"ჩემი სამშობლოს პრეზიდენტმა საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეობაზე თქვა უარი და ის ვეღარ ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში"- ლევან ალაფიშვილის პოლიტიკური პროგნოზი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია გამართა. აქციას შეურთდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან პარტიის მხარდამჭერები, თუმცა პროტესტს სხვა ოპოზიციური პარტიები გაემიჯნენ. წინ კი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია და 30 ოქტომბერს გაირკვევა, რა არჩევანს გააკეთებს საქართველოს დიდი ქალაქების მოსახლეობა. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესაფასებლად "ვერსია" ანალიტიკოს ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მივიდა და იმ ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს, მოვლენების როგორ განვითარებას პროგნოზირებთ?

_ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თუ ვინმეს ეპარებოდა ეჭვი, რომ "ქართულ ოცნებას" ან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დრამატულად შეუმცირდა მხარდამჭერი, ამ ყველაფერს გაეცა პასუხი და დადასტურდა, რომ ორივე ძალას ჰყავს საკმაოდ დიდი რაოდენობის, ასეულათასობით მხარდამჭერი. ნახევარი მილიონის მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გაერთიანება რომ შეძლებს მისი ელექტორატის მობილიზებას, ამაშიც არავის უნდა შეეპაროს ეჭვი. ფაქტია, რომ აქვს ამ პოლიტიკურ ძალებს მხარდაჭერა და ქუჩაში აქციებს შეძლებენ, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია - რატომღაც პოლიტიკური მოთამაშეები გადასული არიან არა საგნობრივ საკითხზებზე, არამედ მარტივ არითმეტიკაზე, რომელს უფრო მეტი უჭერს მხარს და რომელი უფრო მეტს გამოიყვანს ქუჩაში. 30 წელია, საქართველოში ასე კეთდება პოლიტიკა და ეს უნდა დასრულდეს. რაც შეეხება მოლოდინებს, ბუნებრივია, ამას ექნება გაგრძელება და შედეგი, მითუმეტეს, როცა მმართველი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ინარჩუნებს 2020 წლის შემდეგ გაფორმებულ ლეგიტიმაციას და თვითმმართველობის საბოლოო შედეგები რომ გამოცხადდება, ამის შემდეგ უნდა ველოდოთ ქცევის ცვლილებებს, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ასევე ოპოზიციურ ფლანგზე არამხოლოდ ენმ-ის, არამედ წვრილი ან ახალი პოლიტიკური ძალების მხრიდან. ბუნებრივია, ვისურვებდი, რომ არამხოლოდ პოლიტიკური აქტორები იყვნენ პროცესების განმსაზღვრელი, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც, რადგან პარტიები მოქალაქეების გარეშე, არ არსებობენ და ამიტომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მხოლოდ ასეთი კონსოლიდაციითაა შესაძლებელი სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტა.

_ არსებულ პოლიტიკურ პროცესში პატარა პარტიები "ოცნებისა" და ენმ-ის დაპირისპირებაში, თითქოს, ისევ ჩაიკარგნენ... არც ამ აქციაში მიიღეს მონაწილეობა და როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის პატარა პარტიებს და რა როლი აქვთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში?

_ დიდი ხანია, ჩვენი პარტიული სისტემა არის "რეანიმაციაში" და საჭიროებს გადაუდებელ "მკურნალობას", ჯერ კიდევ კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის დროს ვსაუბრობდი ამაზე. პარტიული სისტემა თუ არ გაჯანსაღდა, გვექნება ასეთი პოლიტიკური მოცემულობა. პარტიული დემოკრატია, პოლიტიკური ფინანსების გაუმჯობესება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა - ეს ყველაფერი ჩვენთან ხომ უცხოა? ბოლო არჩევნებშიც პარტიებში ბოლოდე არ იცოდნენ, ვინ ჰყავდათ კანდიდატები. როცა სისტემურად გაჯანსაღდება, მოქალაქეთა აქტიურობაც გაიზრდება პარტიულ ცხოვრებაში და ეს განაპირობებს ახალი, მძლავრი პარტიების გაჩენას. არსებული სისტემის შენარჩუნების შემთხვევაში კი იქნება ორი მძლავრი, დაპირისპირებული პოლუსი და თითოეული მათგანი იქნება დაინტერესებული არსებული მოცემულობის შენარჩუნებაზე და არა შეცვლაზე, რათა პერიოდულად ერთმანეთი ჩაანაცვლონ.

_ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს როგორ აფასებთ არსებულ პოლიტიკურ პროცესებში?

_ სააკაშვილთან დაკავშირებით საჯაროდაც მაქვს ნათქვამი და გავიმეორებ - ჩემი სამშობლოს პრეზიდენტმა საკუთარი სახელმწიფოს მოქალაქეობაზე თქვა უარი და შეუდგა უცხო ქვეყნის სამსახურს. ჩემთვის ეს უხერხული და მტკივნეულია, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ის დღეს უკრაინის მოქალაქეა. ციხიდან რომც გამოვიდეს, პოლიტიკურ პროცესებში ვერ ჩაერთვება, პარტიის წევრი ვერ გახდება, არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო თუ მიიღებს, კანონს და კონსტიტუციას დაარღვევს. შესაბამისად, გადაჭარბებული მოლოდინები სააკაშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში ლეგალურად ჩართვასთან დაკავშირებით ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ცოტა გაუგებარია.

_ ისე, არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი ახალი ხომ არაა, ბატონო ლევან...

- კი, ეს მეორე უბედურებაა. ერთის მხრივ, ამბობდე, რომ არაფორმალური მმართველობაა და მეორეს მხრივ, უშვებდე, რომ კონსტიტუციის და კანონს მიღმა უცხო ქვეყნის მოქალაქე აქაურ პროცესებში არაფორმალურად იყოს ჩართული, ეს ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის კანონს მიღმა ქმედებები და პოლიტიკაში ჩართულობა მიუღებელია, დემოკრატიის ერთგული პოლიტიკოსებისთვისაც ასე უნდა იყოს.

_ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშორებით, რა მოლოდინი გაქვთ?

_ თუ დააკვირდით, პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მიშელის დოკუმენტის შემდეგ პარლამენტში სასწრაფოდ შევიდნენ, ვადამდელ არჩევნებზე უკვე აღარ საუბრობენ. ჩემთვის სამწუხარო ისაა, რომ პოლიტიკოსები არსებული პოლიტიკური მოცემულობის და პარტიული სისტემის გათვალისწინებით, მოწყვეტილი იყვნენ და არიან საკუთარ მხარდამჭერებს და ამომრჩევლებს. მიშელის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით ამნისტიის ნაწილში, ხომ იყო დამაზიანებელი ამ ოპოზიციური გაერთიანებისა იმიტომ, რომ არ ჰკითხეს საკუთარ მხარდამჭერებს. გამოაცხადეს, ამას მოვაწერეთ ხელიო და მერე ყველა ერთად იმართლებდა თავს. შესაბამისად, გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა დიდ იმედგაცრუებასა და ზიანს აყენებს და ეს ზიანი მიიღეს ამ პარტიებმა 1 წელიწადში. ამ თვალსაზრისით, ვადანდელ არჩევნებს შეგუებული არიან, როგორც ჩანს, დიდი ნაწილი პარლამენტში შესული პარტიებისა, მითუმეტეს, რომ მათ კისერზეა ამ მოლოდინის შექმნა, რადგან პლებისციტში გაცვალეს თვითმმართველობის არჩევნები, რაც ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. ისინი თავისსავე დაანონსებულ რეფერენდუმში დამარცხდნენ საკუთარი შეცდომების გამო. ასე რომ, სავარაუდოდ, ფიქრობენ საკუთარ პერსპექტივაზე, არც არიან ჩამოყალიბებული, რასაც ვატყობ, გარდა იმისა, რომ პარლამენტში დარჩებიან და ამით ისიამოვმებენ 2024 წლამდე. ნაციონალურ მოძრაობას რაც შეეხება, იმის მიხედვით მოიქცევიან, როგორ განვითარდება კონსტიტუციური ცვლილებები, გააქტიურებენ ან პირიქით, პასივში გადაიყვანენ ვადამდელი არჩევნების თემას.