსი 2008 წლის ომის დროს – ბრალდებულია 2008 წლის 8-27 აგვისტოს შუალედში ჩადენილ ომის დანაშაულებში: უკანონო დაკავებაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, პიროვნული ღირსების შელახვაში, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.

 

  1. დავით გიორგის ძე სანაკოევი, დაბადებული 1976 წლის 14 დეკემბერს ცხინვალში; ე.წ. ომბუდსმენი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს – ბრალდებულია ომის დანაშაულებში, კერძოდ, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.

საქართველოს პროკურატურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა აღნიშნული ქმედება წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს.

პროკურატურის განმარტებით, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში. მათი თქმით, პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია.

„ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.” – აღნიშნულია განცხადებაში.

„ვერსია“ აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ წერდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჰააგის სასამართლოს პროკურატურამ ხსენებულ 3 პირზე დაკავების ორდერის გაცემისთვის მიმართა. ახლა კი „ევროპული დემოკრატების“ ლიდერს, პაატა დავითაიას უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესაფასებლად ვესაუბრეთ:

სტატიის დასაწყისში აღსანიშნია, რომ პაატა დავითაია იმ დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი გახლდათ, რომელმაც ჰააგის სასამართლოს მიაწოდა მტკიცებულებები მინძაევისა და სხვა პირების დანაშაულების შესახებ, რაც გახდა საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილებისა აღნიშნული პირების მიმართ ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით...

„იცით, რომ დაახლოებით 2 თვის წინ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ პროკურატურამ მიმართა ამ ადამიანებზე დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებული მოთხოვნით. პროცედურების გავლის შემდეგ სასამართლომ დაადასტურა ეს ორდერი და უკვე ეს ადამიანები ოფიციალურად იძებნებიან მთელ საერთაშორისო სამართლებრივ სისტემაში, გარდა რუსეთისა. მესამე ქვეყნებში, სადაც არ უნდა ამოყონ თავი, ყველა სახელმწიფო ვალდებულია, გადასცეს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურას“.

დავითაიას თქმით, ეს გადაწყვეტილება  იმ პროცესის ნაწილია, რაც ჰააგის პროკურატურამ დაიწყო დანაშაულის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე ცხინვალის რეგიონში:

 „ეს ცხადყოფს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დასტური, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სერიოზული აგრესია. მინდა, ხაზი გავუსვა მინძაევზე გაცემულ დაკავების ორდერს - ეს მოხდა იმ მტკიცებულების საფუძველზე, რაც იმ დროებითმა საპარლამენტო კომისიამ მოიპოვა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ამ მტკიცებულებაში მინძაევი იძლევა ბრძანებას ქართული სოფლის განადგურებაზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეამაყება, რომ მტკიცებულება, რომელიც მე მოვიპოვე, საფუძველი გახდა ამ გადაწყვეტილებისა“. აცხადებს დავითაია და დასძენს, რომ პროცესი გაგრძელდება:

 „ცალსახაა, მხოლოდ მინძაევი ხომ არ იყო იმ ყველაფრის ხელმძღვანელი, რაც ომის დროს ხდებოდა? - ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ აქ სხვა პრობლემაა, რაზეც გული მწყდება... საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ არ ხდება ამ ადამიანებზე სანქციების გაცემა და კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, თუ როგორ მიდიოდა დანაშაული საქართველოს წინააღმდეგ. შემდგომი ყველაზე რთული პროცედურა იცით, რა არის? სანამ მინძაევს არ დააკავებენ, იქამდე ეს საქმე შეიძლება, გაჩერდეს იმიტომ, რომ მინძაევის ჩვენებაზეა დამოკიდებული ბევრი რამ. ყველას გვახსოვს მილოშევიჩის პროცესი, რომელიც წლობით გრძელდებოდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მხოლოდ მინძაევს კი არა, თუნდაც გაგლოევზე, რომელიც აპირებს ცხინვალის რეგიონის რუსეთზე მიერთებას, იგივე ინალ არძინბაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, ეს გაამაგრებდა ამ პოზიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი პოზიცია საქართველოს არ აქვს.

საინტერესო ისაა, რომ მინძაევზე და ამ ადამიანებზე ხდება საერთაშორისო სანქციების გაცემა და ამდენი წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან არც ერთი მათგანი ძებნილი არ იყო. მართალია, საქართველოს მხარემ ჰააგის სასამართლოს გადასცა მტკიცებულებები, მაგრამ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები საქართველოს კონსტიტუციურ მრღვეველებზე - გაგლოევზე არძინბასა და სხვებზე შესაბამის გადაწყვეტილებას არ იღებს“.

დავითაია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ხორციელდება რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუმცა დატოვებენ თუ არა ძებნილი ადამიანები აღნიშნულ საზღვრებს, მათ ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში დააკავებენ:

„მხოლოდ ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი არა, შეიძლება ჰააგის პროკურატურამ მესამე ქვეყანას დაავალოს მათი დაკავება და შეიძლება სპეცოპერაციის ჩატარებაც... ამ სამიდან ერთ-ერთს თუ მაინც დააკავებენ, მათი ჩვენება გახდება საფუძველი იმისა, რომ სხვა ადამიანი გახდეს სანქცირებული, საუბარი უფრო მაღალი რანგის ფიგურებზეა“.

პაატა დავითაიას ვკითხეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ახლა, როდესაც საქართველოს დასავლეთისკენ, ევროკავშირისკენ სვლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, რადგან ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული დანაშაული...

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია, რაც იმედია, საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს, რადგან ის შიდა დაპირისპირება, რაც ქვეყანაში არის, აზიანებს ქვეყნის სახელმწიფო ინტერესს და ჩვენს სვლას ევროკავშირისკენ. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი გაჩერდება...“