რა იყო 2021 წელს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - მიშას დაბრუნება, ჯგუფური შიმშილობა და „სანტა ბარბარასავით“ გაწელილი კორონას ტალღები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2021-დან 2022-სკენ

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ახალი წელი კარს რომ მოგვადგება ხოლმე, ექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, როგორც წესი, განვლილ 12 თვეს აფასებენ და ყველაზე მნიშნელოვან მოვლენებს გამოყოფენ. ამ მხრივ გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც 2021-ია და, ტრადიციულად, განვლილს ვაჯამებთ. რა იყო ყველაზე მნიშნელოვანი 2021 წელს? - ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია ანუ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ყოფილი მესამე პრეზიდენტი საქართველოში, როგორც იტყვიან, კონტრაბანდულად შემოვიდა, ესე იგი, ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი მალულად გადმოლახა, თან ეს ადგილობრივი არჩევნების წინ მოხდა. რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი? - ეს კითხვაც ბევრჯერ დასმულა, თუმცა ვინაიდან გასულ წელს ვაჯამებთ, მოდით, ყველაფერს თვალი ერთხელ კიდევ გადავავლოთ.

 ზოგადად, მას შემდეგ, რაც სამშობლო დატოვა და საქართველოს მოქალაქეობაზეც უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ბევრჯერ დაიქადნა, აი, დავბრუნდები და „ოცნებას“ დავასრულებო, მაგრამ ყველა დაპირება დაპირებად დარჩა. ახლა კი, ვერ ვიტყვით, რომ მოულოდნელად, მაგრამ მაინც გამოგვეცხადა. ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, სააკაშვილის დაბრუნების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მიხვდა, თუ წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებში „ნაცმოძრაობა“ ისევ დამარცხდებოდა, მაშინ მის პარტიას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აღარასოდეს მიეცემოდა. მისი ჩამოსვლით კი, ერთგვარად, საპორტესტო მუხტს ასწევდა.

ამ მსჯელობაში ლოგიკა არის, მით უმეტეს, რომ არსებობს ცნობა, რომლის თანახმადაც, გარემოცვის ნაწილი ექსპრეზიდენტს, თურმე, არწმუნებდა, როგორც კი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქუჩაში გამოვა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეო, თუმცა ეს რომ ირაციონალური აზრი იყო, მიშა იმთავითვე უნდა მიმხვდარიყო, მაგრამ ვერ თუ არ მიხვდა და ის ნაბიჯი გადადგა, რომელიც გადადგა.

დაგეგმილი ჰქონდა თუ არა სააკაშვილს შიმშილობა საქართველოში დაბრუნებამდე? - ეს ზუსტად არავინ იცის, თუმცა შევთანხმდეთ, რომ ამ შემთხვევაში, შიმშილობა პოლიტიკური აქტი იყო, რომლითაც ყოფილმა პრეზიდენტმა დღის წესრიგის შექმნა სცადა და, პრაქტიკულად, გამოუვიდა ანუ პირველი ოქტომბრის შემდეგ (სწორედ ამ დღეს დაიჭირეს), მთელი ე.წ. ოპოზიციური მედია ახალ ამბებს მიშას თემით იწყებს და ამთავრებს.

მართალია, ქვეყანაში სხვა მნიშნელოვანი მოვლენებიც ხდება, მაგრამ ეს ჩვენებურ მედიას, ექსპერტებსა თუ პოლიტიკოსებს არ აინტერესებთ და ყურადღებას არც იმას აქცევენ, რომ უკრაინა-რუსეთის ურთერთობა წკიპზე ჰკიდია და თუ იქ რამე ცუდი მოხდა, ეს ავტომატურად ჩვენზეც აისახება, მაგრამ რა დროს ეს არის, როცა გლდანის ციხიდან გორის ჰოსპიტალში პოსტშიმშილობის რეაბილიტაციისთვის გადაყვანილი მიშა დღის წესრიგს ადგენს და ხან მეორე ექსპრეზიდენტ მარგველაშვილს ხვდება, ხან - თანამოაზრეებს და ხან კიდევ - ვის.

ისე, ამ კუთხით სააკაშვილი, მართლაც, პრივილეგირებული პატიმარია და მხოლოდ იმაზე წუწუნებს, რომ გორის ჰოსპიტალის პალატა, სადაც იმყოფება, საკნად არის გადაკეთებული. არადა, ამაში ალოგიკური არაფერია, რადგან ექსპრეზიდენტი მარტო ბრალდებული კი არა, მსჯავრდებულიცაა - საზღვრის უკანონო კვეთისთვის ჯერ სასჯელი არ შეფარდებია, მაგრამ სხვა საქმეებზე, საერთო ჯამში, 6 წელი აქვს მისჯილი და ამიტომაც არის იქ, სადაც არის.

სხვათა შორის, მთელ ამ ამბავში, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთი კითხვაა - რატომ დაიწყო დაჭერის შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა?

შეგიძლიათ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ და რომელიმე, ყველაზე დაბალი გავლენის „ნაცს“ ეს კითხვა დაუსვათ. რა მოხდება? - იმ წამსვე, „ქოცად“ გამოგაცხადებთ და გეტყვით, რომ არაემპათიური ხართ.

შეიძლება, ემპათია მართლა არ გაქვთ, მაგრამ თავად „ნაცებიც“ კი, პირად საუბარში, გაოცებულნი არიან, ჩვენც ვერ გავიგეთ, მიშა რას აპროტესტებდა, ეს 6-წლიანი სასჯელი ახლა ხომ არ შეუფარდეს და თუ გასაპროტესტებელი იყო, ამდენი წელი ხმას რატომ არ იღებდაო?

ასეა თუ ისე, მიშამ 50-დღე იშიმშილა, ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. სამაგიეროდ, ენმ-ს ცენტრალურ ოფისში მისი ფანები ჯგუფურად შიმშილობენ. ზოგადად, საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ორი ასეული ადამიანი ერთდროულად შიმშილობს, რაც ბუნებრივია, პოლიტიკური აქტია ანუ ენმ ცდილობს, მსოფლიოს დაუმტკიცოს, აი, ნახეთ, ჩვენს ქვეყანაში როგორი უსამართლობაა, ამდენი ასეული ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, ხელისუფლება კი წინ ნაბიჯსაც კი არ დგამსო.

ჩვენში დარჩეს და, ამ ჯგუფურ შიმშილობაზე ოპოზიციის სხვა ფრთებში იღიმიან, თუმცა ხმამაღლა არავინ არფერს ამბობს, რადგან არავის უნდა, მიშასთან ურთერთობა გაიფუჭოს.

ერთი სიტყვით, ოპოზიცია, უფრო სწორად, ენმ, პანდემიის მიუხედავად, ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ქვეყანაში რევოლუციური ვითარება შექმნას, მაგრამ ახლა 2003 კი არა, 2021 წელია (ჯერ კიდევ) და შესაბამისად, თვალნათლივ ჩანს, რომ ხალხს რევოლუცია კი არა, ევოლუცია უნდა.

ისე, პანდემია რომ არ ყოფილიყო, პოლიტიკური პროცესები, შესაძლოა, სხვანაირადაც განვითარებულიყო. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოს მსგავსად, პანდემიიურ კალაპოტზე საქართველოც გადაეწყო. ამასობაში, „ომიკრონიც“ წამოგვეწია და უკვე აღარც კი ვიცით, ეს „ომიკრონი“ „სანტა ბარბარასავით“ გაწელილი კოვიდპანდემიის მერამდენე ტალღაა.

საერთოდ, პანდემიის დაწყებისთანავე, ყველა მიხვდა, რომ დედამიწაზე ახალი ერა დაიწყო, ერა, რომელსაც მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება მოჰყვება. სხვათა შორის, ამ თემაზე ანალიტიკოსები ბევრს საუბრობენ და ამბობენ, რომ პოსტპანდემიური მსოფლიო პანდემიამდელი მსოფლიოსგან რადიკალურად განსხვავებული იქნება ანუ მარტო პოლიტიკაში კი არა, ეკონომიკაშიც და იგივე, ადამიანურ ურთიერთობებშიც ბევრი რამ გადაფასდება. ეს გადაფასებები კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეც შეგვეხება და ყველაფერს სხვა თვალით შევხედავთ.

აი, მაგალითად, თუ მომავალში 20-21 ივლისის მოვლენები, ღმერთმა არ ქნას და, კიდევ მოხდა, მხოლოდ საზოგადოების ნაწილი კი არა, არამედ, მთელი საზოგადოება ერთად დაგმობს.

ახლა, ვინც რა უნდა თქვას, 20-21 ივლისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია. გასაგებია, რომ ზოგს ფერადი ახალგაზრდობა არ მოსწონს და თვალი ჩრდილოეთისკენ უჭირავს, მაგრამ ჯერ ერთი, ჩრდილოეთი ხსნა არ არის, მეორე და მთავარი: 21-ე საუკუნეში, ვინმეს გემოვნების რევიზია, უბრალოდ, სასაცილოა. დიახ, ადამიანი ისეთი უნდა იყოს, როგორიც უნდა, თუმცა ამ სურვილით სხვას ზიანი არ უნდა მიაყენოს, რადგან ნებისმიერი ჩვენგანის თავისუფლება, უტრირებულად რომ ვთქვათ, იქ მთავრდება, სადაც სხვისი ცხვირი იწყება!

ზოგადადაც, ალბათ, მოვიდა, დრო, ყველამ თავის ცხვირს მიხედოს და სხვისი ცხვირის განსჯა-გაანალიზებას თავი დაანებოს!

მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი იყო 2021 წელი ანუ სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ამბებიც მოხდა. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელშიც „ოცნებამ“ უკვე მერამდენედ გაიმარჯვა. ამასთან, გამოჩნდა, რომ ქართული ოპოზიცია არცთუ თანმიმდევრულია, მაგრამ ყველაფერი ეს დეტალებია, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან.

და რაკი ეშმაკები დეტალებში სხედან, ესე იგი, მომავალ წელსაც ბევრ პოლიტიკურ სიურპრიზსა თუ მოულოდნელობას უნდა ველოდოთ.

ჰოდა, წლის შეჯამებაც ილიას უკვდავი სიტყვებით დავასრულოთ:

„რა გითხრათ, რით გაგახაროთ!“

კი ბატონო, შეიძლება, გახარებისთვის ბევრი საბაბი არ გვაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ კორონამ უმრავი ადამიანი შეიწირა, მაგრამ ხომ იცით, ახალი წელი ახალ სიცოცხლესა და იმედთან ასოცირდება.

ჰოდა, ძვირფასებო, გილოცავთ დადეგს, ხვავი, ბარაქა, უფლის წყალობა და, რაც მთავარია, ჯანმრთელობა არ მოგვკლებოდეს!